
საქართველომ მოლუსკების ექსპორტიდან $3 მლნ მიიღო, იმპორტი კი 87%-მდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?
2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ მოლუსკებისა და წყლის სხვა უხერხემლოების ექსპორტიდან 3.07 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 73.1%-ით აღემატება. ამასთან, გაზრდილია როგორც ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულება, ისე მოცულობა.
კერძოდ, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 843 ტონა მოლუსკი და წყლის სხვა უხერხემლო გავიდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მოცულობა 473 ტონას შეადგენდა. შესაბამისად, რაოდენობრივად ექსპორტი 78.2%-ით გაიზარდა.
ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრები მხოლოდ სამი ქვეყანაა. უმსხვილესი საექსპორტო მიმართულება საფრანგეთია, სადაც 206 ტონა პროდუქტი, 2.12 მლნ დოლარის ღირებულებით გაიყიდა. მეორე ადგილზეა თურქეთი – 620 ტონა, 849.2 ათასი დოლარი, ხოლო მესამე პოზიციას ინდოეთი იკავებს, სადაც საქართველომ 17 ტონა მოლუსკი და წყლის სხვა უხერხემლოები 102.6 ათასი დოლარის ღირებულებით გაიტანა.
ექსპორტის ზრდის პარალელურად, ქვეყანაში მოლუსკებისა და წყლის სხვა უხერხემლოების იმპორტიც მნიშვნელოვნად გაიზარდა.
2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 1.18 მლნ დოლარის ღირებულების 181 ტონა პროდუქტი შეიძინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის ღირებულება 632.3 ათასი დოლარი, მოცულობა კი 91 ტონა იყო. შედეგად, იმპორტი ღირებულებით 86.6%-ით, ხოლო რაოდენობრივად 98.9%-ით გაიზარდა.
იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს - 367.4 ათასი დოლარის ღირებულების 81 ტონა პროდუქტით. მეორე ადგილზეა საფრანგეთი, საიდანაც 298.3 ათასი დოლარის ღირებულების 23 ტონა პროდუქტი შემოვიდა. სამეულშია ესპანეთიც - 191.2 ათასი დოლარი და 24 ტონა.
ხუთეულს ნიდერლანდები და ინდოეთი ასრულებენ. ნიდერლანდებიდან იმპორტმა 117 ათასი დოლარი და 13 ტონა, ინდოეთიდან კი 108.1 ათასი დოლარი და 21 ტონა შეადგინა.
BM.GE
წყარო: bm.ge