მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ADB-ის კრედიტით, შავი ზღვის 9 ლოკაციაზე სანაპიროების გამაგრების პროექტირებაზე $2.5 მლნ დაიხარჯება
ADB-ის კრედიტით, შავი ზღვის 9 ლოკაციაზე სანაპიროების გამაგრების პროექტირებაზე $2.5 მლნ დაიხარჯება

ADB-ის კრედიტით, შავი ზღვის 9 ლოკაციაზე სანაპიროების გამაგრების პროექტირებაზე $2.5 მლნ დაიხარჯება

BM.GE4 სექტემბერი, 2026, 20:49|bm.ge

საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაცვისა და აღდგენისთვის საჭირო დეტალური საინჟინრო პროექტების მომზადებაზე აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით, $2.5 მილიონი დაიხარჯება. შესაბამის საკონსულტაციო მომსახურებაზე ინტერესთა გამოხატვა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა.

შესყიდვის ფარგლებში გამარჯვებულმა საკონსულტაციო კომპანიამ შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ სულ მცირე 9 პრიორიტეტულ ლოკაციაზე დეტალური საინჟინრო პროექტები უნდა მოამზადოს. პროექტის დოკუმენტაციაში ერთ-ერთ კონკრეტულ ადგილად ქობულეთის სანაპიროა მითითებული. საბოლოო ლოკაციები პროექტის საწყის ეტაპზე, სანაპიროს ეროზიის რისკის, ეკონომიკური და ტურისტული მნიშვნელობის, ინფრასტრუქტურისა და კლიმატური მოწყვლადობის გათვალისწინებით შეირჩევა.

ADB-ის შეფასებით, საქართველოს შავი ზღვის სანაპირო დაახლოებით 115 კილომეტრზეა გადაჭიმული და სანაპირო ეროზია მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს როგორც ინფრასტრუქტურისა და პლაჟებისთვის, ისე სანაპირო დასახლებებისა და ბიზნესებისთვის. დოკუმენტში ეროზიის გამომწვევ ფაქტორებს შორის დასახელებულია მდინარეებიდან ნატანის შემცირებული მიწოდება, ზღვისპირა დინებები, ადამიანის საქმიანობა, შტორმების ინტენსივობის ზრდა და ზღვის დონის მატება.

კონსულტანტის ამოცანა მხოლოდ არსებული სანაპიროს შესწავლა არ იქნება. კომპანიამ უნდა ჩაატაროს ტოპოგრაფიული და ბათიმეტრიული კვლევები, ნატანის სინჯების აღება და ლაბორატორიული ანალიზი, გეოტექნიკური კვლევები, ასევე სანაპირო დინებებისა და ჰიდროდინამიკის შესწავლა. ამის საფუძველზე მომზადდება სანაპიროს დაცვის სხვადასხვა საინჟინრო გადაწყვეტის მოდელები.

განიხილება როგორც ტრადიციული საინჟინრო, ისე ბუნებაზე დაფუძნებული და ჰიბრიდული მიდგომები. მათ შორისაა პლაჟის ხელოვნური შევსება, ნატანის გადაადგილების სისტემები, წყალქვეშა ტალღმტეხები და სანაპიროს გამაგრება. დოკუმენტის მიხედვით, სხვადასხვა ვარიანტის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მათი ტექნიკური გამართულობა, ღირებულება, გარემოზე ზემოქმედება და ტურისტულ ზონებში ესთეტიკური ფაქტორები.

პროექტირებისას გათვალისწინებული იქნება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკებიც. კონსულტანტმა უნდა შეაფასოს ზღვის დონის შესაძლო მატება 2050 და 2100 წლებისთვის, შტორმების გაძლიერების სცენარები და მათი გავლენა სანაპირო ზოლზე. ასევე უნდა განისაზღვროს, რა მოცულობის ნატანის დამატება და რა პერიოდულობითი ტექნიკური მომსახურება შეიძლება გახდეს საჭირო სანაპიროს დაცვის სისტემების შესანარჩუნებლად.

კონსულტანტმა ასევე უნდა შეაფასოს პროექტის ეკონომიკური ეფექტი. კერძოდ, უნდა დადგინდეს, რა ზარალის თავიდან აცილებაა შესაძლებელი სანაპიროს დაცვის შედეგად საცხოვრებელი და სხვა ინფრასტრუქტურისთვის, ტურიზმისთვის, ტრანსპორტისთვის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სექტორებისთვის. ანალიზი ასევე უნდა მოიცავდეს ტურიზმისა და დასაქმების შესაძლო ეფექტს და სხვადასხვა საინჟინრო ვარიანტის ხარჯთსარგებლიანობის შედარებას.

მომზადებული დეტალური საინჟინრო პროექტები შემდგომი სამშენებლო სამუშაოების ტენდერებისთვის იქნება გამოყენებული. კონსულტანტმა უნდა მოამზადოს სამუშაოთა მოცულობები და ხარჯთაღრიცხვები, ტექნიკური სპეციფიკაციები, საინჟინრო ნახაზები, მშენებლობის გრაფიკი და სატენდერო დოკუმენტაცია. სამუშაოების შესყიდვა, დოკუმენტის მიხედვით, ძირითადად რამდენიმე ლოკაციის გაერთიანებით შექმნილი პაკეტების სახით, ღია კონკურენტული პროცედურებით იგეგმება.

ამ ეტაპზე საუბარია არა ნაპირსამაგრი სამუშაოების უშუალო მშენებლობის ღირებულებაზე, არამედ მათი დეტალური საინჟინრო პროექტირებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების ღირებულებაზე. ADB-ის მონაცემებით, საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ბიუჯეტი ძირითადი მომსახურებისა და სხვა ხარჯებისთვის $2.534 მილიონია გათვალისწინებული, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის — $126.677 ათასი.

საკონსულტაციო მომსახურების ხანგრძლივობა 9 თვე იქნება. კონსულტანტმა ინცეფციის ანგარიში სამუშაოების დაწყებიდან 4 კვირაში, შუალედური ანგარიში 16 კვირაში, დეტალური საინჟინრო პროექტისა და სატენდერო დოკუმენტაციის პროექტი 32 კვირაში, საბოლოო დოკუმენტაცია კი 36 კვირაში უნდა წარადგინოს.

კონსულტანტის შერჩევა ხარისხისა და ღირებულების საფუძველზე შერჩევის (QCBS) მეთოდით, ADB-ის შესყიდვის წესების შესაბამისად განხორციელდება. ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების თარიღია 3 სექტემბერი, ხოლო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა — 2 ოქტომბერი. სამუშაოების სავარაუდო დაწყების თარიღად 2027 წლის 1 აპრილია მითითებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნეპალში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი $2.56 მილიარდად შეფასდა

ნეპალში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი $2.56 მილიარდად შეფასდა

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება

BM.GE

"გაფართოების შემოდგომა ახლოვდება" - მარტა კოსი

"გაფართოების შემოდგომა ახლოვდება" - მარტა კოსი

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE