
$26-მილიონიანი დონაცია, 1000 სტუმარი და პოლ მაკარტნის პერფორმანსი - რა ვიცით ტეილორ სვიფტის ქორწილზე?
პოპვარსკვლავმა ტეილორ სვიფტმა და NFL-ის Kansas City Chiefs-ის სპორტსმენმა ტრევის კელსიმ 2026 წლის 3 ივლისს ნიუ-იორკის ლეგენდარულ "მედისონ სკვერ გარდენში" (Madison Square Garden) ოფიციალურად იქორწინეს. ეს წლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ვარსკვლავური ღონისძიება იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ვარსკვლავურ ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო მდიდრული დეკორი, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და ცნობილი ადამიანებით სავსე სტუმრების სია, რამაც ეს ქორწილი ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მოვლენად აქცია.
ტეილორისა და ტრევისის საერთო ქონების გათვალისწინებით, რომელიც $2 მილიარდს აჭარბებს, გასაკვირი არ არის, რომ წყვილმა ამ მნიშვნელოვანი დღისთვის ფული არ დაინანა. ლეგენდარული არენის ტრანსფორმაციიდან დაწყებული, ექსტრავაგანტური დღესასწაულის ორგანიზებით დასრულებული - ქორწილი, გავრცელებული ცნობებით, მრავალ მილიონ დოლარამდე დაჯდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქორწილის დეტალების უმრავლესობა კვლავ საიდუმლოდ რჩება, ერთი ასპექტი ცნობილია: წყვილმა ქორწილის წინა დღეს 20 სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის $26 მილიონის შემოწირულება გაიღო - ინფორმაცია ამის შესახებ თავად ორგანიზაციებმა გაავრცელეს, მოგვიანებით კი, სვიფტის პრესმდივანმა, ტრი პეინმა, გამოცემა "The Athletic"-თან შემოწირულების მთლიანი მოცულობა დაადასტურა.
ნიუ-იორკში დაფუძნებული ცხრა საქველმოქმედო ორგანიზაციის მხარდაჭერის გარდა (რაც პირდაპირ უკავშირდება ქორწილის ადგილმდებარეობას), სვიფტმა და კელსიმ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიღეს თანხები იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუშაობენ ხელოვნების, ცხოველთა კეთილდღეობის, შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის, სამედიცინო კვლევებისა და სხვა მიმართულებებით.
გამოცემა "Hollywood Life"-მა მოაგროვა ყველა დეტალი იმის შესახებ, თუ რა დაჯდა ტეილორისა და ტრევისის ეს მდიდრული ქორწილი ნიუ-იორკში.
წყვილი ცერემონიაზე ოფიციალურად მსახიობმა ადამ სენდლერმა დააქორწინა, რასაც დაახლოებით 1 000 სტუმარი დაესწრო.
ცერემონიამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანდა, როგორ ცლიდნენ დიდი სატვირთო მანქანები აღჭურვილობას MSQ არენის გარეთ, მიმდებარე ქუჩები კი გადაიკეტა და უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრდა.
ცერემონიის დასრულების შემდეგ, "მედისონ სკვერ გარდენის" გარე ტაბლოზე აინთო წარწერა "JUST&T MARRIED" (ახლადდაქორწინებულები), რამაც გარეთ შეკრებილ ფანებს ქორწინების ფაქტი დაუდასტურა.
რა დაჯდა ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი?
გავრცელებული ინფორმაციით, სვიფტმა და კელსიმ ქორწილისთვის ფული არ დაიშურეს. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ზუსტი ბიუჯეტი არ დაუდასტურებია, ღონისძიებების არაერთმა ექსპერტმა ეს მდიდრული ცერემონია ათეულობით მილიონ დოლარად შეფასა.
ქორწილამდე გამოცემა TMZ იტყობინებოდა, რომ კერძო ღონისძიებისთვის "მედისონ სკვერ გარდენის" დაქირავება ღამეში დაახლოებით 1 მილიონი დოლარი ჯდება, თუმცა ლეგენდარული არენის მდიდრულ საქორწილო სივრცედ გარდაქმნამ საერთო ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა.
