
“2020 წლამდე „ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს კი ხმების 85–90% მიიღო” - ღარიბაშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს. იგი წერილში მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ჯარის განვითარებისზე საუბრობს.
ღარიბაშვილის თქმით, "მთელი გულით ემსახურა" ქართლ ჯარსა და სამშობლოს, მის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება კი შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, თავად ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის.
"ყველაფერი საუკეთესო ჯარს!“ - ეს იყო ჩემი დევიზი, რომელსაც დავაფუძნე ჩემი ხედვა, პოლიტიკა და ყველა გადაწყვეტილება მინისტრად დანიშვნისთანავე. თავდაცვის ძალებთან ერთად საზოგადოებას წარვუდგინეთ განვითარების 10-წლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (აღნიშნული გამოცდილება და მაგალითი მოგვიანებით მთელი მთავრობისთვის, ყველა სამინისტროსთვის გავხადე სავალდებულო).
ჩემს გუნდთან და თავდაცვის ძალებთან ერთად დავიწყეთ მასშტაბური სამუშაოები სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. ყველა სამხედრო ბაზა ნატოს ერთიანი სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა და რეაბილიტირდა. 2023 წლის ბოლოსთვის აშენდა და რეაბილიტირდა 270 ობიექტი, მათ შორის ყაზარმები, სასადილოები, სპორტული კომპლექსები და საცხოვრებელი კორპუსები. ჯამში გარემონტდა 500-ზე მეტი ობიექტი.
ავაშენეთ „ჯარის ქალაქი“ და 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს მინიმალურ ფასად გადავეცით ბინები. ამ პროექტის გაგრძელების ვალდებულება და გარანტიები კი თავდაცვის კოდექსში გავწერეთ, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი სავალდებულო გაგრძელება ჩემი თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც.
ზემოაღნიშნული დევიზის შესაბამისად ვცდილობდი, ყველაფერი საუკეთესო გამეკეთებინა ჯარისკაცებისთვის: პირადი ეკიპირება, ფორმები, ფეხსაცმელი, მოწესრიგებული სოციალური საკითხები, 50%-ით გაზრდილი ხელფასები, სრულად განახლებული ავტოპარკი, სამხედრო მანქანები, სპეცტექნიკა, ჯავშანმანქანები, განახლებული შეიარაღება, რეზერვების შევსება. გაფორმდა ათეულობით ხელშეკრულება შეიარაღების შესყიდვაზე, აღვადგინეთ და შევიძინეთ საჰაერო თავდაცვის სისტემები, სრულად აღვადგინეთ სამხედრო ავიაცია - თვითმფრინავები და ვერტმფრენები, გავაძლიერეთ არტილერია, ლოჯისტიკა და თავდაცვის ყველა შესაძლებლობა...
ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმ საქმეებისა, რომლებიც ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში ჩვენი ჯარისთვის გაკეთდა.
თუ ვინმემ იცის, რა გავაკეთე ჩემი თავდაცვის მინისტრობისა და პრემიერ-მინისტრობის დროს ჯარისთვის, ეს, პირველ რიგში, ჩვენმა ჯარმა იცის.
ამის დასადასტურებლად კიდევ ერთ ფაქტს გავიხსენებ: 2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა. მხოლოდ ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ჯარის დახურულ უბნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 85–90% მიიღო. ვფიქრობ, მხოლოდ ეს ფაქტიც კი ბევრ რამეზე მეტყველებს.
მნიშვნელოვანი იყო ახალი თავდაცვის კოდექსის მიღება, რომელმაც ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი დაარეგულირა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ერთ-ერთი ყველაზე ანტიეროვნული და მკრეხელური, ე.წ. „გირჩის პროექტი“, რომელმაც 10 000-ზე მეტი ახალგაზრდა შეაცდინა და საშუალება მისცა, თავი აერიდებინათ სამხედრო სამსახურისთვის...
ჩვენ შევზღუდეთ და გავაუქმეთ ეს ანტისახელმწიფოებრივი პროექტი. კოდექსმა ასევე დაარეგულირა სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმა, რომლის თანახმადაც, დღეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა მხოლოდ თავდაცვის უწყებაში ხორციელდება.
შემუშავდა კონკრეტული მოდულები. ექვსთვიანი პროგრამის გავლის შემდეგ ახალგაზრდას მიღებული ექნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა. შედეგად, ქვეყანას ეყოლება ფსიქოლოგიურად და მორალურად მომზადებული, ჯანსაღი პატრიოტები - რეზერვისტები. ამ პროცესის წინასწარი მოსამზადებელი ეტაპი კი იყო და არის სამხედრო ბანაკები სკოლის მოსწავლეებისთვის.
ყოველივე ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, თუ რას ნიშნავს პირადად ჩემთვის ჩვენი ქვეყნისა და მისი თავდაცვის ინტერესები.
და ბოლოს, მე მთელი გულით ვემსახურე ჩვენს ჯარსა და ჩვენს სამშობლოს. ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ჩვენი ქვეყნისთვის, თავად ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის“, - წერია განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ახალ წერილს ავრცელებს - წერილი სრულად
BM.GE
წყარო: bm.ge