
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10
თანამედროვე მედიაინდუსტრიაში ყველაზე ცნობილი ტელეწამყვანების შემოსავალმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. გავლენიანი პოლიტიკური მიმომხილველებიდან და სატირიკოსებიდან დაწყებული, კულინარიული შოუების ვარსკვლავებითა და სპორტის ლეგენდებით დამთავრებული, ეკრანის წამყვანი სახეები გაცილებით მაღალ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელები ან თუნდაც აშშ-ის პრეზიდენტი. ტელემაუწყებლები და სტრიმინგ-პლატფორმები უპრეცედენტო თანხებს დებენ იმ წამყვანებში, რომლებსაც მილიონობით მაყურებლის მოზიდვა და მათი ლოიალობის შენარჩუნება შეუძლიათ.
მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანების ათეული Forbes-მა მოამზადა. რეიტინგს ხსნის და მე-10 პოზიციას იკავებს რეიჩელ მედოუ, რომლის წლიური შემოსავალიც 25 მილიონ დოლარს შეადგენს. მედოუ წლებია ტელეკომპანია MSNBC-ის მთავარი სახე და ამერიკული პოლიტიკური ანალიტიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. 2025 წელს, დონალდ ტრამპის ხელახალი საპრეზიდენტო ვადის პირველი 100 დღის გასაშუქებლად, მან ეთერში დაბრუნება კვლავ კვირაში 5 დღის სიხშირით გადაწყვიტა - რაც არხის სტრატეგიული ნაბიჯი იყო, რეიტინგებისა და გავლენის გასაზრდელად.
მე-9 პოზიციას ასევე 25 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავლით კონსერვატორი მიმომხილველი შონ ჰენითი იკავებს, რომელიც Fox News-ის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. როგორც საკაბელო ტელევიზიების ისტორიაში პრაიმ-ტაიმის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე წამყვანი, ჰენითი უკვე 20 წელზე მეტია არხის საღამოს ბადის ცენტრალური ფიგურაა.
რეიტინგში მე-8 ადგილს 26 მილიონი დოლარით ყოფილი პროფესიონალი სპორტსმენი, ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი მაიკლ სტრეიჰენი იკავებს. New York Giants-ში გატარებული 15 სეზონისა და Super Bowl-ში გამარჯვების შემდეგ, სტრეიჰენმა წარმატებით გადაინაცვლა სპორტულ მაუწყებლობაში, რის შემდეგაც ტელეკომპანია Fox-მა იგი მატჩებისწინა ანალიტიკურ გუნდში მიიწვია. თუმცა სტრეიჰენი მხოლოდ სპორტით არ შემოფარგლულა: 2012 წელს ის დილის ტოქშოუს თანაწამყვანი გახდა, მოგვიანებით კი გადაცემა „დილა მშვიდობისა, ამერიკას“ წამყვანის პოზიციაც დაიკავა. მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი პროექტი გახდა განახლებული სატელევიზიო ვიქტორინა „100 000-დოლარიანი პირამიდა“, რომელმაც მას სტაბილური რეიტინგი და დამატებითი შემოსავალი მოუტანა, რის შედეგადაც 2025 წელს მისმა ჯამურმა შემოსავალმა 26 მილიონ დოლარს მიაღწია.
მე-7 პოზიციას ცნობილი მედიასახე რაიან სიკრესტი იკავებს, რომლის წლიურმა შემოსავალმაც 29 მილიონი დოლარი შეადგინა. სიკრესტი ათწლეულებია ამერიკული გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი წამყვანია. ის 2002 წლიდან უცვლელად უძღვება მუსიკალურ მეგაშოუს „ამერიკული კერპი“, ხოლო 2024 წელს საკულტო გადაცემა „იღბლის ბორბლის“ წამყვანის პოსტზე პეტ საჯაკი შეცვალა. სატელევიზიო პროექტების გარდა, მის ყოველდღიურ რადიოშოუს მილიონობით მსმენელი ჰყავს და წელიწადში 10 მილიონ დოლარზე მეტი მოაქვს. ექსპერტების შეფასებით, მისი რეალური შემოსავალი კიდევ უფრო მაღალია, თუ გავითვალისწინებთ მის პროდიუსერულ კონტრაქტებსა და სარეკლამო გარიგებებს.
მე-5 და მე-6 ადგილებს 30-30 მილიონ დოლარიანი შემოსავლით სასამართლო შოუების ლეგენდა ჯუდი შეინდლინი და სატირიკოსი ჯონ ოლივერი ინაწილებენ.
