
2025 წელს ბიზნესსექტორის ბრუნვა 11%-ით, რეკორდულ ₾253.7 მილიარდამდე გაიზარდა - საქსტატი
2025 წელს ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა წლიურად 11.1%-ით გაიზარდა და 253.7 მილიარდი ლარი შეადგინა, 2024 წლის 228.5 მილიარდი ლარის შემდეგ - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საწარმოთა საქმიანობის შედეგების პუბლიკაციაშია აღნიშნული.
ბიზნესსექტორის ბრუნვის სტრუქტურაში დომინანტ პოზიციას ტრადიციულად გართობისა და ვაჭრობის დარგები ინარჩუნებენ. კერძოდ, ბრუნვის თითქმის 70% სწორედ ამ ორ მიმართულებაზე მოდის:
• ხელოვნება, გართობა და დასვენება - 35.5% (სადაც უდიდესი წილი აზარტული თამაშების სექტორს უკავია); • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი - 33.6%; • დამამუშავებელი მრეწველობა - 7.7%; • მშენებლობა - 6.1%; • ტრანსპორტი და დასაწყობება - 4.6%; • დანარჩენი დარგები - 13.0%.
საქსტატის თანახმად, ბოლო ათწლეულში ქართული ბიზნესის მასშტაბები თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. თუ 2015 წელს კერძო სექტორის ბრუნვა 57.0 მილიარდ ლარს შეადგენდა, პროდუქციის გამოშვება კი 30.0 მილიარდ ლარს უტოლდებოდა, 2025 წელს ბრუნვამ რეკორდულ 253.7 მილიარდ ლარს მიაღწია.
საქსტატის თანახმად, ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც - გასულ წელს გამოშვების საერთო მოცულობამ 99.9 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2024 წლის შედეგზე (90.5 მლრდ ლარი) 10.3%-ით მეტია.
მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესი
საწარმოთა ზომის მიხედვით გადანაწილება აჩვენებს, რომ მსხვილი ბიზნესი ბრუნვის მოცულობაში დომინირებს, თუმცა რეალური პროდუქციის გამოშვებაში გადამწყვეტ როლს მცირე და საშუალო საწარმოები თამაშობენ.
ბრუნვის სტრუქტურა:
• მსხვილი ბიზნესი: 173 004.5 მლნ ლარი (68.2%); • მცირე ბიზნესი: 40 753.0 მლნ ლარი (16.1%); • საშუალო ბიზნესი: 39 968.0 მლნ ლარი (15.8%).
პროდუქციის გამოშვების სტრუქტურა:
განსხვავებით ბრუნვისგან, პროდუქციის გამოშვებაში მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) ჯამური წილი 54.2%-ს აღემატება:
• მსხვილი ბიზნესი: 45 778.8 მლნ ლარი (45.8%); • მცირე ბიზნესი: 27 952.4 მლნ ლარი (28.0%); • საშუალო ბიზნესი: 26 136.5 მლნ ლარი (26.2%).
საწარმოთა ხარჯები
ეკონომიკური აქტივობის ზრდასთან ერთად მოიმატა საოპერაციო ხარჯებმაც:
2025 წელს საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა შესყიდვებმა 123.5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 7.6%-იანი ზრდაა;
აქედან უდიდესი ნაწილი - 76.4 მილიარდი ლარი - გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებზე მოდიოდა (წლიური ზრდა 7.0%).
BM.GE
წყარო: bm.ge