
ახალი აუქციონი ჰოლანდიური მოდელით - რას გეგმავს მთავრობა ენერგეტიკის სტიმულირებისთვის?
ენერგეტიკის სექტორის მხარდასაჭერად ეკონომიკის სამინისტრო სიმძლავრისა და ტარიფის ახალი აუქციონის პირობებზე მუშაობს, რომელიც სავარაუდოდ, დეკემბერში გახდება საჯარო. ამის შესახებ სექტორის კურატორმა ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს ბიზნესს ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც გავარკვიეთ, ახალი აუქციონი სავარაუდოდ, ე.წ ჰოლანდიური მოდელით გამოცხადდება. Energy Solutions-ის მმართველი პარტნიორის განმარტებით, ტარიფის წარდგენას ყველა შეძლებს, მისთვის მისაღებს კი სამინისტრო აარჩევს. გიორგი აბრამიშვილი მიიჩნევს, რომ ფასი, რომელიც 2012 წელს დადგინდა ჰიდროელექტროსადგურებისთვის და რომლითაც სამინისტრო ხელმძღვანელობს, ინფლაციის გათვალისწინებით დღეს არარელევატურია. გიორგი აბრამიშვილი მიიჩნევს, რომ ახალი ტარიფი 8,5 ცენტი მაინც უნდა იყოს, რომ ის პროექტების განხორციელებისთვის ოპტიმალურად ჩაითვალოს.
„ფასი, რომელიც ჯერ კიდევ სადღაც 2012-ში დადგინდა მშენებლობისთვის, განსაკუთრებით ჰიდროელექტროსადგურებისთვის, იგივე ფასს სთავაზობდა აქამდე სახელმწიფო და ეს ფასი უკვე არარელევანტურია უამრავი სხვადასხვა მიზეზის გამო. რა თქმა უნდა, გაძვირება სხვადასხვა საქონელზე, მაგრამ ასევე სხვა პრობლემის გამო, რის გამოც იწელება პროექტები და მოგებიანობა ფაქტობრივად ნოლთან ჩამოვიდა.
აქედან გამომდინარე, აქტიური დიალოგი გავმართეთ ეკონომიკის სამინისტროსთან, რომ შეიცვალოს საფასო პოლიტიკა მთავრობის მხრიდან და ახალი აუქციონის ტიპის პირობები ჩამოყალიბდეს.
ე.წ ჰოლანდიურ მოდელზეა საუბარი, რომელიც პრინციპში გულისხმობს, რომ ყველას აქვს საშუალება განაცხადოს თავისი ტარიფები, შესაბამისად, ეს ტარიფები განსხვავებული იქნება, მაგრამ შემდგომ მთავრობა იტოვებს უფლებას, რომ იქიდან აირჩიოს საუკეთესო [ტარიფები].
არ მინდა შევიდე ტექნიკურ დეტალებში, ამაზე ქალბატონმა მინისტრმა თქვა, რომ უახლოეს კვირებში გამოაცხადებს თვითონ სამინისტრო ამ დეტალებს. მანამდე კიდევ რამდენიმე შეხვედრა იგეგმება, რომ ეს დეტალები გავიაროთ კარგად და შევთანხმდეთ. თუმც თვითონ სიგნალი არის ძალიან მისასალმებელი. სიგნალი იმისა, რომ ახალი აუქციონი ჩატარდება, ეს თან მათ შორის შეეხება არა მარტო ახალ სადგურებს, არამედ იმ მემორანდუმებსაც, რომელიც გაფორმებულია, მაგრამ ვერ იწყებოდა სხვადასხვა მიზეზების გამო",- განაცხადა აბრამიშვილმა.
მისი შეფასებით, იმისთვის, რომ ენერგეტიკის ინვესტორები კონკურენტული ფასით შევიდნენ აუქციონში, მნიშვნელოვანია ბიზნესმა იცოდეს, მოუწევთ თუ არა ზაფხულში გენერაციის შეზღუდვა, რაც როგორც ფაქტი Energy Solutions-ის მმართველი პარტნიორის თქმით, საკმაოდ მძიმე გზავნილია ინვესტორებისთვის. ამის მაგალითად, ის ამბობს, რომ ავსტრიულმა საინვესტიციო ჯგუფმა, რომლებიც საქართველოს საინვესტიციოდ განიხილავენ, ეს ფაქტი საკმაოდ მტკივნეულად აღიქვეს.
“თუ არ გვეცოდინება ჩვენ ამ დაღვრებზე რა მომავალი გველოდება, ვერ შევძლებთ განვსაზღვროთ ჩვენი ფინანსური მოდელი და შესაბამისად, დავდოთ კონკურენტული ფასი აუქციონში. ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს სამინისტროსთან. ჩვენ ასოციაციიდან მივწერეთ წერილი, შესაბამისად გარკვეული პასუხი მივიღეთ და ახლა ველოდებით შეხვედრის ჩანიშვნას, რომ გავიაროთ დეტალები, თუ როგორ შეიძლება მომავალში დავიგეგმოთ იმისთვის, რომ სექტორს ესმოდეს, რა ელოდება წინ და დაღვრებს, რა ფორმა ექნება.
[გენერაციის შეზღუდვა] სამწუხაროდ, ძალიან მძიმე გზავნილია ინვესტორებისთვის. ჩვენ გვყავდა ძალიან დიდი ჯგუფი ავსტრიელების ჩამოყვანილი, მაგრამ ერთ-ერთი წინაღობა, რაც შეიძლება დადგეს — არ ვიცით ჯერ გადაწყვეტენ თუ არა ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას — არის ის, რომ ყველაზე მტკივნეულად აღიქვეს ზუსტად დაღვრების ფაქტი და ნუ ეს მოცულობაც, თუ რამხელაზეც მოგვიწია ჩვენ წელს დაღვრა, ეგეთი უბრალოდ არ გვინახიაო ავსტრიაში. ივლისში 60%-მდე ჩვენი გენერაციის დაღვრა მოგვიწია. ასეთი ციფრი ცოტათი შემაშფოთებელი იყო, რბილად რომ ვთქვა და რა თქმა უნდა, აქ სიცხადე თუ არ შემოვიტანეთ, ძალიან რთული იქნება ახალი ინვესტიციები მოვიზიდოთ სექტორში“-განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.
წელს ზაფხულში გენერაციის შეზღუდვით ენერგეტიკის სექტორმა რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის შემოსავალი ვერ მიიღო, რის გამოც პროექტების ნაწილს საბანკო ვალდებულებების მომსახურების პრობლემა შეექმნა. საინვესტიციო ბანკ გალტ&თაგარტის შეფასებით, ზაფხულში ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვით დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ ელექტროენერგია ვერ გამომუშავდა, რამაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-შეადგინა.
BM.GE
წყარო: bm.ge