
ეს იქნება ერთჯერადი, საგამონაკლისო წესით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წელს განხორციელდება - გივი მიქანაძე მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობაზე | Rustavi2
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, 1 800-მდე აბიტურიენტი ე.წ. მეორადი ჩარიცხვის სისტემით შეძლებს, ჩაირიცხოს ვაკანტურ ადგილებზე როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უმაღლეს სასწავლებლებსა და კოლეჯში.
მიქანაძის განცხადებით, ეს იქნება ერთჯერადი, საგამონაკლისო წესით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წელს განხორციელდება.
"ვინაიდან წლევანდელი წელი ფუნდამენტური, უმაღლესი რეფორმისთვის არის პირველი წელი და ამ გარდამავალ პერიოდში არაერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე იქნა შემოტანილი, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომლის ინიციატორიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრი იყო და რომელიც ეხება იმ 1 800-მდე აბიტურიენტს, რომელმაც, ეროვნული გამოცდების საფუძველზე, გადალახა მინიმალური ბარიერი, თუმცა ვერ მოხვდა ვერცერთ უმაღლეს სასწავლებელში, ან პროფესიულ სასწავლებელში.
სწორედ ამ ადამიანებთან მიმართებაში მიღებული იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და ისინი, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის სისტემით, უკვე შეძლებენ, უახლოეს პერიოდში გამოცხადებული ახალი სარეგისტრაციო პროცედურების გავლით, ჩაირიცხონ ვაკანტურ ადგილებზე როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უმაღლეს სასწავლებლებში, ან მათი არჩევით სახელმწიფო, ან კერძო პროფესიულ კოლეჯებში.
რადგან პირველი წელია, რაც ეს ფუნდამენტური რეფორმა მიმდინარეობს და გარდამავალი პერიოდია, ეს იქნება ერთჯერადი, საგამონაკლისო წესით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წელს განხორციელდება", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge