ირაკლი კობახიძე: დღეს ყველა აცნობიერებს, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ ითვალისწინებდა ერთადერთს, ე.წ. ენჯეოებს უნდა წარედგინათ დეკლარაცია, ამას მოაყოლეს სიცრუეზე აგებული კამპანია და რევოლუციის ორი მცდელობა
2024 წლის ბოლომდე, სამი წლის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის, ხელისუფლების გადატრიალების სამი მცდელობა და ამ სამიდან ორი იყო ძალადობრივი, ერთი იყო არაძალადობრივი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა იმ წინაპირობებსა და მოვლენებზე ისაუბრა, რომელიც წინ უძღოდა 2024 წელს გაკეთებულ განცხადებას.
„რაც შეეხება ორი წლის წინანდელ ჩვენს გადაწყვეტილებას და განცხადებას. პირველ რიგში, მე გავიხსენებდი კონტექსტს, წინაპირობებს და იმ მოვლენებს, რომლებიც წინ უძღოდა ამ განცხადების გაკეთებას. მინდა შეგახსენოთ, რომ 2024 წლის ბოლომდე, 3 წლის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის, ხელისუფლების გადატრიალების სამი მცდელობა და ამ სამიდან ორი იყოძალადობრივი, ერთი იყო არაძალადობრივი. 2022 წლის ივნისში, როდესაც ჩვენ ევროკომისიამ და ევროკავშირმა ზოგადად არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, ამით სცადეს ესარგებლათ იქიდანვე დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“ და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა. ეს ხდებოდა 2022 წლის ივნისში და მათ მოითხოვეს უფრო მეტიც, მათივე მონაწილეობით ახალი მთავრობის ფორმირება – მათ უნდა ჰქონოდათ ვეტოს უფლება მინისტრების დანიშვნაზეც კი, რაც იყო ცალსახად არჩევნების გარეშე ხელისუფლების შეცვლის მცდელობა, ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა.
ამის შემდეგ ორჯერ გვქონდა კიდევ რევოლუციის მცდელობები, ორივე ძალადობრივი და ორივე უკავშირდებოდა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. დღეს უკვე ყველა აცნობიერებს, რომ ამ კანონს არაფერი საერთო არ ჰქონდა არც რუსულთან, არც ზოგადად სამართლებრივი სტანდარტების დარღვევასთან. ერთადერთ რამეს ითვალისწინებდა ეს კანონი: წელიწადში ერთხელ ე.წ. NGO-ებს, ანუ უცხოურ სამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოქმედებდნენ საქართველოში, უნდა წარედგინათ ყოველწლიური დეკლარაციები იუსტიციის სამინისტროში. მეტი არაფერი და მხოლოდ ადმინისტრაციული ფინანსური სანქციები იყო გათვალისწინებული ამ ვალდებულების დარღვევისთვის. ამას მოაყოლეს სრულიად სამარცხვინო კამპანია, სიცრუეზე აგებული კამპანია და ამას მოაყოლეს რევოლუციის ორი ძალადობრივი მცდელობა. ამის შემდეგ ჩატარდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, სადაც მმართველმა პარტიამ მიიღო 1 120 000-ზე მეტი ხმა და ამას მოჰყვა პრაქტიკულად რევოლუციის კიდევ ერთი მცდელობა“, – განაცხადა პრემიერმა.
