
დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად არ უნდა გამოგვიყენონ | კახა კალაძე
მზად ვართ ევროკავშირთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, მაგრამ დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად არ უნდა გამოგვიყენონ - ეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ არის საქართველო მიწვეული ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე, კახა კალაძის თქმით, ხელისუფლებას არაერთხელ აქვს დაფიქსირებული მზაობა ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებაზე, თუმცა ეს ყველაფერი ორმხრივი უნდა იყოს და ადგილი არ უნდა ჰქონდეს ბრძანებების გაცემას.
„ჩვენი პასუხი ძალიან მარტივია. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა მზაობა, თანამშრომლობის, ურთიერთობის გაღრმავების, ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ინტერესები იყოს შელახული და დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოგვიყენონ. ასე არ გამოვა. პარტნიორობა, მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი და არა ზემოდან ყურება, ბრძანებების გაცემა. ევროპა რატომ გვინდა? რა იყო მთავარი ამოცანა და მიზანი? - რა თქმა უნდა, თავისუფლება.
გვიკრძალავენ, გვეუბნებიან, გვემუქრებიან, გვაშანტაჟებენ, რომ ეს არ უნდა გააკეთოთ, რატომ მიიღეთ, შემდეგ თვითონ იგივეს აკეთებენ. მგონი, ძალიან მარტივად შეუძლია საზოგადოებას გააკეთოს შეფასებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით", - ამბობს კალაძე.
საქართველო მომავალ კვირაში დაგეგმილ გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის. ეს გუშინ, 9 ნოემბერს, ევროკომისიის პრესსპიკერმა გიომ მერსიემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კვლავ შეზღუდულ რეჟიმში დარჩება, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება არსებული კურსის ცვლილების მზაობას არ გამოავლენს, როგორც ეს გაფართოების შესახებ ანგარიშშია აღწერილი.
"როგორც იცით, საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა კვლავ შეზღუდული რჩება, ვიდრე ხელისუფლება არ გამოავლენს მტკიცე მზაობას, შეცვალოს არსებული კურსი როგორც ეს გაფართოების შესახებ ანგარიშშია აღწერილი. რაც შეეხება მომავალ კვირას დაგეგმილ გაფართოების ფორუმის შეხვედრას, შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველო მასზე მიწვეული არ არის", - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
4 ნოემბერს ევროკომისიამ მორიგი კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა საქართველოზე.
„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებული რჩება, ხოლო კომისიის შეფასება იმის შესახებ, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა, ძალაში რჩება. საქართველო კვლავ ვერ ახერხებს კომისიის მიერ კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული ცხრა რეკომენდაციის შესრულებას, ვინაიდან მმართველი პარტია განაგრძობს დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო სივრცისთვის ძირის გამოთხრას, ამავდროულად კი ხელს უწყობს სახელმწიფოს შემდგომ მიტაცებას.
თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლის კურსს და ხელახლა არ აიღებს ვალდებულებას იმ ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირში გაწევრიანებას, საქართველო კვლავ დაკარგავს კანდიდატის სტატუსისა და გაწევრიანებამდე პროცესისგან მიღებულ სარგებელს. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უცვლელად რჩება, ისევე როგორც მისი მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ", - აღნიშნულია დოკუმენტში.
BM.GE
წყარო: bm.ge