მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ანაკლია", გაზის კონტრაქტი, "იგლ ჰილსი" - პარტია "გახარია საქართველოსთვის" მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში იბარებს
"ანაკლია", გაზის კონტრაქტი, "იგლ ჰილსი" - პარტია "გახარია საქართველოსთვის" მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში იბარებს

"ანაკლია", გაზის კონტრაქტი, "იგლ ჰილსი" - პარტია "გახარია საქართველოსთვის" მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში იბარებს

BM.GE16 ნოემბერი, 2026, 20:33|bm.ge

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ვიცე-პრემიერ მარიამ ქვრივიშვილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს. ფრაქცია „საქართველოსთვის“ მინისტრს 27 წერილობით კითხვას უგზავნის, რომლებიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, არაბულ საინვესტიციო პროექტს „იგლ ჰილსი“, სახელმწიფო მიწების გასხვისებას, ენერგეტიკულ პოლიტიკასა და გაზის მიწოდების კონტრაქტებს ეხება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის, შალვა პაპუაშვილისთვის გაგზავნილი წერილის თანახმად, ინტერპელაცია 2026 წლის 24, 25 ან 26 ნოემბერს უნდა გაიმართოს. ფრაქცია პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვს, წერილობითი შეკითხვები ადრესატს, ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს გადასცეს.

I. შავი ზღვის პორტები

• რა ვითარებაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელმაც სამთავრობო პროგრამის მიხედვით ოპერირება 2029 წელს უნდა დაიწყოს? ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ანაკლია პირველ გემს 2029 წელს მიიღებს. რამდენად რეალისტურია ეს ვადა მაშინ, როცა პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობაზე ჯერ ტენდერიც არ გამოცხადებულა? • დაასახელეთ კონკრეტული მიზეზები/ფაქტორები, რატომაც ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმ CCCC-თან რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ასევე განმარტეთ, ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით ანაკლიის პორტის აშენების გადაწყვეტილება ჩინურ კონსორციუმთან მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყვიტეთ? თუ ეს მოდელი ყველაზე „ეროვნული“ და გამართლებული იყო, თავიდანვე რატომ არ გააკეთა სახელმწიფომ არჩევანი ამ მოდელზე და ამდენი დრო რატომ დაკარგეთ? • გაზრდის თუ არა საქართველო თავის სატრანზიტო პოტენციალს შავ ზღვაზე და რომელი პერიოდისათვის? კერძოდ, ანაკლიის პორტის პარალელურად, იგეგმება თუ არა ბათუმისა და ფოთის პორტების გაფართოება? ფოთის პორტის გაფართოების $300-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის საკითხი, რაზედაც ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია APM Terminals-სა და საქართველოს მთავრობას შორის კომუნიკაცია 2018 წლიდან მიმდინარეობს, ამ დრომდე ღიაა. რა არის მთავარი პრობლემური საკითხები, რატომაც ინვესტორთან მოლაპარაკება ვერ შედგა და რატომ ფერხდება ინვესტიციები?

II. არაბული ინვესტიცია – „იგლ ჰილს საქართველო“

• პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადების თანახმად, 2026 წლის მეორე ნახევრიდან სამშენებლო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო. თუმცა, კრწანისსა და გონიოში ჯერ არანაირი სამშენებლო პროცესი არ მიმდინარეობს, მიუხედავად დაპირებისა. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ვადების დარღვევას კვლავ ჰქონდეს ადგილი. განგვიმარტეთ, თუ ინვესტორი ვადებს არ დაიცავს და პირობებს დაარღვევს, როგორი იქნება სახელმწიფოს რეაგირება? ასევე მოგვაწოდეთ ინფორმაცია, როდის განხორციელდება დაპირებული 6.6 მილიარდიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია და რა ფორმით განხორციელდება პირველი ტრანში არაბული მხარის მიერ ერთობლივი საწარმოს „იგლ ჰილს საქართველოს“ კაპიტალში? ასევე გვითხარით, რატომ არის გასაიდუმლოებული ხელშეკრულების პირობები? თქვენ ამას კომერციული ნაწილის კონფიდენციალურობით ხსნით, მაგრამ ხომ შეგიძლიათ საჯარო გახადოთ ზოგადი პირობები? • როგორ შეაფასებთ ბათუმში ჭოროხის დელტის მიმდებარედ 270 ჰექტარ მიწაზე (გონიოს დასახლება) და კრწანისის ტყეპარკში არაბული ინვესტიციების განხორციელებას ეკოლოგიური რისკების თვალსაზრისით, ანუ როგორ იმოქმედებს აქ დაგეგმილი მშენებლობა ეკოლოგიაზე, გარემოზე, რადგანაც აღნიშნული ტერიტორიები წარმოადგენს დაცულ მიკრო ზონებს? არაბულ მხარესთან ხელშეკრულების გაფორმებამდე, ჩაატარეთ თუ არა ეკოლოგიური რისკების კვლევა?

