
რა აფერხებს ეკოტურიზმისა და მეღვინეობის განვითარებას ლეჩხუმში - მცირე მეწარმის შეფასება
მუშახელის დეფიციტი, მოუწესრიგებელი გზები და ვენახისთვის საჭირო მასალებზე შეზღუდული წვდომა - ეს იმ პრობლემების ნაწილია, რომლებსაც ლეჩხუმში მცირე მარნები აწყდებიან. „მირანდას ღვინის“ დამფუძნებლის, მირანდა ჩხეტიანის შეფასებით, რეგიონს ეკოტურიზმისა და გასტროტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ინფრასტრუქტურული გამოწვევები ბიზნესის ზრდას აფერხებს.
ის BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებს, რომ სოფლებიდან მოსახლეობის გადინების გამო სამუშაო ძალის მოძიება რთულია. ამასთან, მეღვინეობისთვის საჭირო მასალების შეძენა ხშირად ქალაქიდან უწევს, რადგან შესაბამისი პროდუქციის ადგილობრივად ხელმისაწვდომობა შეზღუდულია.
„პრობლემა ძალიან ბევრია. სოფლები დაცარიელებულია და რამდენიმე ოჯახიღაა დარჩენილი, ამიტომ მუშახელის პრობლემა გვაქვს. განსაკუთრებით რთულია ვითარება მაღალმთიან სოფლებში, სადაც გზებიც ბოლომდე მოწესრიგებული არ არის. ვენახისთვის საჭირო ყველაფერი იქნება ეს შესაწამლი პრეპარატები თუ სხვა მასალა - ქალაქიდან უნდა ჩამოვიტანოთ, რადგან ახლოს შესაბამისი მაღაზიები არ გვაქვს“, - აცხადებს მირანდა ჩხეტიანი.
მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის პრობლემა უშუალოდ ტურისტების მიღებაზეც აისახება. მარანი დასახლების ცენტრიდან დაახლოებით ერთი კილომეტრით არის დაშორებული, თუმცა სოფლის გზის მდგომარეობის გამო ტურისტული ტრანსპორტის გადაადგილება რთულდება.
„ცენტრიდან დაახლოებით ერთი კილომეტრით ვართ დაშორებული, მაგრამ სოფლის გზაზე ტურისტული მანქანების ამოსვლა რთულია. გზა იმდენად მოუწესრიგებელია, რომ მძღოლებსაც ვერ გაამტყუნებ. ზოგჯერ სტუმრების წამოყვანა და უკან ჩაყვანა პრობლემად იქცევა, რადგან სოფელში არ გვყავს ისეთი ავტომობილის მფლობელი, ვინც ამ საქმეში დაგვეხმარება“, - ამბობს მეღვინე.
ჩხეტიანის ინფორმაციით, გზის ნაწილის მოწესრიგება უკვე მოხდა, თუმცა დარჩენილი მონაკვეთები კვლავ პრობლემურია. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებისგან გზის დაგების დაპირება უკვე მეორე წელია არსებობს, თუმცა სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.
მეღვინის შეფასებით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეგიონებისთვის, სადაც ტურიზმი ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობაა. ჩხეტიანი მიიჩნევს, რომ ლეჩხუმს ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ბუნებრივი გარემო და გასტრონომიული გამოცდილების შეთავაზების რესურსი აქვს.
„რაჭასა და ლეჩხუმს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. ეკოტურიზმი და გასტროტურიზმი ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სფეროა. ვინც ჩამოდის, უკმაყოფილო სტუმარი, მგონი, არ მყოლია. ჩვენ ყვავილის მთის ძირში ვცხოვრობთ, ულამაზესი ბუნება და ხელუხლებელი გარემოა. ამ მხრივ ჩვენს მხარეს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს და სწორედ ამ მიმართულებით შეიძლება განვითარება“, - აღნიშნავს ჩხეტიანი.
მისი თქმით, ტურისტების ადგილზე მიღება მარნისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა. სტუმრებს ღვინის დაგემოვნებასთან ერთად მასპინძლობისა და ადგილობრივი გარემოს გაცნობის შესაძლებლობა აქვთ. თუმცა, მეღვინის შეფასებით, ამ პოტენციალის სრულად გამოსაყენებლად აუცილებელია სოფლის გზების მოწესრიგება და მცირე მეწარმეებისთვის საქმიანობისთვის საჭირო პირობების გაუმჯობესება.
BM.GE
წყარო: bm.ge