მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 10 წელია მარანი მაქვს და ოპერირება ბიუროკრატიულად სულ უფრო რთული ხდება - "ოდა"
10 წელია მარანი მაქვს და ოპერირება ბიუროკრატიულად სულ უფრო რთული ხდება - "ოდა"

10 წელია მარანი მაქვს და ოპერირება ბიუროკრატიულად სულ უფრო რთული ხდება - "ოდა"

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 03:15|bm.ge

„10 წელია მარანი მაქვს და ოპერირება ბიუროკრატიულად სულ უფრო რთული ხდება“ , - ამის შესახებ მარტვილში მდებარე საოჯახო მარანი „ოდას“ დამფუძნებელმა ქეთო ნინიძემ მცირე მარნებისთვის გაზრდილ ადმინისტრაციულ და ფინანსურ დატვირთვაზე საუბრისას BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.

მისი შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში მცირე მეწარმეებს საქმიანობის გამარტივების ნაცვლად სულ უფრო მეტი პროცედურის შესრულება უწევთ. განსაკუთრებით პრობლემურია ღვინის სერტიფიცირება, რომელიც დამატებით დროსა და ადმინისტრაციულ რესურსს მოითხოვს.

„თავიდანვე, როდესაც ადგილობრივ ბაზარზე სერტიფიცირების სისტემა შემოვიდა, მცირე მეწარმეები ვამბობდით, რომ ეს პროცესი დამატებით დროს, შრომასა და გარკვეულ ტექნიკურ ცოდნას მოითხოვდა. მცირე მარნებში ხშირად თავად მეღვინე არის ის ადამიანი, რომელიც ერთდროულად ვენახსაც უვლის, ღვინოს აწარმოებს და ადმინისტრაციულ საკითხებსაც მართავს. ამიტომ ნებისმიერი დამატებითი პროცედურა ჩვენთვის მნიშვნელოვანი დატვირთვაა.

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სისტემები ერთმანეთთან ინტეგრირებული არ არის და ერთი და იგივე საქმიანობის შესრულება სხვადასხვა პლატფორმაზე ცალ-ცალკე გვიწევს - მაგალითად, ზედნადები შემოსავლების სამსახურის სისტემაში იტვირთება, შესაბამისი სერტიფიკატი კი ღვინის ეროვნული სააგენტოს პლატფორმაზე ცალკე უნდა აიტვირთოს. ეს პროცესი ისედაც მოითხოვდა დროსა და შრომას, ახლა კი, როდესაც სერტიფიცირება ფასიანი გახდა, ადმინისტრაციულ ტვირთს ფინანსური ხარჯიც ემატება“, - განმარტავს ქეთო ნინიძე.

მისი შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემურია მცირე შეკვეთებზე სერტიფიცირების საფასური, რადგან მცირე მარანს ხშირად რამდენიმე ბოთლის ან ერთი-ორი ყუთის მიწოდებაც კი უწევს.

„პატარა მარნებისთვის ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც მიმწოდებელი ან მომხმარებელი ერთ ან ორ ყუთს ითხოვს. ასეთ დროს თითოეულ სერტიფიკატზე 10 ლარის გადახდა შეიძლება ერთი შეხედვით დიდ თანხად არ ჩანდეს, მაგრამ როდესაც ეს პროცესი ბევრ მცირე შეკვეთაზე მეორდება, საბოლოოდ ხარჯი მნიშვნელოვნად იზრდება. სწორედ ამიტომ არის გაუგებარი, რატომ უნდა ემატებოდეს მცირე მეწარმეს კიდევ ერთი ფინანსური და ადმინისტრაციული ბარიერი, როდესაც პირიქით, ამ პროცესების გამარტივება უნდა ხდებოდეს“, - აცხადებს ის.

სერტიფიცირების გარდა, მცირე მარნებისთვის დამატებით ხარჯს წარმოადგენს ღვინის ლაბორატორიული შემოწმებაც. ნინიძის ინფორმაციით, თუ კონკრეტული ლოტის სრულად რეალიზება ერთი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა, ლაბორატორიული ანალიზის ხელახლა ჩატარება ხდება საჭირო.

„მაგალითად, თუ მაქვს 1000 ბოთლი ღვინო და ერთი წლის განმავლობაში ამ 1000 ბოთლის სრულად გაყიდვა ვერ მოვახერხე, ერთი წლის შემდეგ ამავე ლოტზე ლაბორატორიული ანალიზის ხელახლა ჩატარება მიწევს. ჩემი ღვინოების შემთხვევაში ეს დაახლოებით 1000-1500 ლარის ხარჯია. მცირე მარნისთვის ეს უმნიშვნელო თანხა ნამდვილად არ არის. ამიტომ დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ მცირე მეღვინეობებისთვის ამ წესის გადახედვა და გამარტივება საჭიროა - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია იმავე ლოტზე, რომელსაც შესაბამისი ლაბორატორიული შემოწმება უკვე გავლილი აქვს“, - ამბობს ნინიძე.

მცირე მარნებისთვის გამოწვევებს ემატება ბოლო პერიოდში ამოქმედებული სხვა რეგულაციებიც, მათ შორის წარმოების ზღვრის 40 000-დან 25 000 ლიტრამდე შემცირება, ახალი ვენახების გაშენებაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ნებართვის მოთხოვნა და სერტიფიცირებულ სპირტიან სასმელებზე სავალდებულო ნიშანდების შემოღება.

