სკანდალი ამსტერდამის აეროპორტში - მგზავრს $10 000-ად შეფასებული, მსოფლიოს ყველაზე იშვიათი კუები ბარგით კონტრაბანდულად გადაჰყავდა
ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში მგზავრის ბარგის ჩხრეკისას ნიდერლანდების საბაჟო სამსახურმა 26 ცალი უიშვიათესი სახეობის კუ აღმოაჩინა და ამოიღო. დაკავებულია მამაკაცი, რომელიც მექსიკიდან ჰონგ-კონგში ამსტერდამის გავლით მიფრინავდა.
ამოღებული Vallarta-ს ტალახის კუები მსოფლიოში ყველაზე პატარა მტკნარი წყლის კუებად ითვლებიან, რომელთა მაქსიმალური სიგრძე დაახლოებით 10 სანტიმეტრს შეადგენს.
კონტრაბანდისტებს კუები წებოვანი ლენტით ჰყავდათ შეფუთული, რათა გადაადგილება ვერ შეძლებოდათ. ნიდერლანდების სურსათისა და მომხმარებელთა პროდუქტების უსაფრთხოების ორგანოს (NVWA) ცნობით, კუების უმეტესობა სათამაშო მანქანის ყუთში იპოვეს, ხოლო დანარჩენები ჩემოდანში მოთავსებულ შეკრულ წინდაში იმალებოდა.
სავარაუდოდ, ქვეწარმავლები მექსიკაში ბუნებრივი გარემოდან უკანონოდ იყვნენ დაჭერილები.
დაკავებული მამაკაცი პატიმრობაში რჩება და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. ამოღებული კუები ამჟამად სპეციალიზებულ თავშესაფარში იმყოფებიან, სადაც მათ შესაბამისი მოვლა-პატრონობა უტარდებათ.
აღნიშნული სახეობა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში კრიტიკული საფრთხის ქვეშ მყოფად არის შეყვანილი. გარემოსდაცვითი გამოცემა Mongabay-ს ცნობით, აზიის შავ ბაზარზე თითო ასეთი კუს ფასი 10 000 აშშ დოლარს ($7 500 ფუნტ სტერლინგს) ან მეტს აღწევს.