
აგროსექტორში სახელმწიფო პროგრამები საგადასახადო შეღავათების საპირწონე ვერ იქნება - გოჩა ცოფურაშვილი
ეკონომიკის დოქტორი და სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი მიიჩნევს, რომ აგროსექტორში საგადასახადო შეღავათების გადახედვას წინ სიღრმისეული ანალიზი უნდა უძღოდეს.
საქმე ისაა, რომ ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, შესაძლებელია, რომ მომავალში სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული საგადასახადო შეღავათები გადაიხედოს და ის საბიუჯეტო პროგრამებით ჩაანაცვლონ, ვინაიდან ამ დარგში პროგრამების ეფექტურობა საგადასახადო დანახარჯებზე მაღალია.
როგორც ცოფურაშვილი BMG-სთან აცხადებს, ის სრულად ვერ გაიზიარებს მოსაზრებას, რომ სახელმწიფო პროგრამები შეღავათებზე ეფექტიანია, რადგან მისი თქმით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხშირად სახელმწიფო პროგრამებით დარგის მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს სარგებლობას.
“იმას, რასაც აცხადებს ფინანსთა სამინისტრო, ამას სჭირდება ძალიან ღრმა კვლევა. ეს არ არის ერთი მონაცემით, ან ერთი ინდიკატორით გასაზომი. აქ არის ძალიან სიღრმისეულად გასააზრებელი მთელი სურათი, ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანალიტიკის გარეშე, მათი სტრატეგიული გეგმების, გრძელვადიანი სურათის გარეშე ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. სამწუხაროა, რომ თვითონ სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამჯერად არ არის ასეთი სიღრმისეული ანალიტიკური მონაცემები, ვერ კეთდება სათანადოდ.
ფისკალური პოლიტიკა ამ ნაწილში უნდა ექვემდებარებოდეს არა მხოლოდ იმას, რომ რომელი უკეთესია, მე დავაწესო შეღავათი ფინანსური, თუ პროგრამებში გავზარდო დაფინანსება. იმიტომ რომ იმ პროგრამებში ძალიან ბევრმა ადამიანმა თავისი თავი ვერ დაინახა და იმ პროგრამებს თავის მხრივ უჭირს. ფინანსთა სამინისტროს მოვუწოდებ, რომ იყოს ღია განხილვები აუცილებლად სპეციალისტებთან ერთად, აუცილებლად სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად.
პროგრამებზე აპელირება ნამდვილად არ არის საპირწონე რაიმე საგადასახადო შეღავათების, იმიტომ რომ შეღავათი ეკუთვნის ყველას, დიდ უმრავლესობას, პროგრამებში მონაწილეობას იღებს ძალიან მცირე რაოდენობა. მაგალითად, განახლებული აგროთანადაფინანსების პროგრამის ჩაშვებიდან დაახლოებით ორ თვენახევარში მხოლოდ რვა პროგრამა იყო მოწონებული. ეს აბსოლუტურად არასწორი დამოკიდებულებაა და მეტი ჩაღრმავება გვჭირდება”, - განაცხადა გოჩა ცოფურაშვილმა.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, 2025 წელს საგადასახადო დანახარჯების მოცულობამ 6.8 მლრდ ლარი შეადგინა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მოცულობის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტმა ვერ მიიღო. დღგ-ს საგადასახადო დანახარჯები მთლიანი შეფასებული საგადასახადო დანახარჯების ძირითად ნაწილს , 92%-ს შეადგენს, დარჩენილი დაახლოებით 8% კი მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის საგადასახადო დანახარჯებს ეკუთვნის.
შეფასებული საგადასახადო დანახარჯები დღგ-სთვის ძირითადად კონცენტრირებულია რამდენიმე სექტორში: განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და ფარმაცევტული სექტორი.
BM.GE
წყარო: bm.ge