
₾13.1 მილიარდი 6 თვეში - საქართველოში FMCG სექტორის შემოსავლები 11%-ით გაიზარდა|Galt & Taggart
2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში FMCG (ყოველდღიური მოხმარების პროდუქციის) სექტორის შემოსავლები წლიურად 11.%-ით გაიზარდა და 13.1 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის FMCG ბაზრის კვლევაში.
კვლევის თანახმად, ამავე პერიოდში FMCG ინფლაციამ 7.0% შეადგინა.
სექტორში ყველაზე მაღალი ზრდა ბრენდულ ქსელებს ჰქონდათ (+12.8%), სადაც შემოსავალმა 5.4 მლრდ ლარს მიაღწია. არაბრენდული მაღაზიების შემოსავლები 12%-ით გაიზარდა, ხოლო სხვა ფორმატების 8.1%-ით.
მთლიან FMCG შემოსავლებში ბრენდული ქსელების წილმა 41.1% შეადგინა (გასული წლის 40.4%-თან შედარებით).
• გეოგრაფიული გადანაწილება: ბრენდული ქსელების შემოსავლების 56.8% თბილისზე მოდის, ხოლო 43.2% - რეგიონებზე. • საშუალო შემოსავალი: 2026 წლის 6 თვეში ერთი მაღაზიის საშუალო შემოსავალმა თბილისში 1.4 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო რეგიონებში - 1.1 მლნ ლარი. • პროდუქციის კატეგორიები: ჯამურ გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი საკვებ პროდუქციას უკავია (68%), რასაც მოსდევს სასმელი (13%), თამბაქო (8%), საყოფაცხოვრებო ნივთები (6%) და პირადი ჰიგიენა (5%).
Galt & Taggart-ის მონაცემებით, მთლიან ბრენდულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას „დეილი ჯგუფი“ ინარჩუნებს 27.3%-იანი წილით. მეორე ადგილზეა „2 ნაბიჯი“ (20.3%), რომლის შემოსავლებიც საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო მესამეზე „ნიკორა“ (15.9%).
ქალაქების მიხედვით ბაზარზე განსხვავებული სურათია, თბილისში ბაზრის ლიდერი „2 ნაბიჯი“ გახდა (20.5%), რომელმაც ოდნავ გადაუსწრო „დეილი ჯგუფს“ (19.5%). მესამე ადგილზეა „ნიკორა“ (18.9%), ხოლო მეოთხეზე - „კარფური“ (10.3%).
რეგიონებში კი, მკაფიო ლიდერად რჩება „დეილი ჯგუფი“, რომელიც ბაზრის 37.6%-ს აკონტროლებს. მეორე ადგილზეა „2 ნაბიჯი“ (19.9%), მესამეზე კი - „ნიკორა“ (14.5%).
კვლევაში აღნიშნულია, რომ ბრენდულ ქსელებში ახალი მაღაზიების გახსნის ტემპი 2025-2026 წლებში შენელებულია წინა წლებთან (2021-2024) შედარებით. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბრენდული მაღაზიების რიცხვი 41-ით გაიზარდა. ქსელების ზრდა ძირითადად არსებულ მაღაზიებში გაყიდვების მატებით (LFL ზრდა +10.3%) იყო განპირობებული.
ამასთან, ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მომგებიანობის მარჟა 5.4%-დან 4%-მდე შემცირდა. Galt & Taggart-ის ანალიტიკოსების განმარტებით, კლება ძირითადად საერთო მოგების მარჟის შემცირებითა (27.1%-დან 26.3%-მდე) და სახელფასო ხარჯების წილის ზრდით იყო გამოწვეული. 1H26-ში სახელფასო ხარჯების ფარდობამ შემოსავალთან 12.9% შეადგინა.
BM.GE
წყარო: bm.ge