
Amazon-მა ხელოვნური ზოგადი ინტელექტის დეპარტამენტში შემცირება გამოაცხადა
Amazon-მა ხელოვნური ზოგადი ინტელექტის, AGI-ს მიმართულებით მომუშავე დეპარტამენტში საკადრო შემცირებები გამოაცხადა. როგორც ირკვევა, ოპტიმიზაცია იმ ჯგუფებს შეეხო, რომლებიც AI მოდელების პერსონალიზაციასა და სწავლების შემდგომ ეტაპებზე მუშაობენ.
კომპანიამ დათხოვილი თანამშრომლების ზუსტი რაოდენობის დასახელებაზე უარი განაცხადა, თუმცა მისმა წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ტექნოლოგიურ სექტორში არსებული სწრაფი დინამიკის ფონზე საჭირო გახდა პრიორიტეტების ხელახლა განსაზღვრა და რესურსების ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებზე გადანაწილება. შესაბამისად, AGI დეპარტამენტის AI მიმართულებაზე თანამშრომლების დიდი რაოდენობით შენარჩუნება ტექ-გიგანტმა საჭიროდ აღარ მიიჩნია.
აღსანიშნავია, რომ AGI სექტორი აქამდე Amazon-ის ტექნოლოგიური სტრატეგიის ცენტრალური ნაწილი იყო და სამომავლოდ კონკურენციის OpenAI-ს, Anthropic-სა და Google-სთვის გაწევას გეგმავდა. დეპარტამენტის ხელმძღვანელად გასული წლის დეკემბერში პიტერ დესანტისი დაინიშნა. მან მოგვიანებით CNBC-სთან ინტერვიუში აღიარა, რომ Amazon-ის AI მოდელები ყველაზე მასშტაბური ამოცანების შესასრულებლად ჯერ კიდევ არ იყვნენ მზად. სავარაუდოა, რომ სწორედ არსებული შედეგებით უკმაყოფილებამ გადააწყვეტინა აღმასრულებელ საბჭოს შემცირების გამოცხადება.
ცნობისთვის, Amazon-ის AGI დეპარტამენტი AI მოდელების შექმნასთან ერთად, ნახევარგამტარებისა და კვანტური გამოთვლების მიმართულებითაც მუშაობს. ჯგუფმა 2024 წელს ბაზარზე საბაზო მოდელების სერია Nova წარადგინა.
BM.GE
წყარო: bm.ge