მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი აფხაზეთში, ეს საკმარისია, რათა ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრას - კობახიძე
680 ტონა საწვავი იყო შეტანილი აფხაზეთში, ეს საკმარისია, რათა ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრას - კობახიძე

680 ტონა საწვავი იყო შეტანილი აფხაზეთში, ეს საკმარისია, რათა ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრას - კობახიძე

BM.GE18 აგვისტო, 2026, 16:48|bm.ge

ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, დაახლოებით 680 ტონა საწვავია შეტანილი. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნული მოცულობა საკმარისია, რათა აფხაზეთში შექმნილი ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრას.

„როგორც ვიცი, გუშინდელი მდგომარეობით დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი. ეს არ არის დიდი მოცულობა, თუმცა არის საკმარისი იმისათვის, რომ ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრას აფხაზეთში. ჩვენ გვექნება მუდმივი კომუნიკაცია და ამის მიხედვით გაგრძელდება პროცესი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კობახიძის თქმით, საწვავის შეტანა კერძო ბიზნესის ინიციატივით განხორციელდა და გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობასთან იყო შეთანხმებული. პრემიერის განცხადებით, ხელისუფლებისთვის მთავარი მოტივი არა ეკონომიკური სარგებელი, არამედ აფხაზურ საზოგადოებასთან ნდობის აღდგენა იყო.

„ჩვენთან შეთანხმებული იყო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. არსებობს საკანონმდებლო აქტები, რომლის საფუძველზეც ასეთი ტრანზაქციები ხორციელდება და, რა თქმა უნდა, მთავრობასთან იყო შეთანხმებული ეს ნაბიჯი. ბუნებრივია, აქვს თავისი პოლიტიკური მგრძნობელობა ასეთ საკითხებს, შესაბამისად, შეთანხმებული იყო მთავრობასთან ბიზნესის მხრიდან, როდესაც ბიზნესმა გამოთქვა ასეთი ინტერესი, როდესაც ბიზნესმა მიიღო ეს წინადადება. ჩვენ დავინახეთ სარგებელი, მათ შორის, ნდობის აღდგენის კუთხით“, - განაცხადა მან.

ირაკლი კობახიძის თქმით, არ იცის ზუსტად თუ ვინ იყო მოლაპარაკებაში მეორე მხარე, თუმცა სავარაუდოდ ეს ბიზნესი იქნებოდა.

„არ ვიცი კონკრეტულად, ვისთან ჰქონდათ საუბარი, მაგრამ შეიქმნა საწვავის დეფიციტი, ეს იყო პრობლემა და თხოვნა იყო ამ საწვავის დეფიციტის შევსებასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც მომართა ბიზნესმა და ჩვენ მივიღეთ მხარდამჭერი გადაწყვეტილება.

იქ პარტნიორებზეც იყო საუბარი, შეიძლება იქიდანაც იყვნენ ბიზნესმენები, ვერ გეტყვით. სავარაუდოდ, იქიდანაც იყო ბიზნესი, რომლებსაც ჰქონდათ საწვავის დეფიციტი. შეიძლება მათ მიმართეს, შეიძლება სხვამ მიმართა. მაგრამ ჩვენთვის მთავარი იყო ის, რომ იყო დეფიციტი, გაკეთდა იქიდან მიმართვა ბიზნესის მიმართ და შემდეგ ბიზნესმა შეგვითანხმა ეს საკითხი და ასე დალაგდა ეს ყველაფერი“, - აღნიშნა კობახიძემ.

პრემიერის განცხადებით, ხელისუფლებისთვის საწვავის მიწოდების მთავარი მიზანი ნდობის აღდგენის პროცესია და არა ფინანსური სარგებლის მიღება.

„ჩვენთვის ეს არის თავიდან ბოლომდე ნდობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებული. ჩვენთვის, როგორც ხელისუფლებისთვის, მთავარი ამოსავალი წერტილი აქ ფულის შოვნა არ იყო. შეიძლება ბიზნესის მიზანი იყოს ფულის შოვნა, ჩვენი მიზანი არის ნდობის აღდგენა. ერთადერთი მოტივი, რატომაც მივიღეთ მხარდამჭერი გადაწყვეტილება, იყო სწორედ ეს ხედვა — ნდობის აღდგენისკენ მიმართული ნაბიჯი“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, საწვავის შეტანა ოკუპაციის შესახებ კანონით დადგენილ ჩარჩოებში განხორციელდა.