III. ადგილობრივი წარმოება

• ფასების საპარლამენტო კომისიაზე მოწვეული დისტრიბუტორებისა და მარკეტების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ სარეალიზაციო პროდუქციის 80 პროცენტს იმპორტირებული პროდუქცია შეადგენს, მეტიც – ადგილობრივი მწარმოებლების უმრავლესობა საუბრობდა იმ გარემოებაზე, რომ მათი პროდუქციის დასამზადებლად საჭირო ნედლეულის 90–100% იმპორტირებულია, რაც განაპირობებს ფასების ზრდას და არასტაბილურობას. თქვენ, როგორც ეკონომიკის მინისტრი, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ვერ მოახერხეთ იმპორტდამოკიდებულების შემცირება და ადგილობრივი წარმოების იმ დონეზე განვითარება, რომ მოთხოვნის დიდი ნაწილი სწორედ ადგილობრივი პროდუქციით იყოს დაკმაყოფილებული, რაც ქართულ ბაზარს დაიცავდა გლობალური შოკებისგან და სავალუტო კურსის ცვალებადობის გავლენისგან? რა გეგმა გაქვთ იმისთვის, რომ იმპორტდამოკიდებულება შემცირდეს და კონკრეტულად რა ვადებში აპირებთ ამ პრობლემის დაძლევას?

IV. სახელმწიფო მიწები და საწარმოები

• რატომ იქცა სახელმწიფო მიწების გასხვისება პრაქტიკულად დახურულ პროცესად, სადაც მოქალაქეები გადაწყვეტილებების შესახებ ხშირად მხოლოდ მას შემდეგ იგებენ, რაც სტრატეგიული აქტივები უკვე გადაცემულია კონკრეტული კომპანიებისთვის? განსაკუთრებით ისეთი სამწუხარო რეალობების დროს, როდესაც სახელმწიფო ათასობით ჰექტარ მიწას გადასცემს უცხოელ ინვესტორებს, ხოლო საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი საკუთარი მიწის დაკანონებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებს და რეალურად საზოგადოება დადგა ისეთი რეალობის წინაშე, რომ ეკონომიკის სამინისტრო უფრო ინვესტორების ინტერესების დამცველად გვევლინება, ვიდრე იმ მოქალაქეების ინტერესების დამცველად, რომლებიც ვითომდა საინვესტიციო პროექტების გამო კარგავენ მიწებს და საარსებო წყაროს? • რატომ არ ქვეყნდება სრულად იმ კომპანიების და საბოლოო ბენეფიციარების სია, რომლებმაც ბოლო წლებში სახელმწიფო მიწები, ტყეები და წყლის რესურსები და ზოგადად ბუნებრივი რესურსები მიიღეს? ხომ არ იქცა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ისეთ მოდელად, სადაც სახელმწიფოს და ხალხის კუთვნილი ბუნებრივი რესურსები გასამდიდრებლად გადაეცემა კერძო ინტერესებს, ხოლო სოციალური და ეკოლოგიური ზიანი რჩება მოსახლეობას? ან კიდევ რატომ არ ხდება ეკონომიკის სამინისტროს მიერ იმ პროექტების ეფექტიანობის შეფასება, რომლებმაც სახელმწიფო ინვესტიციების, სახელმწიფოსგან გადაცემული ქონების თუ მიღებული სხვადასხვა დახმარების და ხელშეწყობის მიუხედავად ვერ შექმნეს დაპირებული სამუშაო ადგილები და ეკონომიკური ეფექტი? • ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციის შედეგად, 700 მლნ ლარი დაიზოგა. გთხოვთ, დეტალურად, სახელმწიფო საწარმოების მიხედვით, მოგვახსენოთ, სად რამდენი მილიონი დაიზოგა? ასევე, მოგვახსენეთ, დაზოგილი 700 მილიონი ლარის მიზნობრიობა.

