
10 ქვეყანა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული
თანამედროვე მსოფლიო განახლებად ენერგიებზე გადასვლას და რესურსების დივერსიფიკაციას აქტიურად ცდილობს, თუმცა წიაღისეული საწვავი გლობალური ეკონომიკის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად კვლავ რჩება.
ახლო აღმოსავლეთი კი მსოფლიოს მთავარი ენერგეტიკული ჰაბის სტატუსს ინარჩუნებს. ამ რეგიონის ნავთობზე დამოკიდებულება სხვადასხვა ქვეყნისთვის რადიკალურად განსხვავებულია.
გამოცემა Visual Capitalist-მა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა რეიტინგი, რომელიც აჩვენებს, თუ შიდა მოხმარებული ნავთობის რა წილი მოდის ახლო აღმოსავლეთიდან იმპორტზე. რეიტინგის სათავეში ძირითადად მცირე ეკონომიკის მქონე აფრიკული ქვეყნები დგანან, თუმცა გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მასშტაბით ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში აზიის ინდუსტრიული გიგანტები არიან.
რეიტინგის პირველ ადგილზეა ერიტრეა, რომლის ნავთობის შიდა მოხმარების 91% სწორედ ახლო აღმოსავლეთიდან იმპორტირებულ რესურსებზე მოდის. ამ აფრიკულ სახელმწიფოს პრაქტიკულად არ გააჩნია საკუთარი ნავთობმოპოვება ან გადამმუშავებელი სიმძლავრეები, რის გამოც ქვეყნის ტრანსპორტი და მრეწველობა თითქმის მთლიანად სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მომავალ საწვავზეა დამოკიდებული.
სიაში მეორე ადგილს კუნძულოვანი სახელმწიფო მადაგასკარი იკავებს, რომელიც ნავთობის იმპორტისთვის 89%-ით არის დამოკიდებული ახლო აღმოსავლეთის მომწოდებლებზე. რესურსების ალტერნატიული წყაროების არარსებობა მის შიდა ბაზარს გლობალური ფასების მერყეობისა და შეფერხებების მიმართ უკიდურესად მოწყვლადს ხდის.
მესამე პოზიციაზეა პაკისტანი, სადაც ნავთობის მოხმარების წილი 78%-ს შეადგენს. ეს ქვეყანა, თავისი მზარდი მოსახლეობითა და განვითარებადი ინდუსტრიით, ენერგიის მწვავე დეფიციტს ისედაც განიცდის და საწვავის უდიდეს ნაწილს მახლობელი მეზობლებისგან ყიდულობს.
მეოთხე ადგილზეა იაპონია, რომლის ნავთობის მოხმარების 77% სწორედ ამ რეგიონიდან მოდის. ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მსოფლიოს წამყვანი, მაღალტექნოლოგიური ეკონომიკა კრიტიკულად იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ რესურსებზე, საკუთარი წიაღისეულის არქონის გამო.
იაპონიის მსგავსად, 77%-იანი დამოკიდებულებით გამოირჩევა კენია. აღმოსავლეთ აფრიკის ეს ეკონომიკური ცენტრი შიდა მოხმარების დასაკმაყოფილებლად ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან იმპორტირებულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს იყენებს.
პირველი ხუთეულის მიღმა დარჩენილ ქვეყნებს შორის მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება: ტაივანი ახლო აღმოსავლურ ნავთობზე 63%-ით არის დამოკიდებული, სამხრეთ კორეა - 57%-ით, სამხრეთ აფრიკა - 54%-ით, ხოლო ტანზანია - 53%-ით. რაც შეეხება რეიტინგის ბოლო სამ ქვეყანას, თითოეულ მათგანში ნავთობზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 50%-ს შეადგენს.
ისეთი გიგანტები, როგორებიც ინდოეთი (45%) და ჩინეთი (38%) არიან, პროცენტულად რეიტინგის შუა ნაწილში არიან, თუმცა მათი ეკონომიკების მასშტაბებიდან გამომდინარე, აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ბარელების რაოდენობით, ისინი ახლო აღმოსავლეთის ნავთობის უმსხვილესი მომხმარებლები არიან.
აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკის ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე ბევრად ნაკლებად არიან დამოკიდებული:
ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარი ნავთობის მოპოვების ბუმის წყალობით, ხოლო კანადა ნავთობშემცველი ქვიშების მდიდარი მარაგების წყალობით, თითქმის სრულად უზრუნველყოფენ საკუთარ თავს ან რეგიონულ პარტნიორებს ეყრდნობიან.
ევროპული ქვეყნების დამოკიდებულება კი ზომიერია. მაგალითად, ლიეტუვაში ეს მაჩვენებელი 40%-ია, პოლონეთში - 34%, ხოლო გერმანიაში - მხოლოდ 6%, რაც მიმწოდებლების მრავალფეროვნებითა და სხვა ენერგეტიკული წყაროების აქტიური გამოყენებითაა განპირობებული.
ერთ კონკრეტულ რეგიონში ნავთობის მაღალი კონცენტრაცია სერიოზულ გეოპოლიტიკურ რისკებთანაა დაკავშირებული. ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის გადაზიდვის მარშრუტები ხშირად ისეთ სტრატეგიულ საზღვაო დერეფნებზე გადის, როგორიც ჰორმუზის სრუტეა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო გზა.
ამ რეგიონში მიმდინარე ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტი მყისიერად აისახება ნავთობის გლობალურ ფასებზე. თუმცა, ყველაზე მძიმე ეკონომიკურ დარტყმას სწორედ ის ქვეყნები იღებენ, რომლებსაც მიწოდების ალტერნატიული არხები თითქმის არ გააჩნიათ. ამიტომ, ბევრი დამოკიდებული ქვეყანა სტრატეგიული რეზერვების შექმნაზე, პარტნიორული ქსელის გაფართოებასა და მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლის დაჩქარებაზე მუშაობს.
BM.GE
წყარო: bm.ge