ფუფუნების კლასის ღონისძიებების ორგანიზატორებმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადეს, რომ საერთო ღირებულება შესაძლოა 10-დან 20 მილიონ დოლარამდე ყოფილიყო, ხოლო ვარსკვლავურმა დიზაინერმა ედუარდ პეროტიმ მოგვიანებით ივარაუდა, რომ საბოლოო თანხამ შესაძლოა 35-დან 50 მილიონ დოლარამდე მიაღწია, თუ გავითვალისწინებთ არენის ქირას, დეკორს, კეიტერინგს, ტექნიკურ უზრუნველყოფას, პერსონალის ანაზღაურებასა და ლოგისტიკას.
უშუალოდ ქორწილის ხარჯების გარდა, ნიუ-იორკის მერმა ზოჰრან მამდანიმ დაადასტურა, რომ ტეილორმა და ტრევისმა ქალაქის მოსაკრებლებისა და ნებართვების სახით 160 000 დოლარზე მეტი გადაიხადეს, რაც ქუჩების გადაკეტვას, მოძრაობის რეგულირებასა და უსაფრთხოებისთვის პოლიციის გაძლიერებულ მობილიზებას მოიცავდა.
ვინ ესწრებოდა ვარსკვლავურ ქორწილს?
ცნობილი მუსიკოსებიდან დაწყებული, პროფესიონალი სპორტსმენებითა და მათი მეუღლეებით დასრულებული - გრანდიოზულ ქორწილს დაახლოებით 1 000 სტუმარი დაესწრო.
სტუმრებს შორის წყვილის უახლოესმა ოჯახის წევრებმა განსაკუთრებული როლები შეასრულეს. ტეილორის ძმა, ოსტინ სვიფტი, მისი მეჯვარე (man of honor) იყო, ხოლო ტრევისის ძმა და პოდკასტის თანაწამყვანი, ჯეისონ კელსი - სიძის მეჯვარე.
სვიფტის უახლოესი წრიდან ქორწილს დაესწრნენ მსახიობები ემა სტოუნი და დაკოტა ჯონსონი, დები ჰაიმები - დანიელი, ესტე და ალანა, და დიზაინერი ეშლი ავიონიონი. სტუმრებს შორის იყვნენ მოდელი კარლი კლოსი და მისი მეუღლე, ჯოშუა კუშნერი, რომლებიც ღონისძიებისკენ მიმავალ გზაზე გადაიღეს.
სვიფტის რამდენიმე მეგობარი სცენაზეც გამოვიდა, მათ შორის Fleetwood Mac-ის სტივი ნიქსი, რომელმაც პარასკევს რეპეტიცია გაიარა. გავრცელებული ცნობებით, დაგეგმილი იყო ნიქსისა და პოლ მაკკარტნის ერთობლივი გამოსვლა.
არენაზე გამართულ დღესასწაულს სვიფტის უახლოესი მეგობრები - ჯიჯი ჰადიდი (პარტნიორ ბრედლი კუპერთან ერთად), სელენა გომესი და ლინა დენჰემიც დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის ბევრი სხვა ცნობილი სახეც დააფიქსირეს, მათ შორის სეთ მეიერსი, ტეიტ მაკრეი, სინდი კროუფორდი, გრეისი აბრამსი, ბეკი (Beck), ბრედ პიტი და ტომ ბრედი. მოსალოდნელ სტუმრებს შორის არიან გუნდში კელსის უახლოესი მეგობრები, მათ შორის მთავარი მწვრთნელი ენდი რეიდი და თანაგუნდელი პატრიკ მაჰოუმსი
აღსანიშნავია, რომ ქორწილიდან 1 კვირის შემდეგაც, ცერემონიიდან ფოტო/ვიდეო მასალა საჯაროდ არ გავრცელებულა, გარდა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიზუალებისა. ამ დრომდე უცნობია, როგორ გამოიყურებოდა წყვილი ქორწილის დღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, წყვილმა სტუმრებს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზეც მოაწერინეს ხელი.
BM.GE
წყარო: bm.ge