
ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ჯგუფურ ტურებს ჯერჯერობით არ ვგეგმავთ - ლაშა ბერეკაშვილი
ტუროპერატორი ლაშა ბერეკაშვილი ამბობს, რომ ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ჯგუფური ტურების განახლებას ჯერჯერობით არ აპირებს. მიზეზი რეგიონში მარტში განვითარებული მოვლენებია, რის გამოც კომპანიას რამდენიმე ტურის გაუქმება მოუწია.
როგორც ბერეკაშვილმა „ქალების ნარატივის“ ეთერში თქვა, გაუქმდა იორდანიისა და ეგვიპტის მიმართულებით დაგეგმილი ტურებიც. მისივე თქმით, კომპანიას ამ დრომდე არ აღუდგენია საამიროების მიმართულებით ჯგუფური მოგზაურობები.
„ჯერ კიდევ არ ვართ იმ მთავარი შოკიდან გამოსული, რომელიც მარტში მივიღეთ. დოჰას დაკეტვის გამო ოთხი თუ ხუთი ტური გაგვიუქმდა, ერთი ტური კი იქ ჩარჩა. იმ დღეს უნდა გამოფრენილიყვნენ, როდესაც ომი დაიწყო. ასევე გაგვიუქმდა იორდანიისა და ეგვიპტის ჯგუფური ტურები და დღესაც ვერ აღვადგინეთ, მაგალითად, საამიროების მიმართულება. იორდანიაზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მოგვმართავს. ჩვენი ჯგუფური ტური ნამდვილად გამორჩეული იყო და ჩვენც ველოდებით, როდის დასტაბილურდება მდგომარეობა, რომ მისი ხელახლა დანიშვნა შევძლოთ“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.
მისივე თქმით, ფრენების ნაწილის აღდგენის მიუხედავად, კომპანია ახლო აღმოსავლეთის მიმართულებებზე ტურების დანიშვნას არ ჩქარობს.
„აზიური ბაზრების მიმართულებით ჯერჯერობით სიფრთხილეს ვიჩენთ. მიუხედავად იმისა, რომ ფრენების ნაწილი აღდგენილია, პასუხისმგებლიანად ვიქცევით და ტურებს არ ვნიშნავთ. არ მინდა, რომ იგივე სტრესის გავლა ჩვენც და ჩვენს მგზავრებსაც კიდევ ერთხელ მოგვიწიოს. თუ წინა შემთხვევაში უბრალოდ არ ვიყავით ინფორმირებული, რომ ომი დაიწყებოდა, ახლა, როდესაც კრიზისი არსებობს და საომარი მდგომარეობა მკაფიოდ დასრულებული არ არის, უკვე ჩვენი პასუხისმგებლობაა, არ გავრისკოთ და ასეთ მიმართულებებზე ჯგუფური ტურები არ დავნიშნოთ“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ახლო აღმოსავლეთის მიმართულებებზე ტურების შემცირების შემდეგ, კომპანიამ ევროპულ მარშრუტებზე გააკეთა აქცენტი.
„რაც აზიურ ბაზარზე დროებით შევამცირეთ, მთელი აქცენტი ევროპის მიმართულებაზე გადავიტანეთ. ამან ახალი მიმართულებებისა და მარშრუტების მოძიებაშიც დაგვეხმარა. შეიძლება ითქვას, კრიზისი გარკვეულწილად შესაძლებლობად გამოვიყენეთ.
რაც შეეხება საშობაო ბაზრობებს, გასულ წელსაც და წელსაც სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ამ ტურებით. აქტიურად ვაორგანიზებთ მოგზაურობებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში საახალწლო პერიოდში. ეს მხოლოდ ტურიზმი არ არის. ეს არის ევროპის უკეთ გაცნობა, იქ მიმდინარე პროცესების საკუთარი თვალით დანახვა, მომსახურების სფეროს გაცნობა და ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია. ადამიანები თავად იქმნიან წარმოდგენას ევროპის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, - განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.
BM.GE
წყარო: bm.ge