
232,885 ლარი ანაზღაურების სახით - რა ქონებას ფლობს სემეკის წევრი გიორგი ფანგანი?
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2026 წლის 5 თებერვალში შეავსო, რომლის მიხედვითაც, ჰყავს მეუღლე და 6 შვილი.
დოკუმენტის თანახმად, ფანგანის მიერ 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებულმა შემოსავალმა სემეკის კომისიის წევრის პოზიციაზე, ჯამში, 232,885 ლარი შეადგინა (ორი ჩანაწერის სახით: 227,033.52 ლარი და 5,852.43 ლარი).
დეკლარაციის მიხედვით, ანაზღაურებად სამუშაოს ასრულებდა მისი მეუღლე, თამარ ჟიჟიაშვილიც, რომელმაც სს „სოკარ გაზ დისტრიბუშენში“ მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე წლიური შემოსავლის სახით 28,944 ლარი მიიღო.
საბანკო ანგარიშები, დანაზოგი და ქონება
• ნაღდი ფული: გიორგი ფანგანს დანაზოგის სახით მითითებული აქვს 15,000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულადი თანხა. • საბანკო ანგარიშები: დეკლარაციის შევსების მომენტში, ფანგანს „თი-ბი-სი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 2,270.6 ლარის ოდენობის უარყოფითი ბალანსი (დავალიანება), ხოლო „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო ანგარიშზე 4,650 ლარის დავალიანება ერიცხებოდა. ამავე ბანკის „ჩემი სეიფის“ ანგარიშებზე მას 1,639.11 ლარი, 6.85 ევრო და 2.18 ევრო ჰქონდა. • ძვირადღირებული მოძრავი/უძრავი ქონება: ფანგანის მეუღლე, თამარ ჟიჟიაშვილი, ფლობს 600 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს დაბა კოჯორში („ელფია“), რომელიც 2017 წელს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს შეძენილი. მისსავე საკუთრებაშია ორი მსუბუქი ავტომანქანა: 2018 წელს 10,000 დოლარად შეძენილი Audi Q5 და 2022 წელს 15,000 დოლარად შეძენილი Infiniti QX60. • წილები ბიზნესში: თამარ ჟიჟიაშვილი ფლობს 55%-იან წილს შპს „აგროლაინში“, საიდანაც გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია. თავად გიორგი ფანგანი ფლობდა 40%-იან წილს შპს „ჯი დი ჯი საქართველოში“, თუმცა აღნიშნული საწარმო 2019 წელს ლიკვიდირებულია.
დეკლარაციაში ასევე მითითებულია ოჯახის წევრების სწავლის გადასახადის გასავლები 2025 წლის განმავლობაში:
• თამარ ჟიჟიაშვილის სწავლის გადასახადი - 1,800 ევრო; • ელენე ფანგანის სწავლის გადასახადი - 2,400 აშშ დოლარი; • ილია ფანგანის სწავლის გადასახადი - 2,500 აშშ დოლარი; • მარიამ ფანგანის სწავლის გადასახადი - 2,500 აშშ დოლარი.
დეკლარაციის მიხედვით, ოჯახს საკუთრებაში არ აქვს ბინა, ან სხვა უძრავი ქონება.
ფანგანის ბიოგრაფიის მიხედვით, 2015 წლის ოქტომბრიდან არის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი. მანამდე, 2010–2015 წლებში, იგი იკავებდა სემეკის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას. მისი პროფესიული გამოცდილება ასევე მოიცავს სს „თელასში“ იურისტის პოზიციაზე მუშაობას. 2017 წლიდან 2019 წლამდე იგი გახლდათ ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს (ECRB) პრეზიდენტი.
BM.GE
წყარო: bm.ge