
500 მლნ მ³ გაზი შემოვა 20-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე - კობახიძე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან დამატებითი გაზის ხელშეკრულებაზე მიღწეული შეთანხმებით საქართველო დამატებითი გაზის ხელშეკრულებით კვლავ 500 მლნ მ3 გაზი შემოვა.
ასე უპასუხა მან BMG-ის კითხვას, რომელიც აზერბაიჯანთან განახლებული კონტრაქტის პირობებს შეეხებოდა.
"არ ვიცი ამ დეტალებში შეიძლება შევიდეთ თუ არა, მაგრამ კიდევ ერთხელ, რაც შეეხება მთავარ არსს, იყო 20-წლიანი ხელშეკრულება, რომელსაც ვადა ეწურებოდა წელს. ეს 20-წლიანი [ხელშეკრულება] გახანგრძლივდა 20 წლით. მოცულობა არ შეცვლილა. ანუ იგივე 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი საქართველოში შემოვა ამ 20-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. ეს არის გარანტირებული მოცულობა და ფასი იქნება ისევ სოციალური, როგორც მანამდე იყო დადგენილი", - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე რომელი მილსადენით მიიღებს საქართველო აზერბაიჯანიდან გაზს და დათმობს თუ არა თავის წილს სამხრეთ კავკასიის მილსადენში (SCP), რათა აზერბაიჯანულმა მხარემ ევროკავშირისთვის უფრო მეტი გაზი მიწოდება შეძლოს.
კობახიძე პასუხობს: "ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რაც შეეხება შაჰდენიზს: სამი ძირითადი მიმართულებაა ხომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდებაზე, იმპორტზე და ტრანზიტზე. არის შაჰდენიზი, არის ეს 20-წლიანი ხელშეკრულება და არის კიდევ მესამე ხელშეკრულება, რომელიც ძალიან კარგი პირობებით აქვს ასევე საქართველოს. მთლიანობაში ჩვენი შეთანხმება შეეხებოდა სამივე მიმართულებას და ქვეყანამ მიიღო იდეალური პირობები. ისე, რომ მოცულობები, მაგალითად შაჰდენიზთან დაკავშირებით თუ ზოგადად მოცულობები გაინტერესებთ, მოცულობები არ შემცირებულა, პირიქით, გარანტირებული მოცულობა გაეზარდა ქვეყანას, რაც იყო ერთ-ერთი მთავარი მიღწევა. ანუ, საქართველოს გაეზარდა გარანტირებული მოცულობა, რასაც მიიღებს აზერბაიჯანიდან იმპორტის სახით".
სემეკის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 2.27 მლრდ მ³ გაზი მიიღო. აქედან 666 მლნ მ³ იმპორტი, ხოლო 1,371 დამატებითი და ოფციური ხელშეკრულებით მიღებული გაზია. უშუალოდ სამხრეთ კავკასიური გაზსადენით ქვეყანამ 235 მლნ მ³ გაზი მიიღო. გასულ წელთან შედარებით აზერბაიჯანიდან მიღებული გაზის მოცულობა 1.6%-ით არის შემცირებული.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელთან შედარებით გაზრდილია სამხრეთ კავკასიური გაზსადენიდან მიღებული ბუნებრივი აირის მოცულობა. ასე მაგალითად, თუ 2025 წელს SCP-დან საქართველომ 70 მლნ მ³ გაზი მიიღო, შარშან ეს მაჩვენებელი 235 მლნ მ³-მდე გაიზარდა.
სემეკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ასევე აჩვენებს, რომ რუსეთიდან გაზის იმპორტი კვლავ მზარდია. 2025 წელს რუსეთიდან საქართველომ 886 მლნ მ³ გაზი იყიდა, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. გასულ წელს ქვეყანამ ჯამში 3,172 მლრდ მ³ ბუნებრივი აირი მოიხმარა.
ვრცლად ამ თემაზე: აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი 2025 წელსაც შემცირდა, რუსეთიდან კი გაიზარდა
BM.GE
წყარო: bm.ge