მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ახლა უნდა ვისწავლო, როგორ შემოვიტანო საინვესტიციო კაპიტალი - მოქალაქეებთან უნდა მივიდე|ირაკლი რუხაძე
ახლა უნდა ვისწავლო, როგორ შემოვიტანო საინვესტიციო კაპიტალი - მოქალაქეებთან უნდა მივიდე|ირაკლი რუხაძე

ახლა უნდა ვისწავლო, როგორ შემოვიტანო საინვესტიციო კაპიტალი - მოქალაქეებთან უნდა მივიდე|ირაკლი რუხაძე

BM.GE1 მაისი, 2026, 16:44|bm.ge

საინვესტიციო ჰოლდინგ Hunnewell Partners-ის მფლობელი ირაკლი რუხაძის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის მთავარი პრობლემა საინვესტიციო კაპიტალის სიმწირეა, რის გამოც, ქვეყანაში დიდი პროექტები ვერ ხორციელდება.

ამის შესახებ მან „კაცმანის პოდკასტში“ განაცხადა, სადაც ვრცლად ისაუბრა საკუთარ ხედვაზე, როგორ წარმოუდგენია ქვეყანაში საინვესტიციო კაპიტალის შექმნა.

ირაკლი რუხაძის ინიციატივაა, ბანკებში არსებული მილიარდობით ლარის დეპოზიტების ნაწილი საინვესტიციო კაპიტალად იქცეს და მოქალაქეებს საშუალება მიეცეთ, მცირე დანაზოგებით დიდ, პროექტებში (მაგალითად, ენერგეტიკასა თუ პორტებში) მიიღონ მონაწილეობა.

„საქართველოს ბანკმა“ და „TBC ბანკმა“ ძალიან კარგად ისწავლეს, როგორ შემოიტანონ ქვეყანაში სასესხო კაპიტალი. ახლა მე უნდა ვისწავლო, როგორ შემოვიტანო საინვესტიციო კაპიტალი და ერთ-ერთი ადგილი, ვისთანაც მისვლა მინდა, საქართველოს მოქალაქეები არიან. დღეს ბანკებში, დაახლოებით, 70 მილიარდი ლარის დეპოზიტებია. მართალია, ეს რიცხვი ზუსტი არ არის ორმაგი თვლის გამო, თუმცა რეალურად, ბანკებში 30-40 მილიარდი ლარის ნაღდი ფული მაინც დევს. მე მინდა, ამ დეპოზიტების ნაწილი “წავიდეს” პროექტებში, რომელსაც შევთავაზებ…

“საქართველოს ბანკი” და TBC ახლა რომ მისმენენ, ალბათ ეს არ მოსწონთ, მაგრამ მათ უნდა ვუთხრა, რომ რაღაცნაირად დამეხმარონ, ეს დეპოზიტები მოვიზიდო და რეალურ ცოცხალ პროექტებში გავუშვა ჩემ ფულთან ერთად, მათაც ექნებათ საშუალება, მეტი ფული გააკეთონ.

მაგალითად, მე თუ წინასწარ მოველაპარაკე „საქართველოს ბანკს“, რომ ახლა ვაშენებ ჰიდროელექტროსადგურს, მყავს ადამიანი, ვინც ამას ჩემგან იყიდის და გადაიხდის (იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო, ამას მნიშვნელობა არა აქვს) და მჭირდება 100 მილიონი დოლარი, მაგრამ ამის სანაცვლოდ შენგანვე გამოვიტან 300 მილიონს, რომ ეს პროექტი გავაკეთო, ხომ?! ის 100 მილიონი დოლარი, სხვანაირად დეპოზიტზე რომ იდებოდა, ბანკი მას ერთხელ გაასესხებდა ვიღაცაზე, ჩემთან კი აბრუნებს და აორმაგებს… ამიტომ, იმედი მაქვს, რომ დავუჯდები და [ბანკებსაც] ავუხსნი, რომ ეს მათთვისაც კარგია, მაგრამ ასევე, ძალიან კარგია დეპოზიტარებისთვის, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას დიდ პროექტებში… საქართველოში 10 000 თუ 100 000 დოლარი რომ გქონდეს, რა უნდა გააკეთო?! ბიზნესს ვერ დაიწყებ და ამიტომაცაა, რომ ან ბინას ყიდულობენ ან რესტორანს აკეთებენ, რომელიც დღეს მსოფლიოში ყველაზე სარისკო კლასია და საერთოდ არ უნდა გაეკარო, მაგრამ მაინც რაღაც მსგავსს აკეთებენ…