V. ენერგეტიკა და სატრანზიტო ინფრასტრუქტურა

• რატომ გაითიშა 2026 წლის 24–25 ივლისს და 5 აგვისტოს რამდენიმე საათით, მთელი საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია? ვინ აგო პასუხი ელექტროენერგიის გათიშვის გამო? შეისწავლეთ თუ არა ეს საკითხი სრულყოფილად და რა გარანტია გვაქვს, რომ ასეთი მასშტაბური გათიშვა აღარ განმეორდება? • რატომ არ არსებობს დღემდე ერთიანი ანგარიში და მიდგომები, რომელმაც რეალურად უნდა აჩვენოს კონკრეტულად რომელი ჰესი რამდენად ამცირებს საქართველოს ენერგოდამოკიდებულებას და ამავე დროს რამდენად ამართლებს მის მიერ გამოწვეულ გარემოსდაცვით და სოციალურ ზიანს? ისევე როგორც რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ, რომ ჰესების მშენებლობისას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი ხშირად იგნორირებულია, ხოლო გადაწყვეტილებები წინასწარ უკვე შეთანხმებულია? • როგორ შეიძლება სახელმწიფო მოსახლეობას ენერგოდამოუკიდებლობაზე ესაუბროს, როდესაც ზამთარში ქვეყანა მაინც ელექტროენერგიის იმპორტზე რჩება დამოკიდებული და მეორეს მხრივ, კიდევ რამდენად რეალურია ენერგოდამოუკიდებლობის არგუმენტი, როდესაც რიგ შემთხვევებში ჰესების მიერ გამომუშავებული ენერგია ექსპორტზე გადის, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას ელექტროენერგიის სიძვირის გამო ელექტროენერგიაზე სისტემატურად ტარიფებს უზრდით? • „მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც ამ პროექტს დააბრუნებს“ – ეს განცხადება ნამახვანჰესთან დაკავშირებით 8 მარტს, ტვ იმედთან ინტერვიუში გააკეთეთ. გთხოვთ, დეტალურად განმარტოთ, რა სტრატეგია აქვს სახელმწიფოს ე.წ. დიდ ჰესებზე, რომელთა მიმართ მოსახლეობის განწყობა ნეგატიურია. რა კეთდება და ბოლო 5 წელიწადში რა გაკეთდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის? ხუდონჰესის და ნენსკრაჰესის პროექტებისთვის გყავთ თუ არა ინვესტორები? როდის დაიწყება პროექტების განხორციელება? • რატომ არ ტარდება საჯარო საპარლამენტო განხილვები იმ სტრატეგიულ ეკონომიკურ შეთანხმებებზე, რომლებიც ბუნებრივ რესურსებს, ენერგეტიკასა და სატრანზიტო ინფრასტრუქტურას ეხება? მაგ: მოქმედებს თუ არა ამჟამად რაიმე სახის შეთანხმება ან/და გაფორმდა თუ არა ბოლო პერიოდში ახალი ხელშეკრულება აზერბაიჯანულ მხარესთან, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთკავკასიურ მილსადენში (ბაქო-თბილისი-ერზერუმი) საქართველოს კუთვნილი სატრანზიტო მოცულობების (კვოტების) დროებით, გრძელვადიან ან მუდმივ დათმობას ან გადაცემას? და თუ ეს ასეა იქნებ განგვიმარტოთ არის თუ არა აღნიშნული შეთანხმება რაიმე ფორმით დაკავშირებული ყაზახი-საგურამოს მაგისტრალური მილსადენის გამტარუნარიანობის ცვლილებასთან? აგრეთვე, რა მოცულობის ბუნებრივი აირის მიღებაა ტექნიკურად შესაძლებელი ყაზახი-საგურამოს მილსადენის მეშვეობით, რა მდგომარეობაშია ამჟამად აღნიშნული ინფრასტრუქტურა და არსებობს თუ არა მისი ამორტიზაციის ან ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სხვა რისკები? • გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში გაზის მოხმარების ზრდის პარალელურად, რა წყაროებით იგეგმება გაზმომარაგების დეფიციტის შევსება? ხომ არ განიხილება „გაზპრომიდან“ (რუსეთის ფედერაცია) იმპორტის წილის ზრდა? ასევე გთხოვთ, გვითხრათ, აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან გაზმომარაგების სფეროში მოქმედი ხელშეკრულებების მოქმედების ვადებისა და ძირითადი პირობების შესახებ. • მაისში, საქართველოს მთავრობამ ბაქოში გააფორმა მთავრობათაშორისი შეთანხმება, მათ შორის ე.