უსაფრთხოების გარანტიები რამდენიმე კონკრეტულ პუნქტს უნდა მოიცავდეს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანებას, ძლიერი არმიის შენარჩუნებასა და ქვეყნის აღდგენის დაფინანსებას - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიები რამდენიმე კონკრეტულ და მნიშვნელოვან პუნქტს უნდა მოიცავდეს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანებას, ძლიერი არმიის შენარჩუნებასა და ქვეყნის აღდგენის დაფინანსებას.
მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიები ცეცხლის შეწყვეტასა და შესაბამის შეთანხმებასთან ერთად უნდა განიხილებოდეს. ზელენსკის განმარტებით, ეს შეთანხმება გარკვეულწილად ნატო-ს მეხუთე მუხლის მსგავს მექანიზმს უნდა ითვალისწინებდეს.
„ეს ნიშნავს, რომ მკაფიოდ უნდა გვესმოდეს: თუ რუსეთი კვლავ განახორციელებს აგრესიას, ჩვენი ზოგიერთი პარტნიორი რეაგირებას მოახდენს. თუმცა, არ ვიცით, კონკრეტულად როგორ იმოქმედებენ ისინი. ჩემთვის ყველაფერი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ“, — განაცხადა ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ დაწყებული ომი კვლავ გრძელდება და უკრაინას ესმის, რომ ამ ეტაპზე სწორედ ის აკავებს რუსეთს ახალი აგრესიისგან.
„ეს კონკრეტულ საკითხებს გულისხმობს: რამდენი ქვეყანა და რამდენი სამხედრო მოსამსახურე იქნება წარმოდგენილი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სამშვიდობო შეთანხმების ამოქმედების პერიოდში“, - დასძინა მან.
