
აკვაკულტურის სექტორი EU-ს ბაზარზე წვდომისგან შორს არ არის - FAO-ს პოლიტიკის უფროსი მრჩეველი
სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა, ხარისხის ამაღლება, ბიოუსაფრთხოება და დაავადებების მართვა - ეს ნაწილია იმ წინაპირობებისა, რომლის დაკმაყოფილებაც საქართველოს აკვაკულტურის სექტორს საერთაშორისო, მათ შორის ევროპულ ბაზარზე გასასვლელად მოუწევს.
FAO-ს პოლიტიკის უფროსი მრჩეველი ჯუბა მარუაშვილი bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა პირველი და უმთავრესი წინაპირობაა. პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს უვნებლობისა და ხარისხის იმ კონკრეტულ ნიშნულებს, რომლებსაც ევროპული რეგულაციები აწესებს.
მარუაშვილი ამბობს, რომ ფერმერებმა უნდა გამოიყენონ დაავადებებთან ბრძოლის აპრობირებული მეთოდები, ნაცვლად ანტიბიოტიკების უნივერსალური და არამიზნობრივი გამოყენებისა, ამასთან საჭიროა ზუსტი დიაგნოსტირება და მიზნობრივი ჩარევა. წარმოების პროგრესს კი ფეხდაფეხ უნდა სდევდეს ლაბორატორიული კონტროლი, რათა დადასტურდეს პროდუქციის ვარგისიანობა და უვნებლობა. ჯუბა მარუაშვილი თვლის, რომ ფერმერებს უნდა ჰქონდეთ წვდომა თანამედროვე ცოდნაზე, რათა მათი მეურნეობები შესაბამისობაში მოვიდეს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო რეგულაციებთან.
“ჩვენ შორს არ ვართ საერთაშორისო ბაზრებზე წვდომისგან, მათ შორის ევროკავშირის ბაზარზე, რადგან ვიცით, რომ თევზის ფქვილი უკვე შედის იქ. შორს არ ვართ იმ მოცემულობისგან, როდესაც წვდომა შეიძლება გაიხსნას ამ სექტორისთვის, თუმცა ბუნებრივია, სტანდარტების და ხარისხის ამაღლების გარეშე ეს რთული იქნება. სურსათის უვნებლობა პირველი წინაპირობაა, რომელიც დარგმა უნდა დააკმაყოფილოს. ეს დაკავშირებულია უვნებლობის, ხარისხის და სტანდარტების გარკვეული ნიშნულების დაკმაყოფილებასთან.
წარმოების რაოდენობას რაც შეეხება, ბაზრის გახსნა არ ნიშნავს, რომ მთლიანი ადგილობრივი წარმოება ეგრევე გავა. იქ კონკურენცია ძალიან დიდია და ევროკავშირის ბაზარი ისე არ მუშაობს, რომ მთლიანად გავიდეს პროდუქტი, მაგრამ გარკვეული სეგმენტის და მიმართულების გაჩენა იქნება საინტერესო. გვაქვს ადგილობრივი მიმართულებები, იქნება ეს ცისარტყელა კალმახი თუ სხვა, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს ასეთი ბაზრებისთვის, მაგრამ ამას სჭირდება კომპლექსური მუშაობა: ინტერვენცია, ფინანსური მხარდაჭერა, ცოდნის ინვესტირება და ფერმერებთან მუშაობა. ფერმერებმა კარგად იციან თავიანთი საჭიროებები, ისინი ძალიან ღია და მონდომებულები არიან თანამშრომლობისთვის, რასაც ჩვენ ვხედავთ არაერთი წელია”,-აცხადებს ჯუბა მარუაშვილი.