მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მსოფლიოს TOP 10 მედიაკომპანია: ინდუსტრიის გიგანტები
მსოფლიოს TOP 10 მედიაკომპანია: ინდუსტრიის გიგანტები

მსოფლიოს TOP 10 მედიაკომპანია: ინდუსტრიის გიგანტები

BM.GE16 ნოემბერი, 2026, 05:10|bm.ge

თანამედროვე სამყაროს რიტმსა და განვითარებას დიდწილად ინფორმაცია განსაზღვრავს. ფინანსური ბაზრების ანალიზითა და პოლიტიკური პროცესებით დაწყებული, ამინდის პროგნოზითა თუ ადგილობრივი სიახლეებით დასრულებული - ახალი ამბები ყოველდღიურად გავლენას მილიონობით ადამიანის გადაწყვეტილებაზე ახდენს. დღეს მედია ხელმისაწვდომია ყველა შესაძლო ფორმატით: ციფრული პლატფორმებით, ბეჭდური გამოცემებითა და ტრადიციული მაუწყებლობით. თუმცა, ციფრულმა ეპოქამ ინდუსტრია მნიშვნელოვნად შეცვალა: მსოფლიოს უმსხვილესი მედიაჰოლდინგები მხოლოდ ჟურნალისტიკით აღარ შემოიფარგლებიან; ისინი სატელეკომუნიკაციო ქსელებს, მონაცემთა ბაზებს, სტრიმინგ-სერვისებსა და ტექნოლოგიურ აქტივებს ფლობენ.

საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, წარმოგიდგენთ მსოფლიოს 10 წამყვან საინფორმაციო მედიაკომპანიას.

1. Comcast

Comcast გლობალური მედიაგიგანტია $88 მილიარდ დოლარიანი საბაზრო კაპიტალიზაციითა და $123 მილიარდიანი შემოსავლით, რაც მას მსოფლიოში უმსხვილეს სამაუწყებლო და საკაბელო სატელევიზიო კომპანიად აქცევს. აშშ-ის ბაზარზე ის ლიდერია ფასიანი ტელევიზიის, ინტერნეტპროვაიდერობისა და სატელეფონო სერვისების მიმართულებით. კომპანია გავლენიან ამერიკულ საინფორმაციო არხებს - NBC News-ს, MSNBC-სა და CNBC-ს, აგრეთვე გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთ მთავარ საინფორმაციო მაუწყებელ Sky News-ს აკონტროლებს.

2. Warner Bros. Discovery

Warner Bros. Discovery მედიისა და გართობის მრავალპროფილურ კონგლომერატს წარმოადგენს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $77 მილიარდს, ხოლო წლიური შემოსავალი $36 მილიარდს აღემატება. კომპანიის საქმიანობა სატელევიზიო მაუწყებლობას, სტრიმინგსა და კინოწარმოებას მოიცავს. მისი საინფორმაციო და გასართობი ქოლგის ქვეშ ერთიანდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი საინფორმაციო ბრენდი CNN, ასევე ისეთი გიგანტები, როგორებიც HBO, Discovery, Animal Planet და კინოსტუდია Warner Bros. Pictures არიან.

3. Thomson Reuters

კანადური Thomson Reuters გლობალურ ბაზარზე ბიზნესის, ფინანსებისა და სამართლებრივი სექტორის წამყვანი საინფორმაციო მომწოდებელია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც $51 მილიარდ დოლარს, ხოლო წლიური შემოსავალი $7.83 მილიარდს აღწევს. მედიაგიგანტი მსოფლიოში წამყვან საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს, ონლაინ ფინანსურ პლატფორმებსა და პრესის სადისტრიბუციო სერვისებს აერთიანებს, რასთან ერთადაც კორპორაციულ და იურიდიულ პროფესიულ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს.

4. Naspers

სამხრეთ აფრიკაში დაფუძნებული Naspers $32 მილიარდ დოლარად შეფასებული მულტინაციონალური ჰოლდინგია, რომლის შემოსავალიც $2.5 მილიარდს აღწევს. კოპმანიის ისტორია ტრადიციული მედიით დაიწყო და მოგვიანებით გლობალურ ტექნოლოგიურ ინვესტიციებში გადაიზარდა. კომპანია სამხრეთ აფრიკის წამყვან საგაზეთო, ჟურნალებისა და წიგნის გამომცემლობებს ფლობს, ჩართულია მრავალ საერთაშორისო ერთობლივ საწარმოში და ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, Tencent-ის 23.5%-იან წილსაც ფლობს.

5. Fox Corp.

Fox Corp. ამერიკული მედიაკომპანიაა, რომლის საბაზრო ღირებულება $26 მილიარდი, ხოლო წლიური შემოსავალი $17 მილიარდი დოლარია. იგი 2019 წელს, Disney-ს მიერ 21st Century Fox-ის გასართობი აქტივების შესყიდვის შემდეგ, საინფორმაციო და სპორტული აქტივების გამოყოფის შედეგად ჩამოყალიბდა. კომპანიის ძირითადი ბრენდები აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული საკაბელო საინფორმაციო ქსელი Fox News Media და რეგიონული სამაუწყებლო სადგურების ფართო ქსელია.

