"თუ ევროკავშირში ხვალ გადაწყვეტენ საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნას, ხვალვე მოვაწერთ ხელს - მზად ვართ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისთვისაც" - პრემიერი
თუ ევროკავშირში ხვალ გადაწყვეტენ მოლაპარაკებების გახსნას, ხვალვე მოვაწერთ ხელს, თუმცა მათი მხრიდან შეწყდა პოლიტიკური დიალოგი და ისინი არ გვიხსნიან მოლაპარაკებებს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას მოლაპარაკებები სურს ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც, პასუხს დღემდე ელოდებიან, თუმცა “პასუხი არ არის”.
"რაც შეეხება მოლაპარაკებებს 30-წლიან პარტნიორებთან, ჩვენ არავისთან არც შეგვიწყვეტია და არც გვინდა შევწყვიტოთ საუბრები, მოლაპარაკებები - არც ევროკავშირთან, არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით არაერთხელ გავაკეთეთ საჯარო განცხადება. ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს მზად ვართ, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით და მზად ვართ, რომ ყოველგვარი დახურული საკითხების გარეშე ვისაუბროთ ამ გზამკვლევთან, თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, თუმცა დღემდე ველოდებით პასუხს და ეს პასუხი არ არის. რაც შეეხება ევროკავშირს, აქაც, ხვალ თუ გადაწყვეტენ მოლაპარაკებების გახსნას, ხვალვე მოვაწერთ ხელს, თუმცა მათი მხრიდან შეწყდა პოლიტიკური დიალოგი და ისინი არ გვიხსნიან მოლაპარაკებებს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა “იმედის” ეთერში