თამარ ჩერგოლეიშვილი: გეგმა არის მშვიდობიანი პროტესტი, ერთმანეთს დავანახოთ, რამდენი ვართ, დაგვინახოს რეჟიმმაც, რომ ამ ორწლიანი რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, პროტესტი არსებობს
გეგმა არის მშვიდობიანი პროტესტი, ერთმანეთს დავანახოთ, რამდენი ვართ, დაგვინახოს რეჟიმმაც, რომ ამ ორწლიანი რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, პროტესტი არსებობს, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს დღეს, ოპოზიციის წარმომადგენლების აქცია-მსვლელობისას განუცხადა.
"28 ნოემბერია დღე, როდესაც რეჟიმმა რეალურად ღიად განაცხადა, რომ საქართველოს ისტორიული კურსი შეცვალა, აღარ აგრძელებს გზას, რომელიც წინაპრებიდან მოყოლებული ჩვენი მისიაა. ამ ყველაფერს გადაუხვია. მას შემდეგ, ორი წელია, წინააღმდეგობა გრძელდება. ხშირად ადამიანები, როცა ვიღლებით მარტო ჩვენ დაღლაზე ვფიქრობთ და არ ვიაზრებთ, რეალურად, როგორ გამოვფიტეთ რეჟიმი. ვხედავთ, რომ ორი წლის წინ ამ დღეს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ციხეებს არ ხეხავდნენ და დღეს 20-ზე მეტი ადამიანი, ან ციხეშია, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშაა, ან გაქცეულია... ასე რომ, გეგმა არის მშვიდობიანი პროტესტი, ერთმანეთს დავანახოთ, რამდენი ვართ, დაგვინახოს რეჟიმმაც, რომ ამ ორწლიანი რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, პროტესტი არსებობს, ის გაცილებით მეტად არის დაზიანებული, როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს. ჩვენ, ყველა, მთელი საზოგადოება პასუხს გავცემთ კითხვას, რას ნიშნავს საქართველო ივანიშვილის გარეშე", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
ოპოზიციის წარმომადგენლების ორგანიზებით დღეს თბილისში აქცია და მსვლელობა იმართება.
აქციის მონაწილეები რამდენიმე ადგილზე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ორბელიანის მოედანზე და მეტროსადგურ „ავლაბართან“ შეიკრიბნენ, საიდანაც თავისუფლების მოედნისკენ გაემართებიან.
აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, დღევანდელი შეკრება ეძღვნება „ორწლიან საპროტესტო აქციებს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ პრემიერ მინისტრის განცხადების შემდეგ დაიწყო“. აქციაში, ასევე, მონაწილეობენ არასამთვრობო სექტორის წარმომადგენლებიც.
