
აგროთანადაფინანსების პროგრამა უკვე არა სოციალური, არამედ ბიზნესზე მორგებული პროექტია - მარწყვის მწარმოებელთა ასოციაცია
ეს უკვე აღარ არის სოციალური პროგრამა, ეს უკვე ბიზნესზე და ფერმერის საჭიროებაზე მორგებული პროგრამაა - ასე აფასებენ მარწყვის მწარმოებელთა ასოციაციაში აგროთანადაფინანსების ახალ პროგრამას, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდა.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა და კომპანია „პლანტველის“ დამფუძნებელმა, მანანა ანჯაფარიძემ BMG-ის განუცხადა, პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სახელმწიფოს მხრიდან სასათბურე მეურნეობების პროექტის 50%-მდე თანადაფინანსებაა, რომელსაც ამ დრომდე სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები არ ითვალისწინებდა.
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც განახლებული ფორმით პროექტების მართვის სააგენტოში 2026 წლის 1 ივლისიდან ჩაეშვა, მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ერგება იმ ახალ გამოწვევებს და რეალობებს, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგს უდგას და ფერმერის საჭიროებაზეა მორგებული. სოფლის განვითარების სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს თანადაფინანსების პროგრამებს. შესაბამისად, ის პროგრამები, რომელიც თავიდან იყო იმპლემენტირებული, ვფიქრობ, რომ დახვეწას საჭიროებდა. ის რეალობა და გამოწვევები, რომელიც იყო 2014 წელს, დღეს შეცვლილია. შესაბამისად, სახელმწიფომ გადახედა პროგრამებს, აღმოაჩინა სუსტი წერტილები, იქ, სადაც დასაკორექტირებელი იყო, დააკორექტირა.
მე ვთვლი, რომ ეს უკვე აღარ არის სოციალური პროგრამა, ეს უკვე ბიზნესზე და დარგისთვის აუცილებელ მომენტებზე, საკითხებზე მორგებული პროგრამაა, გათვალისწინებულია დღევანდელი გამოწვევა, თუნდაც კლიმატის გამოწვევები, ფინანსური გამოწვევა, სასწავლო პროგრამები, სასათბურე მეურნეობები, ბევრი კომპონენტი, რომელიც ახალ პროგრამაში გაჟღერდა და ჩაეშვა, რეალურად ეს უკვე საქმიანი პროექტია და არა სოციალური, საქმეზე და შედეგზე ორიენტირებული, რაც მთავარია.
სასათბურე მეურნეობების თანადაფინანსების პროგრამა ამ ფორმით არ იყო. იყო 10%-იანი შეღავათიანი აგროკრედიტის კომპონენტში. ახლა სრულად ახალი პროექტი ჩაეშვა სასათბურე მეურნეობებისთვის 50%-იანი სახელმწიფო თანადაფინანსება. ამავდროულად, 50%-ის გარდა, ბენეფიციარს შეუძლია შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლოს და შესაბამისად, გამოდის, რომ პროგრამა არის არაჩვეულებრივი და ის ფერმერი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ებრძვის, უმკლავდება ბუნებრივ გამოწვევებს, ათას პრობლემას, თუნდაც კლიმატის ცვლილებას, მავნებლების დიდ რაოდენობას, დაავადებებს, სასათბურე მეურნეობის კომპონენტში ყველაფერი ხდება კონტროლირებადი, შესაბამისად, ვიღებთ ხარისხობრივად და რაოდენობრივად კომერციაზე და არა სოციალურ პროგრამაზე გათვლილ შედეგს, რომელიც გააძლიერებს ფერმერს, გააძლიერებს დარგს და სახელმწიფოსაც დიდ სარგებელს მისცემს ყველა მხრივ“, - განაცხადა მანანა ანჯაფარიძემ.
ცნობისთვის, მთავრობამ აგროთანადაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცა. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი სიახლე თანადაფინანსების გაცემის წესია. თუ ადრე სახელმწიფო სუბსიდია სესხის მომსახურების პერიოდში პარალელურად გაიცემოდა, ახალი სისტემით ბენეფიციარმა ჯერ თავად უნდა განახორციელოს ინვესტიცია. პროცენტის თანაგადახდა 11%-დან 8%-მდე, ვადიანობა კი 66-დან 36 თვემდე შემცირდა. ამასთან, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური მოცულობა პროგრამის ფარგლებში არაუმეტეს 2 მილიონი ლარით განისაზღვრება. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსება წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50%-მდეა განსაზღვრული
BM.GE
წყარო: bm.ge