მე მინდა, გავხდე ადამიანი (მაგიტომაც მოვყევი, რომ ძალიან მიხარია, ვიღაცებმა „ლიბერთი ბანკში” ფული 20-ჯერ გააკეთეს-მეთქი, თუმცა თვალით არ მინახავს ისინი), რომელიც ხალხს ასეთ პროექტებს შესთავაზებს. ეს საქართველოს ეკონომიკისთვისაც კარგია, იმ ბანკებისთვისაც კარგია და ასევე, კარგია უამრავი პატარა ბიზნესისთვისაც. წარმოიდგინეთ, პორტი თუ ააშენე, რამდენი სხვა მცირე ბიზნესი მოებმება მას. ჩვენ ამის ფული გვაქვს, უბრალოდ, მისი სწორ ადგილას მიმართვა უნდა ვისწავლოთ, თუმცა კაპიტალი გარედანაც უნდა შემოვიტანოთ”, - აცხადებს ირაკლი რუხაძე.

საინვესტიციო ჰოლდინგ Hunnewell Partners-ის მფლობელმა “კაცმანის პოდკასტში” ვრცლად ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე; ასევე, განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გეოგრაფიაზე და ახსნა, რატომ არის საქართველოში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სტატისტიკა ილუზორული.

„თუ გადავხედავთ ქვეყნების ჭრილში, პირველი ინვესტორი არის ინგლისი, მაგრამ ინგლისელი ინვესტორი მე თვალით არ მინახავს საქართველოში. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ორი ბანკი - „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი“, რომლებიც ინგლისში არიან [დალისტულები] და მათი წმინდა მოგება, რომელიც დივიდენდად არ გაიტანეს, ავტომატურად ითვლება ინგლისურ რეინვესტიციად ეკონომიკაში.

მეორე ადგილზეა ნიდერლანდები, თუმცა ჰოლანდიელი ინვესტორიც აქ არავის უნახავს. ყველა ჩემი კომპანია - გარდა „მაგთისა“, რომელიც ამერიკულია, ნიდერლანდურია. “ჰაიდელბერგ ცემენტიც“, „ლიბერთი ბანკიც“ და „რუსთავის მეტალურგიულიც“ ნიდერლანდური კომპანიებია. ეს არ არის რეალური ჰოლანდიელი ინვესტორი, ეს არის ირაკლი რუხაძისნაირი ხალხი, ვისაც კომპანიები იქ აქვს დარეგისტრირებული, რადგან კარგი ორმაგი დაბეგვრის და ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულება გვაქვს ნიდერლანდებთან - ამიტომ იქიდან შემოგვაქვს ფული.

მესამეზე კი მალტაა, თურმე სათამაშო ბიზნესის და ონლაინ კაზინოების კანონმდებლობას უკავშირდება, ასე მითხრეს... საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არის სულ ქართული ფული. რეალური გარე ფული საერთოდ არ შემოდის - არც ჩინური, არც რუსული, არც ამერიკული, არც ინგლისური. ჩვენ, პატარა ქვეყანა ვართ და ბევრი ფული არ გვაქვს, ამიტომ მხოლოდ პატარა პროექტების გაკეთება შეგვიძლია“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ FDI-ს 2024 წლის სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აგროდაზღვევის პროგრამა ვითარდება, თუმცა ახლავს გამოწვევებიც - დავით სონღულაშვილი

აგროდაზღვევის პროგრამა ვითარდება, თუმცა ახლავს გამოწვევებიც - დავით სონღულაშვილი

BM.GE

"ყველაზე მეტად მოთხოვნის სიმცირის პრობლემა გამძაფრდა" - რა უშლის ხელს ბიზნესს?

"ყველაზე მეტად მოთხოვნის სიმცირის პრობლემა გამძაფრდა" - რა უშლის ხელს ბიზნესს?

BM.GE

ონის შესასვლელთან მეწყერი ჩამოწვა - ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ონის შესასვლელთან მეწყერი ჩამოწვა - ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

BM.GE

ამერიკის სახელმწიფო ვალმა მშპ-ის 100%-ს გადააჭარბა

ამერიკის სახელმწიფო ვალმა მშპ-ის 100%-ს გადააჭარბა

BM.GE