
ტოვებენ თუ არა სტუდენტები უნივერსიტეტებს AI-ს გამო?
ტოვებენ თუ არა სტუდენტები უნივერსიტეტებს AI-ს გამო? - ეს ის კითხვაა, რომელზე პასუხის მიღებაც ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით კი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს აინტერესებთ, რადგან აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი გლობალურ ფენომენად იქცა და უკვე არაერთი სექტორი შეცვალა. მოკლედ, რამდენად საშიშია მოცემულობა და კარგავენ თუ არა თავად უნივერსიტეტები მნიშვნელობას სტუდენტების თვალში - ამ კითხვებზე პასუხს ამ სტატიიდან მიიღებთ.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, აქამდე არნახული ტექნოლოგიური პროგრესი დაფიქსირდა, თუ ChatGPT-ს შემქმნელმა OpenAI-მ თუ Claude-ის შემქმნელმა Anthropic-მა შეძლეს და შექმნეს მძლავრი და მრავალფუნქციური ხელოვნური ინტელექტის მოდელები, რომელთაც არაერთი პროფესიის თითქმის სრულად ჩანაცვლება შეუძლიათ. საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ საერთოდ აღარ აქვს სწავლას აზრი და დროა, რაღაც სხვა გზა მოინახოს, თუმცა, მათ შორის იმიტომაც, რომ ეს სხვა გზა ძალიან ბუნდოვანი ჩანს, ბოლო წლებში გლობალურად უნივერსიტეტებში არა სიცარიელე, არამედ სტუდენტების რაოდენობის ზრდა შეიმჩნევა.
იუნესკოს უმაღლესი განათლების გლობალური ანგარიშების თანახმად, მსოფლიოში სკოლის შემდგომი განათლების მიმღებთა საერთო რაოდენობა 2020 წლის 235 მილიონიდან 2024 წელს რეკორდულ 269 მილიონ ადამიანამდე გაიზარდა, რაც 18-დან 24 წლამდე ასაკის გლობალური პოპულაციის 43%-ს შეადგენს. თუ უფრო ახალ სტატისტიკას შევხედავთ, სურათი კლებისკენ არც ამ კუთხით მიანიშნებს. აშშ-ში უნივერსიტეტებში სტუდენტთა წილი 2025 წლის შემოდგომაზე წინა წელთან შედარებით 1%-ით გაიზარდა. რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მკვეთრი მატება არა, არც კლება არ ფიქსირდება.
ეს სტატისტიკა იმაზე მიუთითებს, რომ სტუდენტები მასობრივად არ ტოვებენ აუდიტორიებს და გლობალური მასშტაბით უმაღლეს განათლებაზე მოთხოვნაც არ მცირდება. რეალური მიზეზი კი სასწავლებლების დატოვებისა, კვლავ ხარჯებია. ამას გამოწვევად ამერიკელი სტუდენტების 59% ასახელებს.
მართალია, AI-ს გამო უნივერსიტეტები არ იცლება, თუმცა, ბოლო თვეებში დამკვიდრდა ტენდენცია, რომ მოსწავლეები არა სასწავლებლიდან მიდიან, არამედ მხოლოდ იცვლიან სპეციალობებს და გადადიან იმ მიმართულებებზე, სადაც ხელოვნური ინტელექტის ჩართვისა და ავტომატიზაციის ალბათობა დაბალია.
ამის მაგალითია, კომპიუტერული მეცნიერებები და კოდირება, რომელიც თუ ათწლეულის განმავლობაში ყველაზე სწრაფად მზარდი სფერო იყო, ახლა მკვეთრ კლებას განიცდის: აშშ-ის ეროვნული სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით, ბაკალავრიატზე კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით მიღება 2025 წლის შემოდგომაზე 8%-ით არის შემცირებული, ხოლო 2026 წლის ოქტომბრის წინასწარი მონაცემებით, ეს ვარდნა უკვე 12.4%-ს აღწევს.
სამაგიეროდ, გაზრდილია მოთხოვნა რობოტიკის მიმართულებაზე, სადაც ათასობით ახალი პროგრამა უკვე დამტკიცდა. როგორც ირკვევა, სტუდენტები ტექ-სფეროში მაინც რჩებიან, მაგრამ გადადიან იქ, სადაც AI დამოუკიდებელად ვერ მოქმედებს და ფიზიკური ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ქცევის ასეთ ცვლილებას დასაქმების სტატისტიკაც ამართლებს. სტენფორდის ციფრული ეკონომიკის ლაბორატორიის მონაცემებით, 2026 წლის ივნისისთვის, 22-დან 25 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც ისეთ პროფესიებს ფლობენ, როგორებზეც AI-მ გავლენა იქონია, 19%-ით უფრო რთულად ახერხებდნენ სამსახურის შოვნას. ეს ეხება კოდირებას, პროგრამირების საწყის დონეს, დიზაინს, თარგმანსა და გრაფიკულ დიზაინს.
სამაგიეროდ, წინ იწევს სხვა არანაკლებ საინტერესო რამდენიმე სფერო. კერძოდ, აშშ-ში 2026 წლის შემოდგომაზე ჯანდაცვისა და საექთნო პროგრამებზე მიღება 6.2%-ით გაიზარდა, ხოლო მექანიკისა და ტექნიკური ხელოსნობის პროფესიები 6.1%-ით უფრო პოპულარული გახდა.
შესაბამისად, მოცემულობა არის ის, რომ სტუდენტებმა მასობრივად დაიწყეს გადასვლა ფიზიკურ, ინფრასტრუქტურულ და კლინიკურ სფეროებზე, სადაც ადამიანური ნდობა და ფიზიკური გარემო ავტომატიზაციას გამორიცხავს.
რა იქნება მომავალში და მოადგება თუ არა ამ სფეროებსაც AI, ეს ახლა რთული სათქმელია, თუმცა აშკარაა, რომ უნივერსიტეტები კვლავ ინარჩუნებენ აქტუალობას და სასწავლებლებიც მოსწავლეთა სიმცირეს არ უჩივიან.
BM.GE
წყარო: bm.ge