წ. დამატებითი გაზის კონტრაქტზეც, რომელსაც 2026 წლის ბოლოს ეწურებოდა ვადა. გთხოვთ, განმარტოთ, ე.წ. დამატებითი გაზის კონტრაქტი „სამხრეთკავკასიური მილსადენის კონსორციუმთან“ გახანგრძლივდა თუ ახალ კონტრაქტთან გვაქვს საქმე, სადაც მეორე მხარე აზერბაიჯანის სახელმწიფოა კომპანია „სოკარის“ სახით? • ე.წ. დამატებითი გაზის კონტრაქტით საქართველო 2026 წლის მერეც მიიღებს 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს „სამხრეთკავკასიური მილსადენის კონსორციუმიდან“? თუ არა, რატომ? და ასევე, რამდენად შეღავათიანი იქნება ტარიფი გლობალურ ბაზარზე გაზის გაძვირების ფაქტორის გათვალისწინებით? • სემეკის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, ბოლო 5 წელიწადში რუსეთიდან გაზის იმპორტი 4-ჯერაა გაზრდილი (2020 წელი - 204 მლნ კუბური მეტრი გაზი, 2025 - 886 მლნ კუბური მეტრი გაზი). რატომ გაიზარდა რუსულ გაზზე დამოკიდებულება და რატომ ვერ ხერხდება მეტი აზერბაიჯანული გაზის შესყიდვა? • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება გაზმომარაგების კონტრაქტთან დაკავშირებით, რამაც სავარაუდოდ, საქართველოსთვის პირობები გააუარესა. სუსში ამ თემაზე ბრიფინგი მიმდინარე წლის 18 თებერვალს გაიმართა. გამოკითხვაზე იმყოფებოდა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილიც, რომელიც მაისიდან, SOCAR-მა Italiana Petroli-ს გენერალურ დირექტორად დაინიშნა. ეკონომიკის სამინისტროს დღევანდელ მენეჯმენტთანაც აქვს თუ არა სუსს კითხვები? თქვენი ინფორმაციით, რას შეეხება სუსში მიმდინარე გამოძიება? ხომ არ უკავშირდება ის ე.წ. სამხრეთკავკასიური მილსადენის დროებით დათმობას აზერბაიჯანული კომპანია „სოკარის“ თხოვნით? თუ კი, და ქვეყანა შესაძლოა დაზარალდა, რატომ გრძელდება აღნიშნული პირობით თანამშრომლობა? • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ მკვეთრად გაიზარდა, რაც ნავთობპროდუქტების ექსპორტის დამსახურებაა. საქსტატის თანახმად, საქართველომ ნავთობის გადამუშავება და უცხოეთში გაყიდვა დაიწყო. 2025 წლის იანვართან შედარებით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სექტორში ზრდამ 3000%-ს გადააჭარბა და ადგილობრივი ექსპორტის უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში პირველი ადგილი დაიკავა. განგვიმარტეთ, უკავშირდება თუ არა ნავთობის ექსპორტის გაზრდა ყულევის ნავთობტერმინალს ან ქარხანას? როგორც ცნობილია, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ამ ეტაპისთვის არასრული დატვირთვით მუშაობს. თუ ასეა, როგორ ხერხდება ამ მოცულობის ნავთობის გადამუშავება, რასაც გაცილებით დიდი სიმძლავრეები სჭირდება, რაც ამ ეტაპზე საქართველოს არ გააჩნია?

