"კიბო ყველაფერს ცვლის - უნდა აღიარო, რომ ცხოვრება უსასრულო არ არის“ - ქეით მიდლტონი ახალ დოკუმენტურ ფილმში კიბოსთან ბრძოლის გამოცდილებაზე საუბრობს
უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი ცხოვრებაში განვლილ ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს ახალ დოკუმენტურ ფილმში იხსენებს. ფილმში სახელწოდებით Heal ის კიბოს დიაგნოზის მიღებას, მკურნალობის პერიოდს, შიშსა და გაურკვევლობას გულწრფელად აღწერს. BBC-ის სამეფო კორესპონდენტის, შონ კოფლანის შეფასებით, ეს ქეითის ყველაზე პირადი და ემოციური გამოჩენაა დოკუმენტურ ფორმატში.
"კიბო ცვლის ადამიანს. ის ცვლის შენს სხეულს, ფიზიკურადაც. მკურნალობა, ოპერაციები და ბევრი სხვა რამის გავლა გიწევს. თუმცა არსებობს გაცილებით ღრმა ცვლილებაც, რომელსაც კიბოს დიაგნოზი იწვევს. როდესაც საკუთარ მოწყვლადობას უპირისპირდები და აცნობიერებ, რომ შეიძლება სიცოცხლე დასრულდეს, უნდა მიიღო ის ფაქტი, რომ ცხოვრება უსასრულო არ არის. ასეთ მომენტებში ადამიანი იცვლება“, - ამბობს ქეითი ფილმში.
მისი თქმით, დოკუმენტური ფილმის მიზანია, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს ადამიანებს, რომლებიც მსგავს სირთულეებს გადიან, და აჩვენოს, რამდენად მნიშვნელოვანია თანადგომა.
შვილების ემოციური გზავნილები და ოჯახური კადრები
ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ეპიზოდი ქეითის შვილებს - ჯორჯს, შარლოტასა და ლუისს უკავშირდება. ისინი დედას მთის მწვერვალზე ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიან და სიყვარულს გამოხატავენ. მოგვიანებით ოჯახი ერთმანეთს ხვდება, კადრებში კი უილიამიც ჩანს. ჩახუტებისა და კოცნის დროს ემოციებს ვერც ოჯახის წევრები მალავენ.
დოკუმენტური ფილმი ქეითის"„სამი მწვერვალის გამოწვევას“ (Three Peaks Challenge) მიჰყვება. მან ერთ დღეში ინგლისის, უელსისა და შოტლანდიის უმაღლესი მწვერვალები დალაშქრა. გადაღებებში ჩანს გზადაგზა მისი მოგზაურობა, სხვა მთამსვლელებთან შეხვედრები და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა.

მთებზე ასვლა ფილმში სიმბოლურ დატვირთვასაც იძენს - ის იმ სირთულეებს, გამძლეობასა და ადამიანების მხარდაჭერას განასახიერებს, რომლებიც ქეითმა მკურნალობის პერიოდში გამოსცადა.
ქეითი კიბოს ტიპსა და მკურნალობის დეტალებს არ ამხელს
მიუხედავად პირადი გამოცდილების გულწრფელი გაზიარებისა, ფილმში არ სახელდება, კიბოს რომელ ფორმას ებრძოდა პრინცესა და არც მკურნალობის კონკრეტული დეტალებია გამჟღავნებული.
სამეფო ოჯახის შესახებ წიგნების ავტორი და კომენტატორი ვალენტინ ლოუ აღნიშნავს, რომ წინა თაობის სამეფო ოჯახი, სავარაუდოდ, მსგავს ფილმს არ გადაიღებდა. მისი შეფასებით, წარსულში სამეფო ოჯახის წევრები გაცილებით ნაკლებად საუბრობდნენ ავადმყოფობასა და პირად საკითხებზე.
ლონდონის უნივერსიტეტის, Royal Holloway-ს პროფესორი და სამეფო ოჯახის კომენტატორი პოლინ მაკლარანი კი მიიჩნევს, რომ ფილმის ემოციური გულწრფელობა მას მაყურებლისთვის განსაკუთრებულად ახლობელს გახდის.
ფილმის შემოსავალი კიბოს საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცემა
ქეით მიდლტონმა ფილმის დახურულ ჩვენებაზე განაცხადა, რომ მისი სურვილია, ამ გზით მხარდაჭერა გამოუცხადოს ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მსგავსი პრობლემები აქვთ. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ სამედიცინო პერსონალისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების მნიშვნელობას, რომლებიც პაციენტებსა და მათ ოჯახებს ეხმარებიან.
ფილმიდან მიღებული შემოსავალი, ისევე როგორც ქეითის მთამსვლელური გამოწვევის ფარგლებში შეგროვებული თანხა, Royal Marsden Cancer Charity-ს გადაერიცხება. ეს ის საავადმყოფოა, სადაც პრინცესა მკურნალობდა.
Cancer Research UK-ის აღმასრულებელი დირექტორის, მიშელ მიტჩელის შეფასებით, ქეითის გულწრფელობა ბევრ ადამიანს დაეხმარება, თავი მარტო არ იგრძნოს და კიბოს შესახებ ოჯახებსა და საზოგადოებაში უფრო ღიად ისაუბრონ.
თავად ქეითი ამბობს, რომ გამოცდილებამ კეთილდღეობის უფრო ფართო გააზრებისკენ უბიძგა: "კეთილდღეობა მხოლოდ ავადმყოფობისგან განკურნებას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია, ცხოვრების ყველა სფეროში წონასწორობა ვიპოვოთ და საკუთარ თავზე მთლიანად ვიზრუნოთ“.
დოკუმენტური ფილმი Heal BBC One-ზე 29 ნოემბერს, 18:40 საათზე გავა ეთერში, ხოლო BBC iPlayer-ზე იმავე დღეს, 12:00 საათიდან იქნება ხელმისაწვდომი. აშშ-ში მისი ჩვენება 30 ნოემბერს, ავსტრალიაში 1 დეკემბერს, კანადაში კი 7 დეკემბერს იგეგმება.