
47 მარკეტი და 20 წელი ბაზარზე - ვინ ფლობს "ზღაპარს", რომელიც იყიდება?
47 მარკეტი, 97 მილიონი ლარის შემოსავალი და 1.1 მილიონი ლარის ზარალი 2025 წელს - ასეთია სუპერმარკეტების ქსელ "ზღაპარის" ზოგადი ფინანსური მაჩვენებლები, რომლის შესყიდვასაც ბიზნესმენ მინდია საბანაძის კომპანია შპს „აი ჯი რითეილი" გეგმავს.
ამჟამად კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო კომპანიების კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობას განიხილავს.
შპს „ზღაპარი“ FMCG ბაზრის საცალო რეალიზაციის დონეზე ოპერირებს. მისი პირველი სუპერმარკეტი თბილისში 2006 წელს, ჭიჭინაძის 17 ნომერში გაიხსნა. უახლესი მონაცემებით კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 47 მარკეტი აქვს.
სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, „ზღაპრის“ დირექტორი თამარ უდესიანია, ხოლო წილები ასე ნაწილდება:
• გია არსენიძე - 26.67% • კონსტანტინე გელაშვილი - 26.67% • ზურაბი არსენიძე - 18.33% • უზეირ ოზერ/თურქეთი/ - 12.5% • ლევან ფიჩხაია - 12.5% • ნუნუ ლეჟავა - 3.33%
"ზღაპრის" ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2025 წლის 31 დეკემბრით დასრულებული წლისათვის, კომპანიამ 97 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო საანგარიშო პერიოდის სრულმა ზარალმა 1.1 მლნ ლარი შეადგინა. 2024 წელს ზარალი 5.2 მლნ ლარი იყო. 2025 წლის ბოლოსთვის კომპანიის დაგროვილმა ზარალმა კი 9.8 მლნ ლარი შეადგინა.
რაც შეეხება კომპანია, რომელიც "ზღაპარს" ყიდულობს, სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, შპს „აი ჯი რითეილი" 2026 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა. მისი დირექტორი ნოდარ საბანაძე, მფლობელი კი აშშ-ში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება IG international-ია, რომლის ბენეფიციარი მფლობელიც მინდია საბანაძეა. აღნიშნული ჰოლდინგი საქართველოში მათ შორის City Mall-ის სავაჭრო ცენტრებს ფლობს და მართავს.
BM.GE
წყარო: bm.ge