
$104-მილიონიანი, 200-მეგავატიანი ელექტრობატარეის პროექტის ათვისება ჯერჯერობით 0 ლარია
საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული "სახელმწიფო ელექტროსისტემა" აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გამოყოფილი 104 მილიონი დოლარის ღირებულების კრედიტით ქვეყანაში პირველ მსხვილმასშტაბიან ენერგოდამაგროვებელ სადგურს (ელექტრობატარეას) აშენებს, რომლის მოცულობაც 200 მეგავატ საათი იქნება.
2026 წლის ბიუჯეტის თანახმად, წლის პირველ ნახევარში ამ მიმართულებით 35 მილიონი ლარის ათვისება იყო განსაზღვრული, თუმცა ჯერჯერობით ათვისება 0 ლარს შეადგენს. აზიის განვითარების ბანკის ვებგვერდის თანახმად, პროექტზე მომწოდებლების შესარჩევად ტენდერი უკვე ორჯერ იყო გამოცხადებული და ის 2025 წლის ნოემბერში დასრულდა, თუმცა გამარჯვებული გამოვლენილი არაა. უცნობია წარადგინეს თუ არა კომპანიებმა საკუთარი შეთავაზებები.
ეს წარმოადგენს 200 მეგავატ საათის სიმძლავრის ელექტრობატარეას, რომელში არსებულ ენერგიასაც ქვეყანა პიკური მოხმარების დროს გამოიყენებს, ხოლო მასში ენერგიის დაგროვება მოხდება შედარებითი სიჭარბის პერიოდში.
200 მეგავატ საათის ტევადობის ელექტრობატარეა მცხეთის მუნიციპალიტეტში, მაღალი ძაბვის ქვესადგურ "ქსანი 500"-ის მიმდებარედ განთავსდება და ის ძირითადად ავარიული თუ პიკური დატვირთვის დროს თბილისის უწყვეტ ელექტრომომარაგებაზე იქნება პასუხისმგებელი.
პროექტის განხორციელებით მიღებული შედეგები ამგვარად არის მთავრობის მიერ პროგნოზირებული:
"განახლებადი ენერგიის წყაროებიდან გენერაციის დაბალანსება და ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მათი ინტეგრაციის ლიმიტების მნიშვნელოვანი ზრდა;
ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და ამაღლებული ენერგოდამოუკიდებლობის დონე, ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსების რეზერვების გაზრდილი მოცულობა და მოქნილობა;
თბილისის მიმდებარე რეგიონებისა და საქართველოს ეკონომიკისათვის კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტების მოხმარების შეზღუდვის (გათიშვის) რისკის დაზღვევა ისეთ კრიტიკულ შემთხვევებში, როგორიცაა თბოელექტროსადგურებისთვის გაზის მიწოდების შეფერხება და დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთის მიმართულებით ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება,"- ნათქვამია პროექტის აღწერაში.
პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფო ელექტროსისტემამ ტენდერი 4 აგვისტოს გამოაცხადა, რაც 17 ნოემბერს დასრულდა. ტენდერის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
ენერგიის დამგროვებელი სადგური უმეტესწილად ლითიუმ-იონის ტექნოლოგიის ბატარეებით არის აღჭურვილი, საუბარია ისეთივე ელემენტებზე, რომელთაც ელექტრომობილები იყენებენ, თუმცა მათი რაოდენობიდან გამომდინარე ასეთ სადგურებს მთელი ქალაქის ელექტრომოხმარებისთვის საკმარისი ენერგიის დაგროვება შეუძლიათ.
BM.GE
წყარო: bm.ge