
ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია
საქართველოში ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონას მიაღწევს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე მეტია. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ლევან ქვარიანმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში დაახლოებით 3 500 ტონა გაუტეხავი ნუში იწარმოებოდა. თუმცა, მიუხედავად წლევანდელი ზრდისა, სექტორი მოსავლის უფრო მაღალ მაჩვენებელს ელოდა.
„ეს არის ზრდა რიცხვებში, პროცენტულადაც კარგად ჩანს, თუმცა ეს მაინც ახალი ინდუსტრიაა. ჯერ ბაღებიც არ არის სრულ მსხმოიარობაში შესული და, სიმართლე გითხრათ, უფრო მეტ ზრდასაც ველოდით“, - განაცხადა ქვარიანმა.
მისივე თქმით, მოსავლიანობაზე გავლენა იქონია ამინდმა. გაზაფხულზე ქარმა და ყინვამ, ხოლო ზაფხულში უხვმა ნალექმა მოსავლის რაოდენობა შეამცირა. თუმცა, როგორც ქვარიანი აღნიშნავს, ნუშის ხარისხი გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია.
რაც შეეხება კაკალს, ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ამ მიმართულებითაც მოსავალი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, თუმცა საბოლოო შედეგები ჯერ არ არის ცნობილი.
ცნობისთვიის, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან კანგაცლილი ნუშის ექსპორტმა $739 ათასის 92 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის 43.2%-ით შემცირებას გულისხმობს. წელს, 7 თვეში მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო, შემდეგ კი ირანი და ბელარუსი.
ამასთან, წლის პირველ შვიდ თვეში კანგაცლილი ნუშის იმპორტზე საქართველომ $2.5 მილიონი დახარჯა, რაც წლიურად 2%-ით მეტია, მაშინ როცა იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა 21.9%-ით, 338 ტონამდე შემცირდა. იმპორტის საშუალო ფასი კი დაახლოებით 30%-ით გაიზარდა და კილოგრამზე $7.36 შეადგინა. მთავარი საიმპორტო ქვეყნები თურქეთი, ესპანეთი და აშშ იყვნენ.
BM.GE
წყარო: bm.ge