VI. ეკონომიკური მაჩვენებლების შესაბამისობა მოსახლეობის კეთილდღეობასთან

• როგორ უნდა ენდოს საზოგადოება ეკონომიკურ მაჩვენებლებს, როდესაც ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდება ემიგრაცია, სიღარიბე, მოსახლეობის სოციალური სიდუხჭირე და მკვეთრად მცირდება ქვეყანაში შობადობა და ა.შ. რატომ ვერ ახერხებს სამინისტრო ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას, რომელიც ახალგაზრდებს საქართველოში დარჩენის და არა ემიგრაციაში წასვლის მოტივაციას მისცემდა და რატომ ვერ გრძნობს საქართველოს მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში ეკონომიკური ზრდის შედეგებს? როგორ ხსნით იმ ფაქტს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი მწვავე სოციალური პრობლემების წინაშე დგას, პენსია მხოლოდ 20 ლარით იზრდება, რაც გაზრდილი ინფლაციის ფონზე გაუფასურებულია, მინიმალური ხელფასი კანონით მხოლოდ 20 ლარს შეადგენს, ასობით ათასი ადამიანი სოციალური დახმარების მოლოდინშია, ყოველი მესამე ბავშვი კი საარსებო შემწეობაზეა დამოკიდებული? სად მიდის მაღალი ეკონომიკური ზრდა და რატომ არ ნაწილდება მისი სარგებელი თანაბრად საქართველოს მოქალაქებზე? • როგორ შეაფასებდით პროპორციულ კავშირს ეკონომიკურ ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შორის, როცა 2012 წლიდან 2025 წლამდე ნომინალური ეკონომიკის 270–275 პროცენტით, ხოლო რეალური ეკონომიკის 80–85 პროცენტით ზრდამ გამოიწვია დასაქმების მხოლოდ 15 პროცენტით ზრდა. აქვს თუ არა სამინისტროს უმუშევრობის ბუნებრივ დონემდე (3-5%-მდე) შემცირების პოლიტიკა და დაახლოებით რა მოცულობით უნდა გაიზარდოს მშპ მაშინ, როცა სტატისტიკური მონაცემებით უმუშევრობა ეკონომიკური ზრდის ფონზეც იზრდება. • რა არის მიზეზი იმისა, რომ ეკონომიკის ზრდა ძირითადად ტრანზიტზე, რეექსპორტზე და გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული, ხოლო ადგილობრივი წარმოება ან არ ვითარდება ან კიდევ სუსტად ვითარდება და რეალურად ვღებულობთ და მივდივართ იმ ვითარებამდე, რომ სახელმწიფო სტრატეგიულ რესურსებს – მიწას, წყალს, ენერგორესურსებს – ეტაპობრივად თმობს, ხოლო მოქალაქეებს სანაცვლოდ მხოლოდ სტატისტიკური „ეკონომიკური ზრდა“ რჩებათ? • 2026 წლის 6 თვეში საქართველოში 750 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 21%-ით ანუ 210 მილიონი დოლარით ნაკლებია, ვიდრე შარშანდელი FDI. ზედიზედ ორი კვარტალია კლებაა. მეორე კვარტალში FDI-ის შემცირება, საქსტატის თანახმად, რეინვესტირების კლებითაა განპირობებული. რატომ მცირდება ინვესტიციები? რა ახალი ხედვა და კონკრეტული გეგმა აქვს სამინისტროს/ინვესტიციების სააგენტოს, რომ მოიზიდოს დასავლური ინვესტიციები და რამდენად რეალურია ეს დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობების თუ სანქცირებული მოსამართლეების პირობებში?