„ყველაფერი გაკეთდა აბსოლუტურად ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში. ყველაფერი გაკეთდა ამ ჩარჩოებში, დანარჩენი დეტალები შეგიძლიათ დააზუსტოთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მან ასევე უარყო შეფასებები, თითქოს აფხაზეთში საწვავის შეტანა რუსეთის მომარაგებას უკავშირდება.

„ბევრი აბსურდული განცხადება მოისმინეთ ამასთან დაკავშირებით. ისტერიული კამპანია იყო ზოგადად, იმიტომ, რომ ჩვენს ოპონენტებს არ მოსწონთ ნდობის აღდგენის პროცესი და ისტერიკა ამას უკავშირდებოდა. რაც შეეხება რუსეთის მომარაგებას, რუსეთის მოხმარება რაც არის, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ამის 0,001%-ია ის საწვავი, რაც შედის აფხაზეთში. ახლა აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთი მარაგდება იმ საწვავით, რომელიც შედის აფხაზეთში“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საწვავის დეფიციტს აფხაზეთში ჰუმანიტარული გავლენა აქვს და პრობლემა მხოლოდ საავადმყოფოების მომარაგებას არ ეხება.

„რაც შეეხება ჰუმანიტარულ მხარეს, ამაზე დასვით კითხვა. საავადმყოფო არ მარაგდება და თქვენ ერთი წამი წარმოიდგინეთ საქართველოში, ღმერთმა დაიფაროს, ცარიელი ბენზინგასამართი სადგურები. როგორი ჰუმანიტარული ეფექტი ექნება ამ ყველაფერს? რა შუაშია აქ მხოლოდ საავადმყოფო? როდესაც საწვავი არ არის ქვეყანაში, ამას აქვს უმძიმესი ჰუმანიტარული უარყოფითი ეფექტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საწვავი სახელმწიფოს არ შეუტანია და ის კერძო ბიზნესმა შეიტანა.

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა „სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემაც დაადასტურა. მისი თქმით, საწვავი მისმა კომპანიამ შეიტანა და ამის მიზეზად დაასახელა რისკი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში „20-ლიტრიანი კანისტრებით დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში“.

13 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ამისთვის ცალკე სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭირო არ იყო, რადგან საწვავი „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიამ შეიტანა.

აღნიშნული სტატუსის მინიჭების წესი 2019 წელს, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის საფუძველზე დამტკიცდა. წესის მიხედვით, სტატუსს კომპანიას შემოსავლების სამსახური ანიჭებს და ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის შეტანის უფლებას ითვალისწინებს.

ამასთან, 2026 წლის 11 აგვისტოს მთავრობამ „სოლიდუსს“ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის უფლება კიდევ სამი თვით გაუგრძელა, განკარგულება კი 2026 წლის 18 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ვრცელდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • კობახიძე: დღეს გვაქვს სუვერენული სახელმწიფო, ესაა ერეკლე II-ის გადაწყვეტილების შედეგიფორმულა
  • ირაკლი კობახიძე: უცხოურ აგენტურას აქვს თავისი ამოცანა - ხელი შეუშალონ ნდობის აღდგენას, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა - ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას, ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით იქნება სრულიად თანმიმდევრული და პრინციპულიიმედი
  • ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძე მოწმის სახით არ დაიკითხებატვ პირველი
  • კობახიძის თქმით, გეორგიევსკის ტრაქტატმა ქვეყნის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულანეტგაზეთი
კობახიძე →აფხაზეთის →საწვავის →

მსგავსი სტატიები

Kanye West ოქტომბერში რუსეთში Gazprom Arena-ზე ორ კონცერტს გამართავს

Kanye West ოქტომბერში რუსეთში Gazprom Arena-ზე ორ კონცერტს გამართავს

BM.GE

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

BM.GE

თბილისში "სამთავრობო ქალაქის" მშენებლობისთვის უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა

თბილისში "სამთავრობო ქალაქის" მშენებლობისთვის უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა

BM.GE

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?

BM.GE