
თბილისის მერია რუსთაველის გამზირის საახალწლო განათებაზე ₾2.5 მილიონის დახარჯვას გეგმავს
თბილისის მერიის "თბილსერვის ჯგუფი" რუსთაველის გამზირის საახალწლოდ მორთვისთვის 2.5 მლნ ლარის [2 499 885 ლარი] გამარტივებულ შესყიდვაზე ითხოვს ნებართვას. შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, საჭიროა 2D ფიგურების, მანათობელი თოკის და კვების ბლოკების შესყიდვა.
სახელმწიფო კომპანიაში განმარტავენ, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის გამო საახალწლო გაფორმების კონცეფციის ცვლილება გახდა საჭირო. ახალი რეაბილიტირებული სივრცისთვის შესაბამისი ილუმინაციების შესყიდვა და მონტაჟი 2026 წლის 10 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
"რუსთაველის გამზირზე არსებული რეაბილიტაციის სამუშაოებიდან გამომდინარე შპს“ თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების სამსახური ახორციელებს ახალი ბოძების და სანათების მონტაჟს, რამაც გამოიწვია რუსთაველის გამზირის კონცეფციის ცვლილება და თბილისის მერიის დავალებით საჭიროა ახალი რეაბილიტირებული რუსთაველის გამზირის საახალწლო მორთვისთვის საჭირო ილუმინაციების შესყიდვა.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ვალდებულია სამუშაოების შესრულება უზრუნველყოს მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე. იმის გათვალისწინებით, რომ 2027 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, ძირითადად ინტელექტუალურ მომსახურებასთან და ინდივიდუალურ აღქმასთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანია ვიზუალური დეტალები და ლოკაციის თავისებურებების გათვალისწინება.
ზემოაღნიშნული საკითხი, თავის მხრივ დროში შეზღუდვას იწვევს, ღონისძიების ჩატარება კი შეზღუდულ ვადებში უნდა განხორციელდეს, შესაბამისად 2D ფიგურების, მანათობელი თოკის და კვების ბლოკების შესყიდვა წინასწარ ვერ იქნებოდა დაგეგმილი.
შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოსათვის, შესაბამისად აუცილებელია 2027 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საახალწლოდ გამზირის მორთვა/გაფორმებისათვის მანათობელ ფიგურათა კონსტრუქციების შესყიდვა, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „თბილსერვის ჯგუფი“, საახალწლო ღონისძიებათა ფარგლებში, საკუთარი სახსრებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, უზრუნველყოფს მანათობელ ფიგურათა კონსტრუქციების შესყიდვას 2 499 885 ლარის ფარგლებში", - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.
შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოების ჩატარება 14 დღეში უნდა უზრუნველყოს. 2.5 მლნ ლარი ასე დაიხარჯება: 2D ფიგურები 900 ცალი; მანათობელი თოკი 1450 ცალი; განათების თოკი - 72000 მეტრი; კვების ბლოკები - 95 ცალი.
BM.GE
წყარო: bm.ge