6. BCE (Bell Canada Enterprises)

კომპანია BCE კანადის უდიდესი მედია და საკომუნიკაციო პროვაიდერია - მისი სათავეები ალექსანდრ გრემ ბელის სატელეფონო პატენტებთანაა დაკავშირებული. სატელეკომუნიკაციო, მობილური და ჭკვიანი სახლის სერვისების გარდა, BCE კანადის წამყვან სატელევიზიო და რადიოსადგურებს, სტრიმინგ-პლატფორმებსა და სარეკლამო სააგენტოებს აერთიანებს. მედიაგიგანტის საბაზრო კაპიტალიზაცია $19.6 მილიარდია, ხოლო წლიური შემოსავალი 17.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

7. Rogers Communications

Rogers Communications კანადის კიდევ ერთ მედია და ტელეკომ-გიგანტს წარმოადგენს, $18.6 მილიარდიანი კაპიტალიზაციითა და $16 მილიარდი დოლარის შემოსავლით. მისი ყველაზე მომგებიანი მიმართულება უკაბელო კავშირი და 12 მილიონამდე მობილური აბონენტია. სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ჰოლდინგი მთელი კანადის მასშტაბით ფლობს და მართავს მრავალრიცხოვან სატელევიზიო და რადიოარხებს, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობას უწყვეტ საინფორმაციო და სპორტულ მაუწყებლობას აწვდის.

8. News Corp.

რუპერტ მერდოკის მიერ დაფუძნებული News Corp., თითქმის $18 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციითა და $9 მილიარდიანი წლიური შემოსავლით, გლობალური საინფორმაციო და საგამომცემლო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა, რომელიც მედიის გარდა ციფრული უძრავი ქონების სერვისებსაც მოიცავს. კომპანია აერთიანებს ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა The Wall Street Journal, Dow Jones, The Times, The Sun, ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი გამომცემლობა - HarperCollins.

9. Paramount Skydance

Paramount Skydance $11 მილიარდ დოლარიანი საბაზრო კაპიტალიზაციითა და $28 მილიარდიანი შემოსავლით ახალი მედიაგიგანტია, რომელიც Paramount Global-ისა და Skydance Media-ს შერწყმის შედეგად შეიქმნა. მისი სატელევიზიო მედიასეგმენტი ლეგენდარულ საინფორმაციო ბრენდ CBS News-ს, ასევე ადგილობრივ ციფრულ და რადიოპლატფორმებს აერთიანებს.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ Paramount-ის საბაზრო კაპიტალიზაცია Warner Brothers-ისას მკვეთრად ჩამორჩება, 2026 წლის ოქტომბერში 110 მილიარდ დოლარიანი გარიგება მაინც შედგა - ორი კომპანიის კინოსტუდიები, სტრიმინგ სერვისები და მაუწყებლობები ერთი მედია გიგანტის Skydance Corporation-ის ქვეშ გაერთიანდა.

10. The New York Times Company

The New York Times Company კლასიკურ, მაღალი სტანდარტის ჟურნალისტიკაზე ორიენტირებული გლობალური მედიაკომპანიაა, რომელმაც ციფრული ტრანსფორმაცია წარმატებით შეძლო. ის ფლობს და მართავს ისეთ ცნობილ გამოცემებსა და ციფრულ რესურსებს, როგორებიცაა უშუალოდ გაზეთი The New York Times, მისი საერთაშორისო მიმართულება და წამყვანი ვებპლატფორმა NYTimes.com. $10.7 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციითა და თითქმის $3 მილიარდიანი შემოსავლით, კომპანია ყველაზე ძვირად ღირებული მედიაგიგანტების ათეულს ხურავს.

რეიტინგი ნათლად აჩვენებს, რომ ტრადიციული საინფორმაციო ბიზნესი აღარ არის დამოკიდებული მხოლოდ გაზეთების ტირაჟსა თუ სატელევიზიო რეკლამაზე. თანამედროვე ბაზარზე ლიდერობის შესანარჩუნებლად კომპანიებმა ფართო დივერსიფიკაცია განახორციელეს - სიახლეების მიწოდებასთან ერთად ისინი ინვესტიციებს სტრიმინგში, მაღალსიჩქარიან ინტერნეტში, მონაცემთა ანალიტიკასა და ციფრულ ტექნოლოგიებში დებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველომ მოლუსკების ექსპორტიდან $3 მლნ მიიღო, იმპორტი კი 87%-მდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

საქართველომ მოლუსკების ექსპორტიდან $3 მლნ მიიღო, იმპორტი კი 87%-მდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

BM.GE

„ნოვა“ საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება

„ნოვა“ საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება

BM.GE

საჰაერო ტაქსი თბილისში - Bartholet-ი საბურთალოს, ლისთან და დიღომთან დამაკავშირებელ საბაგიროს პროექტზე მუშაობს

საჰაერო ტაქსი თბილისში - Bartholet-ი საბურთალოს, ლისთან და დიღომთან დამაკავშირებელ საბაგიროს პროექტზე მუშაობს

BM.GE

ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ჯგუფურ ტურებს ჯერჯერობით არ ვგეგმავთ - ლაშა ბერეკაშვილი

ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ჯგუფურ ტურებს ჯერჯერობით არ ვგეგმავთ - ლაშა ბერეკაშვილი

BM.GE