"AI სარგებლის მომტანი უნდა იყოს, მისი კონტროლიდან გასვლა არ უნდა დავუშვათ" - ინგლისის ბანკის მმართველი
ხელოვნური ინტელექტის უკონტროლო განვითარების შესახებ მზარდი შეშფოთების ფონზე, ინგლისის ბანკის მმართველმა ენდრიუ ბეილიმ მთავრობებს ტექნოლოგიისთვის მკაფიო საზღვრების დაწესებისკენ მოუწოდა.
ბეილიმ განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი პროდუქტიულობისა და ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს, თუმცა აუცილებლად ადამიანის კონტროლის ქვეშ უნდა რჩებოდეს.
მისი შეფასებით, ტექნოლოგიისთვის ჩარჩოები არა რეგულატორებმა, არამედ კანონმდებლებმა უნდა განსაზღვრონ.
ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ხელოვნური ინტელექტის მართვა ბავშვების აღზრდას შეადარა და აღნიშნა, რომ განვითარების შესაძლებლობასთან ერთად, მას გარკვეული შეზღუდვებიც სჭირდება.
ამასთან, ბეილიმ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ნდობის მოსაპოვებლად ამ სისტემების მუშაობის მეტი გამჭვირვალობა და მთავრობების კოორდინირებული მოქმედება იქნება საჭირო. კიბერინციდენტების მზარდი სტატისტიკის ფონზე მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოდელები ადამიანური ქცევის სხვადასხვა ასპექტზე იგება და უკვე დამოუკიდებლად სწავლობენ მოქმედებას.
ბეილის თქმით, საზოგადოებას აქვს საფუძველი, იკითხოს, რა სარგებელი მოაქვს ტექნოლოგიას, რომელსაც საფინანსო სისტემის დაზიანებაც შეუძლია.
