
2026 წელს აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ფერწერული ნამუშევრები - TOP-10
მიმდინარე კვირაში ნიუ-იორკში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი აუქციონები მიმდინარეობს. სწორედ ამ პერიოდში გაიყიდა გასულ წელს გუსტავ კლიმტის ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტი, რომელიც ისტორიაში აუქციონზე გაყიდული მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი გახდა — საბოლოო ღირებულებით $236,36 მილიონი. სანამ წლევანდელი აუქციონების საბოლოო შედეგებს გავიგებთ, გადავხედოთ 2026 წლის ყველაზე ძვირად გაყიდული ფერწერული ნამუშევრების ათეულს.
10. ჟან-მიშელ ბასკია — Museum Security (Broadway Meltdown)
$52,72 მილიონი | Sotheby’s | 14 მაისი, 2026
Museum Security (Broadway Meltdown) 2026 წლის 14 მაისს Sotheby’s-ის ნიუ-იორკის აუქციონზე $52,72 მილიონად გაიყიდა. ნახატი ბასკიას დღემდე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევრების ხუთეულში შედის. მასიური, ორ მეტრზე მეტი სიმაღლის ტილო მხატვრისთვის დამახასიათებელ გრაფიტის სტილშია შესრულებული და დატვირთულია ფრაზებითა და სიტყვებით, რომლებიც ცნობადობის, რასისა და სოციალური კლასის თემებს ეხება.
9. ჟოან მირო — Portrait de Madame K.
$53,53 მილიონი | Christie’s | 18 მაისი, 2026
Portrait de Madame K. 2026 წლის 18 მაისს, ნიუ-იორკში, Christie’s-ის აუქციონზე $53,535 მილიონად გაიყიდა, რითაც ჟოან მიროს ახალი სააუქციონო რეკორდი დამყარდა. 1924 წელს შესრულებული სიურრეალისტური ტილოს პირველი მფლობელი მიროს თანამოაზრე მაქს ერნსტი იყო, რომელიც იმ პერიოდში პარიზში, მხატვრის მეზობლად ცხოვრობდა.
8. კლოდ მონე — Nymphéas
$54,90 მილიონი | Sotheby’s | ივნისი, 2026
კლოდ მონეს ეს ნამუშევარი ბოლოს 2022 წელს $56,5 მილიონად გაიყიდა. საინტერესოა, რომ ამჯერად ტილომ მოლოდინები ვერ გაამართლა და წინა სააუქციონო შედეგზე ნაკლებ ფასად გაიყიდა. ნამუშევარი მონეს შემოქმედების იმ პერიოდს ეკუთვნის, როდესაც მხატვარი ტრადიციული პეიზაჟებიდან მისთვის დამახასიათებელი იმპრესიონისტული სტილისა და ფერთა კომპოზიციების შექმნაზე გადადიოდა.
7. კლოდ მონე — Iris
$58,45 მილიონი | Sotheby’s | 22 ოქტომბერი, 2026
ნამუშევარი 1924–1925 წლებშია შესრულებული. საინტერესოა, რომ აუქციონზე გამოჩენამდე მისი არსებობის შესახებ საზოგადოებისთვის მხოლოდ შავ-თეთრი ფოტოების საშუალებით იყო ცნობილი — ტილო საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში საჯაროდ არ გამოფენილა. აუქციონი პარიზში, 22 ოქტომბერს ჩატარდა. ნამუშევარი საბოლოოდ €50 მილიონად გაიყიდა, რაც დაახლოებით $58,45 მილიონს შეადგენს.
6. ამადეო მოდილიანი — Nu assis au collier
$64,97 მილიონი | Sotheby’s | ივნისი, 2026
მოდილიანის Nu assis au collier ივნისში Sotheby’s-ის აუქციონზე 48,2 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა, რითაც მხატვრის ევროპაში გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი გახდა. საინტერესოა, რომ ტილო იმ ნამუშევრებს შორისაა, რომელთა გამოფენამაც 1917 წელს პარიზში დიდი სკანდალი გამოიწვია. გამოფენის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციას გალერეის დახურვაც კი მოუწია.
