ვაკეში მუნის შემთხვევები გამოვლინდა
თბილისში ვაკეში მდებარე საჯარო სკოლაში მუნის შემთხვევები გამოვლინდა – ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ 55-ე სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა, თუმცა სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
„ორშაბათს დავასუფთავეთ სველი წესით – კონტრაქტორი გვყავს, რომელიც გვაწვდის ქლორს… გავიარეთ კონსულტაციები სპეციალისტებთან და გვითხრეს, რომ ასეთი სამუშაოები სასურველია, თუმცა არ არის სავალდებულო… მათივე თქმით, არ არსებობს საფუძველი სასწავლო პროცესის შეჩერების“ – უთხრა რადიო თავისუფლებას 55-ე საჯარო სკოლის დირექტორმა მაია აბრამიშვილმა.
მისი ცნობით, მუნი დაუდასტურდა სამ ბავშვს. დირექტორი ამბობს, რომ ეს სამივე ბავშვი სხვადასხვა კლასში სწავლობენ და მათ ერთმანეთთან კვეთა არ აქვთ.
