მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დანიის სუპერმარკეტებში ღამით პერსონალის დასახმარებლად ჰუმანოიდ რობოტებს ტესტავენ
დანიის სუპერმარკეტებში ღამით პერსონალის დასახმარებლად ჰუმანოიდ რობოტებს ტესტავენ

დანიის სუპერმარკეტებში ღამით პერსონალის დასახმარებლად ჰუმანოიდ რობოტებს ტესტავენ

BM.GE19 ოქტომბერი, 2026, 00:48|bm.ge

დანიური კომპანია Salling Group-ი მაღაზიებში Hive Robots-ის ჰუმანოიდ რობოტებს ტესტავს პროდუქციის თაროებზე დასალაგებლად. მიზანი პერსონალის რუტინული სამუშაოსგან განტვირთვაა, რათა თანამშრომლებმა მეტი დრო მომხმარებელთა მომსახურებას დაუთმონ, რობოტები კი ძირითადად ღამით იმუშავებენ.

პროდუქტის აღება, თაროზე განთავსება და ერთი და იმავე მოძრაობის საათობით გამეორება - კოპენჰაგენთან მდებარე სუპერმარკეტ Føtex-ში რობოტები საცალო ვაჭრობაში ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი საქმის შესრულებას სწავლობენ.

დანიური სტარტაპ Hive Robots-ის მიერ შემუშავებული და ჩინური კომპანია Unitree-ს მიერ აწყობილი აპარატები ივნისიდან მოყოლებული სპეციალურ მომზადებას გადიან. ამ ეტაპზე მათ თითოეულ მოძრაობას ოპერატორები მართავენ, რაც ხელოვნურ ინტელექტს სხვადასხვა პროდუქტთან მუშაობის შესწავლაში ეხმარება.

გეგმის მიხედვით, რობოტებმა თაროების დამოუკიდებლად შევსება 2027 წლის დასაწყისისთვის უნდა დაიწყონ და ძირითადად ღამით, სუპერმარკეტის დახურვის შემდეგ იმუშაონ.

ეს ექსპერიმენტი დანიის უმსხვილეს საცალო ქსელ Salling Group-თან ერთად მიმდინარე მასშტაბური ტესტირების ნაწილია, რომელიც ევროპის ექვს ქვეყანაში 2 000-ზე მეტ მაღაზიას აერთიანებს.

Føtex-ის მონაცემებით, თანამშრომლები სამუშაო დროის 40-დან 50%-მდე თაროების შევსებას უთმობენ. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ რობოტები ამ ერთფეროვან ფიზიკურ შრომას ეტაპობრივად საკუთარ თავზე აიღებენ, რაც თანამშრომლებს მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის მეტ დროს მისცემს.

სამომავლოდ რობოტებს ვარგისიანობის ვადების შემოწმება, ცარიელი თაროების ამოცნობა და არასწორ ადგილას დადებული პროდუქციის პოვნაც შეეძლებათ. თუმცა ამ ეტაპზე ისინი ადამიანებზე ნელა მუშაობენ და მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებენ.

გარდა ამისა, სანამ რობოტები მყიდველებს შორის დამოუკიდებლად გადაადგილებას შეძლებენ, დანიის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაა საჭირო. ამიტომ, ამ ეტაპზე ყურადღება ღამის ცვლაზე და იმ სამუშაოებზე მახვილდება, რომლებიც მომხმარებლებისგან მოშორებით სრულდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE

რა აფერხებს ეკოტურიზმისა და მეღვინეობის განვითარებას ლეჩხუმში - მცირე მეწარმის შეფასება

რა აფერხებს ეკოტურიზმისა და მეღვინეობის განვითარებას ლეჩხუმში - მცირე მეწარმის შეფასება

BM.GE

შსს-მ და შემოსავლების სამსახურმა 210 ერთეული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტი ამოიღეს

შსს-მ და შემოსავლების სამსახურმა 210 ერთეული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტი ამოიღეს

BM.GE

აგროსექტორში სახელმწიფო პროგრამები საგადასახადო შეღავათების საპირწონე ვერ იქნება - გოჩა ცოფურაშვილი

აგროსექტორში სახელმწიფო პროგრამები საგადასახადო შეღავათების საპირწონე ვერ იქნება - გოჩა ცოფურაშვილი

BM.GE