
„ნოვა“ საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება
„ნოვა“ საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება. სამშენებლო და სარემონტო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანია მომდევნო 5-10 წელიწადში ერთ-ერთ მსხვილ საერთაშორისო ბირჟაზე დალისტვას და საჯარო კომპანიად გარდაქმნას აპირებს.
კომპანიის სამომავლო გეგმებზე BMGTV-ის გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ „ნოვას“ დამფუძნებელმა ზვიად აბულაძემ და გენერალურმა დირექტორმა ედიშერ ხიმშიაშვილმა ისაუბრეს. აბულაძის თქმით, საფონდო ბირჟაზე გასვლა მხოლოდ ბიზნესის მასშტაბის ზრდას არ უკავშირდება. ეს კომპანიის მართვის უფრო გამჭვირვალე და სტრუქტურირებული მოდელის ჩამოყალიბებასაც ემსახურება.
„მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გავხდეთ საჯარო კომპანია. ვისურვებდი, რომ უახლოეს ხუთიდან ათ წელიწადში ერთ-ერთ სერიოზულ და ცნობად ბირჟაზე დავლისტოთ. საქართველოდან რამდენიმე კომპანიაა წარმოდგენილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე, მათ შორის საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი და ჯორჯია კაპიტალი. ჩვენც გვინდა, რომელიმე ასეთ ცნობილ ბირჟაზე ვიყოთ წარმოდგენილი და სააქციო საზოგადოება გავხდეთ. ხუთი დამფუძნებელი ვართ, ერთად გავიზარდეთ და ერთმანეთის მიმართ ძალიან მაღალი ნდობა გვაქვს, მაგრამ ჩვენს შემდეგ მოდის თაობა, რომელსაც შესაძლოა გაუჭირდეს იმავე იურიდიული ფორმით ფუნქციონირება. ამიტომ გვინდა, კომპანია საჯარო და უფრო ცივილურად მართული იყოს“, - განაცხადა ზვიად აბულაძემ.
საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასვლის ერთ-ერთ წინაპირობად კომპანიის დამფუძნებელი ბრუნვის ზრდას ასახელებს. მისი თქმით, არსებული მასშტაბი ასეთი მიზნის მისაღწევად საკმარისი არ არის, ამიტომ „ნოვას“ ხუთწლიანი გეგმა წლიური ბრუნვის მილიარდ ლარზე მეტად გაზრდას ითვალისწინებს : „ამისთვის, პირველ რიგში, შემოსავლები უნდა დააგენერირო. 300-350 მილიონი ლარის ბრუნვით ასეთ ბირჟაზე ვერ გახვალ. ჩვენ ვცდილობთ, საქმე იმდენად კარგად ვაკეთოთ, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში კომპანიამ არანაკლებ 1 მილიარდი ლარის ბრუნვა დააგენერიროს. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ რომელიმე საფონდო ბირჟას ჩვენი თავი წარვუდგინოთ და დავაინტერესოთ“, - აღნიშნა აბულაძემ.
საჯაროობის მიმართულებით კომპანიამ პირველი ნაბიჯი ფასიანი ქაღალდების გამოშვებით უკვე გადადგა. „ნოვას“ გენერალური დირექტორის, ედიშერ ხიმშიაშვილის განმარტებით, კომპანიამ 80-მილიონიანი ობლიგაციები გამოუშვა, საიდანაც 50 მილიონი ფინანსურმა ინსტიტუტებმა შეიძინეს. მათ შორის ერთ-ერთი პარტნიორი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია (EBRD), დარჩენილი 30 მილიონი კი კომპანიას მომავალში ასათვისებლად აქვს დატოვებული.
ხიმშიაშვილის თქმითვე, საერთაშორისო ბირჟაზე დალისტვისთვის მხოლოდ ფინანსური მაჩვენებლები საკმარისი არ არის. ამისთვის აუცილებელია კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტი და გამჭვირვალობა. მისი განმარტებით, ამ მიმართულებით კომპანიას მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და სამეთვალყურეო საბჭოში დამოუკიდებელი წევრებიც ჰყავს.
„საჯარო კომპანიად გარდაქმნისთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს მაღალი კორპორაციული მართვა და გამჭვირვალობა. ამ მიმართულებით უკვე გვაქვს გარკვეული ცვლილებები განხორციელებული, მათ შორის სამეთვალყურეო საბჭოში გვყავს დამოუკიდებელი წევრები“, - განაცხადა ედიშერ ხიმშიაშვილმა.
„ნოვა“ ქართულ ბაზარზე 2006 წელს ხუთმა მეგობარმა დააფუძნა. თავდაპირველად კომპანია სამშენებლო მასალების იმპორტსა და რეალიზაციაზე იყო ორიენტირებული, 2011 წლიდან კი საკუთარი წარმოების განვითარება დაიწყო. წლების განმავლობაში კომპანიას არაერთი საწარმოო მიმართულება დაემატა, მათ შორის თუნუქის, თაბაშირ-მუყაოს პროფილების, პოლიეთილენის პროდუქციის, XPS-ის, წებო-ცემენტებისა და შავი ლითონის ნაწარმის წარმოება. დღეს „ნოვა“ 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს.
BM.GE
წყარო: bm.ge