გადაცემა „მოსამართლე ჯუდის“ ორიგინალური სასამართლო შოუ 25 სეზონის განმავლობაში, 2021 წლამდე გადიოდა ეთერში, პიკის პერიოდში დღეში 10 მილიონზე მეტ მაყურებელს იზიდავდა და ტელეკომპანია CBS-ისთვის უზარმაზარ სარეკლამო შემოსავალს აგენერირებდა. 2017 წელს შეინდლინმა ისტორიული გარიგება დადო და შოუს სრული არქივი CBS-ს 95 მილიონ დოლარად მიჰყიდა. ძირითადი პროექტის დახურვის შემდეგ კი მან მაყურებელი ციფრულ პლატფორმაზე გადაიყვანა.
რაც შეეხება ჯონ ოლივერს, მისმა საავტორო გადაცემამ „გასული კვირა ამ საღამოს“ ტელეკომპანია HBO-ზე 2026 წელს უკვე მე-13 სეზონი დაიწყო. არხმა მასთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა, რაც წელიწადში 30 მილიონ დოლარს, ანუ თითო ეპიზოდზე დაახლოებით 1 მილიონ დოლარს შეადგენს. ოლივერის ფორმატმა, რომელიც ტრადიციული სატელევიზიო იუმორის ნაცვლად სიღრმისეულ საგამოძიებო თემებზეა ორიენტირებული, მრავალი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. გადაცემის ცალკეული სეგმენტები ხშირად რეალურ პოლიტიკურ დისკუსიებს იწვევს, ხოლო YouTube-ზე მის ვიდეოებს რეგულარულად 10 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
რეიტინგში შემდეგი ბლოკი კულინარიულ ინდუსტრიას ეთმობა, სადაც მე-2, მე-3 და მე-4 ადგილებს ერთდროულად სამი შეფმზარეული ინაწილებს - თითოეულის წლიური შემოსავალი 33 მილიონი დოლარია.
პირველი მათგანი ბრიტანელი რესტორატორი გორდონ რამზია, რომლის შემოსავლის ძირითად წყაროს Fox-ის პოპულარული რეალითი-შოუები - „ჯოჯოხეთის სამზარეულო“ და „მასტერშეფი“ წარმოადგენს. 2025 წელს რამზიმ ახალი საკონკურსო პროექტი „საიდუმლო სამსახური“ წამოიწყო, დააანონსა „ჯოჯოხეთის სამზარეულო ბრიტანეთის“ დაბრუნება და გახსნა რამდენიმე ახალი რესტორანი, მათ შორის ლონდონში და კალიფორნიის Disneyland-ში.
რამზისთან ერთად 33 მილიონი დოლარით მე-2 ადგილზეა ბობი ფლეი. მიუხედავად იმისა, რომ ფლეი არ გამოირჩევა რადიკალური ეკრანული თეატრალიზებით, მისი საავტორო პროექტები - „დაამარცხე ბობი ფლეი“, „ბარბექიუს ორთაბრძოლა“ და „ბობის სამმაგი საფრთხე“ წლებია არხის ყველაზე რეიტინგულ გადაცემებს შორისაა, რაც მისთვის სტაბილურ მრავალმილიონიან კონტრაქტებს უზრუნველყოფს.
33-მილიონიანი შემოსავლით სამეულს ასრულებს გაი ფიერი, რომელსაც მაყურებელი „გემოების ქალაქის მერად“ იცნობს. ფიერი უკვე 20 წელზე მეტია უძღვება ისეთ პოპულარულ შოუებს, როგორიცაა „სასადილოები, დრაივები და უბნის კაფეები“ , „გაის გასტრონომიული თამაშები“ და „ჩემპიონთა ტურნირი“, რომელიც 2026 წელს მორიგი სეზონით განახლდა.
მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანების რეიტინგის 1-ელ ადგილს ამერიკული ფეხბურთის ლეგენდა ტომ ბრეიდი იკავებს, რომლის წლიური შემოსავალიც 37.5 მილიონ დოლარს შეადგენს. Super Bowl-ის 7-გზის ჩემპიონმა სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ სატელევიზიო ინდუსტრიაში უპრეცედენტო გარიგება დადო: 2024 წელს იგი Fox Sports-ის წამყვანი ანალიტიკოსი გახდა 10-წლიანი, 375 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტით. ბრეიდის წლიური ჰონორარი თითქმის 94-ჯერ აღემატება აშშ-ის პრეზიდენტის ხელფასს, რაც სპორტული მაუწყებლობის ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია და პირდაპირი ეთერის წამყვანების ანაზღაურების სრულიად ახალ სტანდარტს აწესებს.
BM.GE
წყარო: bm.ge