
1 ოქტომბერს ყავის საერთაშორისო დღე აღინიშნება - სად ყიდულობს ყავას საქართველო? | TOP-იმპორტიორი ქვეყნები
1 ოქტომბერს მსოფლიოში ყავის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ყავის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICO) 2026 წლის კამპანია სახელწოდებით „ყავა გამოსავლის ნაწილია“ წამოიწყო. მათი ინფორმაციით, მთელ მსოფლიოში ყავა შემოსავლით 12.5 მილიონამდე ფერმერულ ოჯახს უზრუნველყოფს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მწარმოებელ რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ფორმირებაში.
საქართველო ყავის იმპორტიორი ქვეყანაა, სადაც მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წელს 8 თვეში ქვეყანამ 38 მილიონ 257 ათასი დოლარის 5 665 ტონა მოხალული და მოუხალავი ყავა შეიძინა. იმპორტის ღირებულება 9.5%-ით, მოცულობა კი 18.2%-ით გაიზარდა.
საქართველოსთვის ყავის უმსხვილესი მომწოდებელი ინდონეზიაა, საიდანაც წელს იანვარ-აგვისტოს პერიოდში 10 მილიონ 820 ათასი დოლარის ღირებულების 2 528 ტონა ყავა შემოვიდა.
იმპორტიორების რეიტინგში მეორე ადგილს რუსეთი იკავებს 5.9 მლნ დოლარის 660 ტონა ყავით, მესამეზე კი იტალიაა 5 მილიონ 708 ათასი დოლარის 355 ტონა ყავის იმპორტით.
შედარებით დიდი მოცულობის იმპორტი წელს ვიეტნამიდან გვქონდა 1 080 ტონა, რომლის ღირებულებამაც 4 მილიონ 516 ათასი დოლარი შეადგინა.
იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში ასევე ვხვდებით თურქეთს, გერმანიას, საფრანგეთს, ავსტრიას, სომხეთს და ა.შ.
BM.GE
წყარო: bm.ge