ჩვენი საერთო მიზანია, „შუა დერეფანმა“ ერთიანი, ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის სახით იფუნქციონიროს - თამარ იოსელიანი
საქართველოში სატრანსპორტო მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდა უკვე თვალსაჩინოა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ლონდონში, გაერთიანებული სამეფოს ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურის დაფინანსების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თამარ იოსელიანმა „შუა დერეფნის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გრძელვადიანი ეკონომიკური ღირებულება მდგომარეობს ახალი ინვესტიციების მოზიდვაში, ინდუსტრიების განვითარებაში, დამატებითი ეკონომიკური ღირებულების შექმნასა და ადგილობრივი ბიზნესისთვის ახალ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობების გაფართოებაში.
„ჩვენი პოლიტიკა მოთხოვნის ზრდის წინმსწრებად ინფრასტრუქტურული ინვესტიციების განხორციელებას ეფუძნება. 2032 წლისთვის საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაახლოებით შვიდი მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას ვგეგმავთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე, რომელიც, მისი შეფასებით, სტრატეგიული მნიშვნელობისაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, მათ შორის - შუა დერეფნის მარშრუტის კონტექსტში.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმართ ინდუსტრიის მსხვილი საერთაშორისო მოთამაშეების ინტერესს უკვე ვხედავთ. ჩვენი ამბიციაა, მის ირგვლივ ახალი ინდუსტრიული და ლოგისტიკური ჰაბი შევქმნათ. საქართველო მოთხოვნის ზრდის წინმსწრებად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს და ამ პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობს რეგიონულ პარტნიორებთან. ჩვენ გვაქვს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მკაფიო ხედვა და სამოქმედო გეგმა და ღია ვართ გრძელვადიანი კომერციული პარტნიორობისთვის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველო „შუა დერეფნის“ განვითარების საკითხებზე რეგიონულ პარტნიორებთან მუდმივ დიალოგს აწარმოებს როგორც სამთავრობო დონეზე, ისე კერძო ოპერატორებთან. რეგიონული თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად მინისტრის მოადგილემ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი დაასახელა, რომლის მოდერნიზაციის შედეგად წლიური სატვირთო გამტარუნარიანობა ერთი მილიონიდან ხუთ მილიონ ტონამდე გაიზარდა.
„ჩვენი საერთო მიზანია, „შუა დერეფანმა“ ერთიანი, ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის სახით იფუნქციონიროს. ამ მიმართულებით უკვე ვდგამთ კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებს, შექმნილია ერთობლივი მულტიმოდალური სატრანსპორტო სერვისები და ვმუშაობთ ერთიანი სატარიფო მიდგომების დანერგვაზე, სარკინიგზო და საზღვაო ოპერაციების სინქრონიზაციაზე, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივებასა და ურთიერთთავსებადი ციფრული სისტემების დანერგვაზე“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილესთან ერთად, საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ აუდიტორიის შეკითხვებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ უპასუხა.
