ტოკიოში საბაზო ინფლაციამ 16-თვიან მაქსიმუმს, 2.9%-ს მიაღწია
ნოემბერში იაპონიის ეკონომიკურ ცენტრ ტოკიოში წლიურმა საბაზო ინფლაციამ ბოლო 16 თვის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით მოიმატა. ოფიციალური მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების საბაზო ინდექსი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.9%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ოქტომბერში დაფიქსირებულ 2.6%-იან ზრდას აღემატება და 2025 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია.
საყურადღებოა, რომ საბაზო ინფლაცია იაპონიის ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ 2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს ზედიზედ მესამე თვეა, აჭარბებს.
ინფორმაციისთვის, ფასების ზრდა ნაწილობრივ კომუნალური სუბსიდიების დასრულებით, მაღალი ენერგოხარჯებითა და სუსტი იენით გამოწვეული იმპორტის გაძვირებით არის განპირობებული.
აღსანიშნავია, რომ გაძვირება საქონლისა და მომსახურების ფართო სპექტრს შეეხო, მათ შორის - სურსათს, ყოველდღიური მოხმარების ნივთებსა და სასტუმროს მომსახურებას.
გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ ტოკიოს ინფლაციის მონაცემები ქვეყნის მასშტაბით არსებული ტენდენციების წამყვან ინდიკატორად მიიჩნევა და ზრდის იმის ალბათობას, რომ 18 დეკემბრის შეხვედრაზე იაპონიის ბანკი საპროცენტო განაკვეთს გაზრდის.
Reuters-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების უმრავლესობა მოელის, რომ ცენტრალური ბანკი განაკვეთს დეკემბერში გაზრდის, მომდევნო ნაბიჯს კი მარტის ბოლომდე გადადგამს. სპეციალისტების დიდი ნაწილი განაკვეთის საბოლოო ნიშნულს დაახლოებით 1.75%-ის ან 2.0%-ის ფარგლებში პროგნოზირებს.