ნინიძის განცხადებით, მეღვინეები ხარისხის კონტროლის წინააღმდეგი არ არიან, თუმცა კითხვები სწორედ კონტროლის ფორმებსა და მექანიზმებთან დაკავშირებით აქვთ.

„ხარისხის კონტროლს, რა თქმა უნდა, მივესალმებით - ყველა კეთილსინდისიერი მეღვინე დაინტერესებულია, რომ ბაზარზე ხარისხიანი პროდუქტი იყოს. პრობლემა თვითონ ხარისხის კონტროლი არ არის. საკითხავია, რა მეთოდებით და რა ინსტრუმენტებით ვცდილობთ ამ ხარისხის უზრუნველყოფას. როდესაც კონტროლის შედეგად მეწარმეს ემატება ახალი დოკუმენტები, დამატებითი გადასახადები, განმეორებითი ანალიზები და სხვა ადმინისტრაციული ვალდებულებები, განსაკუთრებით მცირე მარნებისთვის ეს უკვე სერიოზულ დატვირთვად იქცევა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ხარისხის უზრუნველყოფა და ბიუროკრატიის შემცირება ერთმანეთის გამომრიცხავი არ უნდა იყოს“, - აღნიშნავს ის.

ნინიძის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ქართული ღვინის იმ სეგმენტებზე მეტი ყურადღების გამახვილება, სადაც ქვეყანას კონკურენტული უპირატესობა აქვს - მცირე მარნებზე, ტრადიციული მეთოდით წარმოებულ, ქვევრის, ბუნებრივ და ორგანულ ღვინოებზე.

„საქართველოს არ აქვს იმის რესურსი, რომ ინდუსტრიული მასშტაბებით ძველი და ახალი სამყაროს ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს შევეჯიბროთ. ჩვენი შესაძლებლობა სწორედ იმ პროდუქტებშია, რომლებიც გამორჩეულია ისტორიით, ტრადიციული მეთოდით, ქვევრით, ბუნებრივი და ორგანული წარმოებით. ამ ტიპის ღვინოებზე საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა არსებობს და ვფიქრობ, სახელმწიფოს პოლიტიკაც უფრო მეტად ამ მიმართულების გაძლიერებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ქართული ღვინის პოპულარიზაცია კიდევ უფრო აქტიურად უნდა ხდებოდეს, განსაკუთრებით იმ მარნებისა და მწარმოებლების, რომლებიც საქართველოს რეალურ ნიშას ქმნიან“, — აცხადებს ქეთო ნინიძე.

მისივე თქმით, მცირე მეღვინეობისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ფალსიფიკაციასთან ბრძოლაც, რადგან ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის ხარისხიანი პროდუქტის დაცვა და მომხმარებლის ნდობა კრიტიკულია.

„დღეს, როდესაც მსოფლიოში ღვინის მოხმარება შემცირებულია და ექსპორტზეც მოთხოვნის შემცირება იგრძნობა, ადგილობრივი ბაზრის სწორად ათვისებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუ ფალსიფიკაციასთან ეფექტიანი ბრძოლა არ იქნება, ხარისხიანი ღვინის მწარმოებლებს გაუჭირდებათ კონკურენცია იმ პროდუქტებთან, რომლებიც მომხმარებელს დაბალი ფასით სთავაზობენ თავს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რესტორნებსა და სხვა ობიექტებში ჩამოსასხმელ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ნამდვილი პროდუქტი არ ჩანაცვლდეს ფალსიფიცირებულით“, - ამბობს ის.

მისი თქმით, მცირე მარნებისთვის გონივრული რეგულირების მთავარი პრინციპი ხარისხის კონტროლის შენარჩუნება, თუმცა ზედმეტი ადმინისტრაციული და ფინანსური ტვირთის შემცირება უნდა იყოს.

„ჩვენ არ ვითხოვთ კონტროლის გაუქმებას და არც განსაკუთრებულ შეღავათებს. საუბარია იმაზე, რომ ხარისხის კონტროლი განხორციელდეს სწორი და ეფექტიანი მეთოდებით და კეთილსინდისიერ მცირე მეწარმეს დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა არ უწევდეს. თუ სახელმწიფოს მიზანი ქართული მეღვინეობის განვითარებაა, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკა იმ მწარმოებლების საჭიროებებსაც ითვალისწინებდეს, რომლებიც მცირე მასშტაბით, მაგრამ უნიკალურ და მოთხოვნად პროდუქტს ქმნიან“, - აცხადებს ნინიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2025 წელს აშშ-ში ოჯახების შემოსავალი გაიზარდა, სიღარიბე კი 10.2%-მდე შემცირდა

2025 წელს აშშ-ში ოჯახების შემოსავალი გაიზარდა, სიღარიბე კი 10.2%-მდე შემცირდა

BM.GE

აზერბაიჯანმა სომხეთში $17.6 მილიონის პროდუქცია გაიტანა

აზერბაიჯანმა სომხეთში $17.6 მილიონის პროდუქცია გაიტანა

BM.GE

აზერბაიჯანმა ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან შემოსავალი $466.7 მილიონამდე გააორმაგა

აზერბაიჯანმა ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან შემოსავალი $466.7 მილიონამდე გააორმაგა

BM.GE

კრიტიკული შეუსაბამობების გამო, თბილისში 2 კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს

კრიტიკული შეუსაბამობების გამო, თბილისში 2 კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს

BM.GE