5. გუსტავ კლიმტი — Litzlbergkeller
$82,33 მილიონი | Christie’s | 17 ნოემბერი, 2026
გუსტავ კლიმტის Litzlbergkeller 1915–1916 წლებშია შესრულებული. ნამუშევარზე ავსტრიაში მდებარე ერთ-ერთი ტბა და მისი შემოგარენია გამოსახული — ადგილი, სადაც მხატვარი რვა წლის განმავლობაში ზაფხულობით ისვენებდა. საინტერესოა, რომ კლიმტმა ეს პეიზაჟი ტბის მეორე ნაპირიდან, ტელესკოპისა და ღია ბარათების დახმარებით შექმნა. ნამუშევარმა ჯერ კიდევ 1997 წელს მიიქცია ყურადღება, როდესაც $14,7 მილიონად გაიყიდა და კლიმტის მაშინდელი სააუქციონო რეკორდი დაამყარა.
4. ვასილი კანდინსკი — Betonte Ecken
$85,78 მილიონი | Christie’s | 17 ნოემბერი, 2026
ნამუშევარი საინტერესოა იმით, რომ კანდინსკის ბაუჰაუსის პერიოდს ეკუთვნის. 1922–1923 წლებში გერმანიაში ყოფნისას მხატვარი სულ უფრო მეტად ინტერესდებოდა გეომეტრიული ფორმებით, რასაც თავად ნამუშევრის სათაურიც — Betonte Ecken (Accented Corners) — უსვამს ხაზს. აუქციონზე დაფიქსირებული შედეგით კანდინსკის წინა სააუქციონო რეკორდი თითქმის გაორმაგდა: მანამდე მხატვრის ყველაზე ძვირად გაყიდული ნამუშევარი 2023 წელს $44,8 მილიონად გაიყიდა.
3. მარკ როტკო — Brown and Blacks in Reds
$85,78 მილიონი | Sotheby’s | 14 მაისი, 2026
ნამუშევარი 2026 წლის 14 მაისს, ნიუ-იორკში, Sotheby’s-ის აუქციონზე გაიყიდა. იმავე საღამოს ცნობილი არტდილერის, რობერტ მნუჩინის სრული კოლექცია — ჯამში 11 ლოტი — შთამბეჭდავ $166,3 მილიონად გაიყიდა. როტკოს Brown and Blacks in Reds-ის შედეგი მხოლოდ მცირედით ჩამორჩა მხატვრის მაშინდელ სააუქციონო რეკორდს — $86,9 მილიონს, რომელიც 2012 წელს Orange, Red, Yellow-მ დააფიქსირა.
2. მარკ როტკო — No. 15 (Two Greens and Red Stripe)
$98,4 მილიონი | Christie’s | 18 მაისი, 2026
როტკოს კიდევ ერთი ნამუშევარი წლის ყველაზე ძვირად გაყიდული ფერწერული ნამუშევრების სიაში მეორე ადგილს იკავებს. No. 15 (Two Greens and Red Stripe) 2026 წლის 18 მაისს, ნიუ-იორკში, Christie’s-ის აუქციონზე გაიყიდა და მხატვრისთვის ახალი სააუქციონო რეკორდი დაამყარა — წინა რეკორდს, $86,9 მილიონს, დაახლოებით $11,5 მილიონით გადააჭარბა. MoMA-ს პრეზიდენტმა, აგნეს განდიმ ნამუშევარი როტკოს სახელოსნოდან 1967 წელს შეიძინა. აუქციონზე გამოტანამდე ტილო ათწლეულების განმავლობაში განდის მისაღებ ოთახში ეკიდა.
1. ჯექსონ პოლოკი — Number 7A, 1948
$181,2 მილიონი | Christie’s | 18 მაისი, 2026
წლის რეკორდი ჯექსონ პოლოკის Number 7A, 1948-ს ეკუთვნის, რომელიც 2026 წლის 18 მაისს, ნიუ-იორკში, Christie’s-ის აუქციონზე $181,185 მილიონად გაიყიდა და მხატვრის დღემდე ყველაზე ძვირად გაყიდულ ნამუშევრად იქცა. 1948 წელს, პოლოკისთვის დამახასიათებელი „Drip Painting“ ტექნიკით შესრულებული, 3,3-მეტრიანი ტილო განსაკუთრებულია იმითაც, რომ ამ ზომის ნამუშევრების უმეტესობა მუზეუმებშია დაცული, ეს კი კერძო კოლექციაში რჩებოდა.
BM.GE
წყარო: bm.ge