VII. ფასების ზრდა და მინიმალური ხელფასი

• ირაკლი კობახიძე 2025 წლის დეკემბერში ჩაწერილ ვიდეომიმართვაში სასურსათო პროდუქტებზე საქართველოსა და ევროპაში ფასების დიდ სხვაობაზე საუბრობდა. მან კონკრეტული პროდუქტების მაგალითებიც მოიყვანა და თქვა, რომ მაგალითად საფრანგეთში ზეთი 34, მაკარონი 97, ბრინჯი 180 პროცენტით ძვირია ვიდრე საქართველოში. მაისის დასაწყისში კი იგივე კობახიძის განცხადებით, მთავრობა მივიდა დასკვნამდე, რომ იგივე საფრანგეთში იდენტური პროდუქტის შეძენა 50 პროცენტით ძვირია. იყავით თუ არა თქვენ, როგორც ეკონომიკის მინისტრი, მთავარი წყარო პრემიერისთვის, როცა დეკემბერში მიაწოდეთ ინფორმაცია საქართველოსა და ევროპაში ფასთა შორის სხვაობაზე? ინფორმაციის მთავარი წყარო თუ თქვენ იყავით, მაშინ განგვიმარტეთ, როგორ მოხდა ასეთი უზუსტობის დაშვება ისეთი კომპეტენტური უწყების მხრიდან, როგორიც ეკონომიკის სამინისტროა და თუ თქვენ არ იყავით წყარო, მაშინ განგვიმარტეთ, როგორ დაუშვით, რომ პრემიერს ეკონომიკის თემაზე, რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რამდენიმე თვეში სრულიად განსხვავებული მონაცემებით ესაუბრა და საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა? • გასული წლის დეკემბერში ირაკლი კობახიძე ასევე საუბრობდა მაღალ – საზღვრიდან საშუალოდ 86 პროცენტიან ფასნამატზე, ასევე საცალო მარკეტების უსამართლოდ მაღალ მოგების მარჟებზე – 7, 8, 14 პროცენტზე, როდესაც მისივე თქმით, ევროპაში მარკეტების მოგების მარჟა 2 პროცენტია. კობახიძე ასევე საუბრობდა მარკეტების ქსელებს შორის არსებულ კარტელურ გარიგებებზე, რომლის აღსაკვეთად ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ამოქმედებას აანონსებდა და სამართალდამცავებსაც კი მოუწოდებდა იმის დადგენას, იყო თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. კობახიძის განცხადებიდან 4 თვეში, 2026 აპრილის ბოლოს, პარლამენტში შექმნილმა ფასების დროებითმა კომისიამ კი თავის დასკვნაში ირაკლი კობახიძის ყველა აქცენტი უარყო და მკაფიოდ თქვა, რომ საქართველოში არც კარტელური გარიგებებია, რადგან კონკურენცია ევროპულ სტანდარტებს არ ჩამოუვარდება და მარკეტების ფასნამატიც და მოგების მარჟაც ნორმის ფარგლებშია. თქვენ, როგორც ეკონომიკის მინისტრი, ვის ინფორმაციას უფრო სარწმუნოდ მიიჩნევთ? ირაკლი კობახიძის თუ ფასების საპარლამენტო კომისიის? და როგორ ხსნით იმ ფაქტს, რომ მთავრობის მეთაურისა და მისივე საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციებში რადიკალური სხვაობაა? თქვენ თავად, როგორც ეკონომიკის მინისტრი, როგორ ხსნით გაზრდილი ფასების პრობლემას და რა გზას გვთავაზობთ ამ პრობლემის დასაძლევად? • როგორც თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს, ჩვენი გუნდი, ფრაქცია „საქართველოსთვის“ არის ინიციატორი საქართველოში მინიმალური ხელფასის 1050 ლარით კანონით განსაზღვრის, რისთვისაც პარლამენტში დავაინიცირეთ შესაბამისი კანონპროექტი, რასაც, სამწუხაროდ, იმ პარტიამ, რომლის პოლიტიკური საბჭოს წევრიც თქვენ ბრძანდებით, მხარი არ დაუჭირა და საქართველოს მოქალაქე მის მიერ გაწეული შრომისთვის შეუსაბამოდ დაბალი ანაზღაურებისთვის და სოციალური უთანასწორობისთვის გაწირა. მეტიც, ოცნების უმრავლესობამ, არათუ მინიმალური ხელფასის კანონპროექტს, არამედ ამ თემაზე დროებითი სამუშაო კომისიის შექმნაც ჩააგდო, რომ ერთად გვემსჯელა და გამოგვეკვლია ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი და საერთო კონსენსუსამდე მივსულიყავით. თქვენ, როგორც ეკონომიკის მინისტრი, როგორ ხსნით თქვენი პარტიის მიერ ადეკვატური და სამართლიანი მინიმალური ხელფასის დაწესების ჩაგდებას და თავად თქვენ, როგორც ეკონომიკის მინისტრს, რა არგუმენტები გაქვთ მინიმალური ხელფასის კანონით განსაზღვრის საწინააღმდეგოდ? პირდაპირ და მკაფიოდ უთხარით ჩვენს მოქალაქეებს, რატომ არ იმსახურებენ ისინი სამართლიანი მინიმალური ხელფასის დაწესებას და რატომ უნდა იყოს მათი შრომა იაფი ამ ქვეყანაში?

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მუხრანში კუსტარულად მოწყობილ ცხოველთა სასაკლაოს წარმოება შეუჩერდა | სეს

მუხრანში კუსტარულად მოწყობილ ცხოველთა სასაკლაოს წარმოება შეუჩერდა | სეს

BM.GE

ინფლაციის მთავარი მდგენელი საგარეო შოკია - ნათია თურნავა

ინფლაციის მთავარი მდგენელი საგარეო შოკია - ნათია თურნავა

BM.GE

წყალტუბოს დაბალი ცნობადობა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობა ინვესტიციების მოზიდვას აფერხებს – მაია წერეთელი

წყალტუბოს დაბალი ცნობადობა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობა ინვესტიციების მოზიდვას აფერხებს – მაია წერეთელი

BM.GE

Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა

Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა

BM.GE