
2026 წელს აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ნამუშევრები — TOP-10
2026 წელს გლობალური ხელოვნების ბაზარი გამოცოცხლების ნიშნებს აჩვენებს. ArtTactic-ის მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში Christie’s-ის, Sotheby’s-ისა და Phillips-ის გაყიდვები წლიურად 70%-ით გაიზარდა და $6.8 მილიარდს მიაღწია.
წლის აუქციონებზე გაყიდული 10 ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევრის საერთო ღირებულებამ $767.7 მილიონი შეადგინა. ნამუშევრების უმეტესობა მაისში, ნიუ-იორკში გამართულ აუქციონებზე გაიყიდა, მხოლოდ ამ ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების გაყიდვებმა ჯამურად თითქმის $2.5 მილიარდი შეადგინა.
2026 წლის ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევრების ათეული ასე გამოიყურება.
10. საი ტვომბლი - Untitled - $45.5 მილიონი
საი ტვომბლის „Untitled“ მაისში Christie’s-ის აუქციონზე $45.5 მილიონად გაიყიდა. ტვომბლიმ ნამუშევარი 1961 წელს შექმნა, საცხოვრებლად რომში გადასვლის შემდეგ. სწორედ ამ პერიოდში შექმნა ტვომბლიმ მისთვის დამახასიათებელი, ექსპრესიული სტილი, გრაფიტის ხაზები და მიწისფერი წითელი ფერების ვარიაცია, რომელიც მისი შემოქმედების სავიზიტო ბარათი გახდა მომავალი ათწლეულის განმავლობაში.
9. როი ლიხტენშტეინი - Anxious Girl - $46.1 მილიონი
როი ლიხტენშტეინის „Anxious Girl“ 18 მაისს Christie's-ის აუქციონზე $46.1 მილიონად გაიყიდა. ნახატი ლიხტენშტეინის ყველაზე ცნობილი და იშვიათი სერიის"Girl"-ის ნაწილია. ამ სერიიდან კიდევ ერთი ნამუშევარი "Nurse" 2015 წელს აუქციონზე $95 მილიონად გაიყიდა.
8. ანრი მატისი - La Chaise lorraine - $48.4 მილიონი
ანრი მატისის „La Chaise lorraine“ 19 მაისს აუქციონზე $48.8 მილიონად გაიყიდა. ნამუშევარი ცნობილი ბარბიე-მიულერის კოლექციის ნაწილი იყო. აუქციონი 10 წუთს გაგრძელდა და სავარაუდო წინასწარი ღირებულებაზე ორჯერ უფრო ძვირი შედეგით დასრულდა. შედეგად „La Chaise lorraine“ მატისის ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი გახდა.
7. პაბლო პიკასო - Tête de femme (Fernande) - $48.5 მილიონი
პიკასოს „Tête de femme (Fernande)“ 18 მაისს ნიუ იორკში ჩატარებულ Christie's-ის აუქციონზე $48.5 მილიონად გაიყიდა. 1909 წელს შექმნილი ეს ნამუშევარი პიკასოს პირველი კუბისტური ქანდაკებაა. პიკასომ ქანდაკებაში თავისი მუზა, ფერნანდ ოლივიე, გამოსახა.
6. ჟან-მიშელ ბასკია - Museum Security (Broadway Meltdown) - $52.7 მილიონი
„Museum Security (Broadway Meltdown)“ 2026 წლის 14 მაისს Sotheby’s-ის ნიუ-იორკის აუქციონზე $52.72 მილიონად გაიყიდა, ნახატი ბასკიას დღემდე გაყიდულ ყველაზე ძვირად ღირებულ ნამუშევრების ტოპ ხუთეულში შედის. მასიური ორ მეტრიანი ტილო მხატვრისთვის დამახასიათებელ გრაფიტის სტილშია შესრულებული და დატვირთულია ფრაზებითა და სიტყვებით, რომლებიც ცნობადობის, რასისა და სოციალური კლასის თემებს ეხება.
