"მეუფე თეოდორეს ნათქვამი სულ სხვა კონტექსტში წარმოაჩინეს" - რას ჰყვება მამა გიორგი ზვიადაძე რუსეთის პატრიარქისა და საქართველოს დელეგაციის შეხვედრაზე
მეუფე თეოდორემ განაცხადა, რომ რაც არ უნდა ზეწოლა იყოს, არა კონკრეტულად უკრაინის ეკლესიასთან, არამედ ზოგადად მართლმადიდებლობის არსთან მიმართებით, საქართველოს ეკლესია ყოველთვის დაიცავს საეკლესიო კანონიკურ ნორმებს , - ამის შესახებ პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ ჟურნალისტს განუცხადა.
მისი თქმით, სავსებით სამართლიანად არ აღიარებს საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.
"სულ სხვა კონტექსტში წარმოაჩინეს მეუფე თეოდორეს ნათქვამი. მთელი პასუხისმგებლობით, მთელი პატიოსნებით მინდა გითხრათ, რომ როცა შეხვდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, იქ საუბარი შეეხო ზოგადად მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და კანონიკურ სამართალს. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ახსენა, რომ ხელდასხმა როცა არ აქვს პიროვნებას მიღებული, ბუნებრივია, კანონიკურად ხელდასხმის არმქონე პიროვნების ცნობა და მისი მიღება, როგორც საეკლესიო იერარქის, არ შეიძლება. პატრიარქი კირილე იყო ძალიან კორექტული ქართველ მღვდელმთავრებთან მიმართებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან მიმართებით და ავლენდა ძალიან დიდ პატივისცემას საქართველოს ეკლესიის და პირადად იქ მყოფი მღვდელმთავრების მიმართ.
მეუფე თეოდორემ სრულიად სხვა კონტექსტში ბრძანა და განაცხადა და ძალიან დიდი ღირსებით გააკეთა მან ეს და სრულიად სხვა კონტექსტში თქვა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ნორმები, საეკლესიო სამართლის ნორმები - ეს არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და ჩვენ ამას ყოველთვის ვიცავდით და ყოველთვის დავიცავთ.
სავსებით სამართლიანად არ აღიარებს საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. ჩვენთვის ცნობილია, რომ გარკვეული ზეწოლა ხორციელდებოდა ეკლესიებზე ამასთან დაკავშირებით, რომელ ეკლესიას ეყოფა ძალა, რომ ეს აღიაროს ან არ აღიაროს.
მეუფე თეოდორემ განაცხადა, რომ რაც არ უნდა ზეწოლა იყოს, არა კონკრეტულად უკრაინის ეკლესიასთან, არამედ ზოგადად მართლმადიდებლობის არსთან მიმართებით, საქართველოს ეკლესია ყოველთვის დაიცავს საეკლესიო კანონიკურ ნორმებს“, - განაცხადა მამა გიორგიმ "ტვ პირველთან".
რუსეთის საპატრიარქო აღნიშნავს, რომ 21 ნოემბერს მოსკოვში, დანილოვის მონასტერში, საპატრიარქო-სინოდალურ რეზიდენციაში გაიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვედრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან, რომელიც მოსკოვში ჩავიდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.
რუსეთის საპატრიარქოს ინფორმაციით, მიტროპოლიტმა თეოდორემ პატრიარქ კირილს უთხრა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონიკურ სამართალს იცავს და მათთვის მიუღებელია ისეთი ვინმეს აღიარება, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია.