
10-კაციანი ღონისძიებებიდან საერთაშორისო პროექტებამდე - როგორ იქცა "ჩაიდანი" აჭარის ივენთ-ინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად
რეგიონული ბიზნესის განვითარება, განსაკუთრებით კი აჭარაში მიმდინარე დეველოპერული ბუმი, მომსახურების სფეროსგან სრულიად ახალ სტანდარტებსა და მასშტაბებს მოითხოვს. წლების წინ, როდესაც ბათუმში დღის წესრიგში კორპორაციული თუ მასშტაბური კერძო ღონისძიებების ჩატარება დგებოდა, კომპანიების უმრავლესობას სრული სერვისის მისაღებად ორგანიზატორების მოწვევა დედაქალაქიდან უწევდა.
სწორედ ამ საჭიროების დანახვამ განაპირობა კომპანია "ჩაიდნის" შექმნა, რომელმაც აჭარის ივენთ-მენეჯმენტის ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა. კომპანიის თანადამფუძნებლებმა - ნანუკა გორგილაძემ და თინა თვარაძემ - თავდაპირველი ე.წ. "ქეითერინგის" იდეა სრულფასოვან, მრავალპროფილურ სააგენტოდ აქციეს, რომელიც დღეს უკვე საერთაშორისო გიგანტებსაც უწევს მასპინძლობას.
როგორ განვითარდა კომპანია 10-კაციანი შეკრებებიდან ასობით სტუმარზე გათვლილ პროექტებამდე და რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული რეგიონში ივენთების მართვა - ამ საკითხებზე bm.ge-ს "ჩაიდნის" თანადამფუძნებელი ნანუკა გორგილაძე ესაუბრა.
როგორც ის იხსენებს, "ჩაიდნის" ისტორია 2019 წლიდან იწყება. იმ დროს აჭარაში ივენთ-მომსახურება ძირითადად ფრაგმენტულად, ცალკეულ სერვისებად მიეწოდებოდა მომხმარებელს, რამაც გააჩინა იდეა, შექმნილიყო ერთიანი პლატფორმა, რომელიც დამკვეთს ორგანიზაციული ქაოსისგან "ერთი ფანჯრის პრინციპით" გაათავისუფლებდა. პარტნიორების ინიციატივა მალევე გასცდა სტანდარტული ქეითერინგის ჩარჩოებს და სრულფასოვან ივენთ-სააგენტოდ ტრანსფორმირდა.
"თავდაპირველად ჩვენ მხოლოდ ქეითერინგის მიმართულებით ვმუშაობდით, თუმცა ბაზრის მოთხოვნამ და არსებულმა რეალობამ სწრაფად დაგვანახა, რომ ბათუმსა და ზოგადად აჭარაში არ არსებობდა კომპანია, რომელიც მომხმარებელს ივენთების მიმართულებით სრულ სერვისს შესთავაზებდა; ვგულისხმობ ყველაფერს, რაც ღონისძიებას სჭირდება: ფურშეტსა და კვებას, ინვენტარით მომსახურებას, მიმტანებს, ტექნიკურ უზრუნველყოფას, მუსიკალურ გაფორმებას, ფოტო-ვიდეო გადაღებასა და დიზაინ-დეკორაციას.
იმ დროისთვის, როდესაც კომპანიას მსგავსი კომპლექსური მომსახურება სჭირდებოდა, იძულებული იყო, გუნდი თბილისიდან ჩამოეყვანა, რაც დამატებით ხარჯებთან და ლოგისტიკურ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მე და თინა თვარაძემ გადავწყვიტეთ, ჩვენი თავისუფალი დრო და რესურსი სწორად მიგვემართა და ყველა ეს სერვისი ერთ კომპანიაში მოგვექცია. დრომ აჩვენა, რომ ეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო", - ამბობს ნანუკა გორგილაძე.
მცირე კერძო შეკვეთებით დაწყებული გზა წლების განმავლობაში მასშტაბურ თანამშრომლობებში გადაიზარდა. "ჩაიდანის" განვითარების დინამიკა პირდაპირ აისახა როგორც სტუმრების რაოდენობის ზრდაზე, ასევე პროექტების სირთულესა და მენეჯერულ დახვეწილობაზეც. თუმცა, კომპანიაში ყველაზე დიდ აქტივად პირველივე დღიდან შეძენილი პარტნიორების ლოიალობას მიიჩნევენ.
"ჩვენი პირველი ღონისძიება სულ რაღაც 10 ადამიანზე იყო გათვლილი. მას შემდეგ კომპანიამ უდიდესი გზა გაიარა და დღეს ჩვენი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება უკვე 600 სტუმარს აერთიანებდა. თუმცა, მხოლოდ რაოდენობრივი ზრდა არ არის მთავარი - წლების განმავლობაში არსებითად დაიხვეწა ჩვენი მომსახურების ხარისხი, ღონისძიებების კონცეპტუალური მხარე და შიდა მენეჯმენტი.
განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ კომპანიები, რომლებმაც 2019 წელს პირველებმა გამოგვიცხადეს ნდობა, დღემდე ჩვენთან ერთად რჩებიან. ისინი ხედავენ, რომ ჩვენ მათ მოთხოვნებთან ერთად ვვითარდებით და ყოველ ახალ ეტაპზე კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს ვთავაზობთ”, - ამბობს გორგილაძე.
აჭარის რეგიონში ივენთ-ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად გაიზარდა კონკურენციაც. დღეს ბაზარზე რამდენიმე მოთამაშე ოპერირებს, თუმცა, როგორც თანადამფუძნებელი ამბობს, "ჩაიდნის" მთავარი ხელწერა თითოეული პროექტისადმი ექსკლუზიური მიდგომა და ექსტრემალურ ვადებში ხარისხიანი შედეგის დადებაა.
"ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა ისაა, რომ არცერთ ღონისძიებას არ ვუდგებით, როგორც რიგით პროექტს, რომლისგანაც კომპანიამ უბრალოდ შემოსავალი უნდა მიიღოს. ჩვენ შევდივართ პროექტის სიღრმეში და ვაკეთებთ ისე, თითქოს მას საკუთარი თავისთვის ვქმნიდეთ. ჩვენი მკაფიო ხაზია, რომ არცერთი ღონისძიება არ უნდა ჰგავდეს წინას - მთლიანი კონცეფცია, ვიზუალი და დეტალები ყოველთვის ექსკლუზიურია.
გარდა ამისა, გამოგვარჩევს ურთულეს და უმოკლეს ვადებში მუშაობის უნარი. გვქონია შემთხვევა, როდესაც სულ რაღაც ორ დღეში, ნულიდან დავგეგმეთ და უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ 200-კაციანი სრული ღონისძიება.
ამას ემატება ბათუმის სპეციფიკაც - აქ მთავარი რისკი ყოველთვის ამინდია, ამიტომ ღია სივრცის დაგეგმვისას ყოველთვის წინასწარ გვაქვს გათვლილი დახურული ალტერნატივა. სწორი დროის მენეჯმენტი და გამოცდილება ნებისმიერ გაუთვალისწინებელ რისკს მინიმუმამდე ამცირებს”, - აცხადებს "ჩაიდნის” თანადამფუძნებელი bm.ge-სთან.
კომპანიის განვითარების ისტორიაში უმნიშვნელოვანეს ეტაპად მსხვილ უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობა იქცა: 28 აგვისტოს "ჩაიდანმა" დუბაის ერთ-ერთ წამყვან დეველოპერულ კომპანიას, Holm Development-ს უმასპინძლა.
ბიზნეს-ლანჩის ფარგლებში ორგანიზატორებს ორმაგი პასუხისმგებლობა დაეკისრათ: უცხოელი ინვესტორებისთვის ერთდროულად უნდა წარედგინათ როგორც ახალი ბიზნესპროექტი, ასევე საქართველოს კულტურა და სტუმართმასპინძლობა.
"ეს იყო გარდამტეხი და უაღრესად საპასუხისმგებლო ნაბიჯი ჩვენი კომპანიისთვის. Holm Development-ის ბიზნეს-ლანჩს ესწრებოდნენ ადამიანები, რომლებიც საქართველოში პირველად იმყოფებოდნენ. შესაბამისად, უმოკლეს დროში - ორ კვირაში - მთელი ჩვენი გუნდი სრულად გადაერთო ამ პროექტზე, რათა ერთ სივრცეში ორგანულად შეგვერწყა ქართული ტრადიციული სამზარეულო, ფოლკლორი, სტუმართმასპინძლობა და თავად წარსადგენი პროექტის მაღალი დონის ოფიციალური პრეზენტაცია. ღონისძიებამ უმაღლეს დონეზე ჩაიარა, რასაც საერთაშორისო სტუმრების მხრიდან მოჰყვა უაღრესად პოზიტიური შეფასებები. ამ პროექტმა დაგვანახა, რომ ‚ჩაიდანს‘ თავისუფლად შეუძლია საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება და უცხოურ კომპანიებთან წარმატებული პარტნიორობა”, - განაცხადა ნანუკა გორგილაძემ.
აჭარის ეკონომიკური პროფილის გათვალისწინებით, დღეს ღონისძიებების მთავარ დამკვეთებად სწორედ დეველოპერული და სამშენებლო კომპანიები რჩებიან: საძირკვლის ჩაყრის ცერემონიები თუ სასტუმროების გახსნა რეგიონის ბიზნეს-დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია. ამასთან, კომპანიები ღონისძიებების დაგეგმვისას პროფესიონალურ აუთსორსინგს სულ უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას.
"ადრე დამკვეთებში ხშირად იყო განწყობა, რომ ღონისძიების ორგანიზებას განსაკუთრებული ცოდნა არ სჭირდება და ამას შიდა კადრიც გაართმევდა თავს. რეალურად კი, ივენთ-მენეჯმენტი მოითხოვს უდიდეს ენერგიას, დროს, სპეციფიკურ გამოცდილებას და, რაც მთავარია, კონტაქტების ქსელს. როდესაც ორგანიზატორი უკავშირდება ბენდს, ტექნიკურ ჯგუფს თუ დეკორატორს, პარტნიორული გამოცდილებიდან გამომდინარე, ის ყოველთვის უკეთეს პირობას და ფასს იღებს, ვიდრე ერთი კონკრეტული კომპანია. საბედნიეროდ, ბიზნესი უკვე ხედავს ამ სხვაობას და პროცესებს პროფესიონალებს ანდობს.
ჩვენი მიზანია, ბათუმში მუდმივად დავნერგოთ ახალი სტანდარტები. ასე მოხდა საახალწლო ვიზუალური დეკორაციების მიმართულებითაც - შარშან, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესსექტორში საახალწლო განწყობა და გარემო სწორედ ჩვენმა გუნდმა შექმნა. წელს უკვე სექტემბრის დასაწყისიდან გვიკავშირდებიან კომპანიები, რათა წინასწარ დაჯავშნონ სადღესასწაულო გაფორმება”, - აღნიშნავს ნანუკა გორგილაძე.
მიღწეული წარმატების მიუხედავად, კომპანია "ჩაიდანი" გაჩერებას არ აპირებს. საერთაშორისო დამკვეთებთან წარმატებულმა თანამშრომლობამ და ადგილობრივ ბაზარზე მზარდმა მოთხოვნამ სააგენტოს წინაშე გაფართოებისა და სერვისების დივერსიფიკაციის ახალი პერსპექტივები გააჩინა. კომპანია აქტიურად ემზადება როგორც შემოდგომა-ზამთრის აქტიური სეზონისთვის, ისე გრძელვადიანი რეგიონული პროექტებისთვის.
"Holm Development-ის წარმატებული ღონისძიების შემდეგ ჩვენ უკვე აქტიურ კომუნიკაციაში ვართ რამდენიმე ახალ საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიასთან, რაც გვაძლევს საფუძველს, რომ ჩვენი მომსახურების არეალი კიდევ უფრო გავაფართოოთ.
უახლოესი გეგმა სექტემბრის ბოლოდან სრულად საახალწლო რეჟიმზე გადასვლაა. პარალელურად, ვმუშაობთ ახალ მიმართულებებზე, რათა ჩვენს დამკვეთებს კიდევ უფრო მასშტაბური, გემოვნებიანი და სრულყოფილად მართული პროექტები შევთავაზოთ", - ამბობს ნანუკა გორგილაძე.
BM.GE
წყარო: bm.ge