
10-წლიან პერიოდში საქართველოში მცხოვრები ქართველების რაოდენობა შემცირდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების - გაიზარდა
საქსტატის განახლებული დემოგრაფიული მონაცემებით, 2015-2024 წლებში საქართველოს მოსახლეობა 208 500-ით გაიზარდა. აღწერათაშორის პერიოდში ქვეყანაში ბუნებრივი კლება დაფიქსირდა. ამ პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულთა რაოდენობას 4 200-ით გადააჭარბა. შესაბამისად, მოსახლეობის ზრდა მთლიანად მიგრაციამ უზრუნველყო, 2014-2024 წლებში იმიგრანტების რაოდენობა ემიგრანტების რაოდენობას ჯამში 212 700-ით აღემატებოდა.
თუმცა თუ მიგრაციულ პროცესებს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე დავაკვირდებით, სურათი საპირისპიროა. ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქე იმიგრანტების რაოდენობა ჯამურად 528 586 იყო, ემიგრანტებისა კი 656 845, ანუ ქვეყნიდან წასულ მოქალაქეთა რიცხვი შემოსულებზე 128 259-ით მეტი იყო.
საქართველოს მოქალაქეების მიგრაციული სალდო მხოლოდ ორ წელს, 2020 და 2024 წლებში, იყო დადებითი. დანარჩენი რვა წლის განმავლობაში ქვეყნიდან წასული მოქალაქეები შემოსულებზე/დაბრუნებულებზე მეტი იყო. უარყოფითი სალდო ყველაზე მაღალი 2021 და 2022 წლებში დაფიქსირდა.
ამგვარად, დადებითი მიგრაციული სალდო არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების ემიგრაცია შემცირდა. საქართველოს მოქალაქეების უარყოფითი სალდო უცხო ქვეყნის მოქალაქეების დადებითმა სალდომ გადაფარა.
გრაფიკი 1: საქართველოს მოქალაქეების ემიგრაცია, იმიგრაცია და მიგრაციული სალდო, 2015-2024 წლები
წყარო: საქსტატი; გადაანგარიშებული/განახლებული მონაცემები
ამრიგად, 2015-2024 წლებში საქართველოს მოსახლეობის ზრდა მთლიანად უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე მოხდა. იმავე პერიოდში მიგრაციის გამო საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 128 259-ით შემცირდა. ამასთან სახეზეა მოსახლეობის ბუნებრივი კლება: უფრო მეტი გარდაცვალება, ვიდრე დაბადება. საქსტატის განახლებული მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის შემადგენლობა სწრაფად იცვლება - მოსახლეობა იზრდება, თუმცა საქართველოს მოქალაქეების წილი მასში მცირდება.
BM.GE
წყარო: bm.ge