
3 თვეში თბილისში $958 მილიონის ღირებულების 10 907 ბინა გაიყიდა - Galt & Taggart
2026 წლის პირველ კვარტალში თბილისში სულ 10,907 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ 958 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გაყიდული ბინების რაოდენობა წლის ჭრილში 16%-ით არის გაზრდილი, ხოლო ბაზრის ზომა 23.1%-ით. ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაშია აღნიშნული.
კვლევის მიხედვით, 2026 წლის მარტში მოთხოვნა პირველად ბაზარზე შენელდა, თუმცა წლიურ ჭრილში კვლავ ზრდა დაფიქსირდა, წინა წლის დაბალი ბაზის ეფექტის გამო. მეორე მხრივ, გაყიდვებმა მეორად ბაზარზე რიგით მეორე უმაღლეს ნიშნულს მიაღწია 2022 წლის შემდეგ.
მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი ზედიზედ მე-6 თვეა წლიურად მცირდება.
საინვესტიციო ბანკის თანახმად, ფასის ზრდა ორივე ბაზარზე გაგრძელდა - პირველადი ბაზრის ფასები ზომიერი ტემპით გაიზარდა ძლიერი მოთხოვნისა და ნებართვების შემცირების ფონზე.
მოთხოვნა
2026 წლის მარტში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 4,121 შეადგინა, აქედან:
• მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 26.9%-ით გაიზარდა და 2,068 შეადგინა (პირველ კვარტალში +15.1% წ/წ).
• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 36%-ით გაიზარდა და 2,053 შეადგინა (პირველ კვარტალში +16.6% წ/წ).
Galt & Taggart-ის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026 წლის მარტში მოთხოვნა პირველად ბაზარზე შენელდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, წლიურად 8.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა (ჯამურად 2026 წლის პირველ კვარტალში +16.9% წ/წ). ზრდა მეტწილად გასული წლის დაბალ ბაზას ასახავს, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობით იყო განპირობებული.