5. ჟოან მირო - Portrait de Madame K. - $53.5 მილიონი
„Portrait de Madame K.“ 2026 წლის 18 მაისს, ნიუ-იორკში, Christie’s-ის აუქციონზე $53.535 მილიონად გაიყიდა. შედეგად, მიროს ახალი სააუქციონო რეკორდი დამყარდა. 1924 შესრულებული სიურრეალისტური ტილოს პირველი მფლობელი მიროს თანამოაზრე მაქს ერნსტი იყო, რომელიც იმ პერიოდში პარიზში მის მეზობლად ცხოვრობდა.
4. მარკ როტკო - Brown and Blacks in Reds - $85.8 მილიონი
ნამუშევარი 2026 წლის 14 მაისს, ნიუ-იორკში, Sotheby’s-ის აუქციონზე გაიყიდა. ამ საღამოს ცნობილი არტ დილერის რობერტ მნუჩინის სრული კოლექცია, ჯამში 11 ლოტი, შთამბეჭდავ $166.3 მილიონად გაიყიდა. როტკოს „Brown and Blacks in Reds“-ის შედეგი მხოლოდ მცირედით ჩამორჩა მხატვრის მაშინდელ სააუქციონო რეკორდს — $86.9 მილიონს, რომელიც 2012 წელს „Orange, Red, Yellow“-მ დააფიქსირა.
3. მარკ როტკო - No. 15 (Two Greens and Red Stripe) — $98.4 მილიონი
როტკოს კიდევ ერთი ნამუშევარი წლის ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევრების სიაში მესამე ადგილს იკავებს. „No. 15 (Two Greens and Red Stripe)“ 2026 წლის 18 მაისს, ნიუ-იორკში, Christie’s-ის აუქციონზე გაიყიდა და როტკოსთვის ახალი სააუქციონო რეკორდი დაამყარა — წინა რეკორდს, $86.9 მილიონს, $11.5 მილიონით გადააჭარბა. MoMA-ს პრეზიდენტმა, აგნეს განდიმ ნამუშევარი როტკოს სახელოსნოდან 1967 წელს შეიძინა. აუქციონზე გასვლამდე როტკოს ტილო განდის მისაღებ ოთახში ათწლეულების განმავლობაში თითქმის ხელშეუხებლად ეკიდა.
2. კონსტანტინ ბრინკუში - Danaïde $107.6 მილიონი
წლის ყველაზე ძვირად ღირებული ქანდაკება, კონსტანტინ ბრინკუშის „Danaïde“ 2026 წლის 18 მაისს, ნიუ-იორკში, Christie’s-ის აუქციონზე $107.6 მილიონად გაიყიდა. „Danaïde“-ის სულ ექვსი ვერსია არსებობს, თუმცა აუქციონზე გაყიდული ერთადერთი მოოქროვილი ნიმუშია, რომელიც ჯერ კიდევ კერძო კოლექციაში რჩება — დანარჩენი ოთხი მუზეუმებშია დაცული, მათ შორის პარიზის Centre Pompidou-სა და ლონდონის Tate-ში.
1. ჯექსონ პოლოკი - Number 7A - $181.2 მილიონი
წლის რეკორდი პოლოკის „Number 7A“-ს ეკუთვნის, რომელიც 2026 წლის 18 მაისს, ნიუ-იორკში, Christie’s-ის აუქციონზე, $181.185 მილიონად გაიყიდა და პოლოკის დღემდე ყველაზე ძვირად გაყიდული ნამუშევარია. 1948 წელს, პოლოკისთვის დამახასიათებელი "drip painting" ტექნიკით შესრულებული 3.3 მეტრიანი ტილო, ბოლო ნამუშევარია, რომელიც ჯერ კიდევ კერძო საკუთრებაში რჩება (ამ ზომის ნამუშევრების უმრავლესობა მუზეუმებში ინახება).
BM.GE
წყარო: bm.ge