
აჭარის მთავრობა სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული ოჯახებისთვის ₾3.5 მლნ-ს გამოყოფს - დეტალები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 267 ოჯახისთვის 3.5 მილიონი ლარი გამოიყოფა. ფინანსურ დახმარებას ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში დაზარალებული ოჯახები მიიღებენ - ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძის Facebook გვერდიდან გახდა.
BM.GE აჭარის მთავრობას იმის დასაზუსტებლად დაუკავშირდა, თუ რა პრინციპით განაწილდება აღნიშნული თანხა, რა ლიმიტებია დაწესებული ოჯახებისთვის და რა ფორმით მიიღებენ ბენეფიციარები დახმარებას.
აჭარის მთავრობისგან მიღებული განმარტებების მიხედვით, დახმარების გაცემის წესი, კრიტერიუმები და ლიმიტები შემდეგნაირად არის განსაზღვრული:
ფინანსური დახმარება გაეწევათ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენის შედეგად (ჭარბი ატმოსფერული ნალექი, ძლიერი ქარი, გრუნტის წყლები და ა.შ.) და შესაძლებელია სახლის ადგილზე აშენება, აღდგენა ან რეაბილიტაცია.
აჭარის მთავრობის ცნობით, წარმოდგენილი 267 შემთხვევა 2025-2026 წლებში განვითარდა.
ხანძრით დაზარალებულთა შემთხვევაში, დახმარება ძირითადად ეხება საყოფაცხოვრებო ხანძრებს (მაგალითად, გაუმართავი ელექტროსადენებით ან ქსელის გადატვირთვით გამოწვეული შემთხვევები), თუმცა პროგრამაში სხვა ტიპის ხანძრებზე შეზღუდვა დაწესებული არ არის.
მთავარი პირობაა, რომ დაზარალებულ ოჯახს საკუთრებაში ან მფლობელობაში არ გააჩნდეს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, რაც საჯარო რეესტრისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მონაცემებით მოწმდება.
უწყების განმარტებით, დახმარების მოცულობა დამოკიდებულია ადგილობრივი კომისიის მიერ მომზადებულ ხარჯთაღრიცხვასა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში ოჯახის სარეიტინგო ქულაზე:
