
წყალტუბოს დაბალი ცნობადობა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობა ინვესტიციების მოზიდვას აფერხებს – მაია წერეთელი
წყალტუბოში ინვესტიციების მოზიდვას კურორტის დაბალი ცნობადობა, არასაკმარისად განვითარებული ინფრასტრუქტურა და კვალიფიციური კადრებისა და სამუშაო ძალის დეფიციტი აფერხებს. სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტი მაია წერეთელი BM.GE-სთან საუბრისას სწორედ ამ ფაქტორებს ასახელებს და მიიჩნევს, რომ არსებული ბარიერები კურორტით როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების დაინტერესებას ზღუდავს.
წყალტუბოში 10 ყოფილი სანატორიუმის შესყიდვით ინვესტორები ამჯერადაც არ დაინტერესდნენ. ქონების ეროვნულმა სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონები არ შედგა. შესაბამისი აუქციონები 15 ოქტომბერს გამოცხადდა და 13 ნოემბერს დასრულდა. ობიექტების საწყისი საპრივატიზებო ფასები ჯამში 49.2 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო გამარჯვებულ ინვესტორებს ტერიტორიების განვითარებისთვის ჯამურად არანაკლებ 314 მლნ ლარის (დღგ-ის გარეშე) ინვესტირების ვალდებულება უნდა აეღოთ.
მაია წერეთლის შეფასებით, საბჭოთა პერიოდში წყალტუბო ცნობილი გამაჯანსაღებელი კურორტი იყო, თუმცა დღეს მისი ცნობადობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. შედეგად, კურორტის პოტენციალი სათანადოდ არ არის წარმოჩენილი და ინვესტორებისთვის მისი შესაძლებლობები ნაკლებად ცნობილია.
„ვფიქრობ, მთავარი გამოწვევა წყალტუბოს დაბალი ცნობადობაა. საბჭოთა პერიოდში ის საკმაოდ ცნობილი გამაჯანსაღებელი მიმართულება იყო და ბევრი ვიზიტორი სტუმრობდა, თუმცა დღევანდელი რეალობა მნიშვნელოვნად განსხვავდება. ახლა წყალტუბო ნაკლებად ცნობილია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის. ამას ემატება ინფრასტრუქტურის ნაკლებობაც, რაც ინვესტიციების მოზიდვას ართულებს“, – აცხადებს მაია წერეთელი.
მისივე თქმით, რეგიონებში ტურისტული პროექტების განვითარებისთვის დამატებითი დაბრკოლებაა კვალიფიციური კადრებისა და სამუშაო ძალის ნაკლებობა.
„კადრების ნაკლებობა საქართველოს რეგიონებში კვლავ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. სამუშაო ძალის არქონა ინვესტორისთვის სერიოზული პრობლემაა, თუმცა თუ წყალტუბოს უნიკალური მახასიათებლები და მისი, როგორც ტურისტული პროდუქტის, მთავარი უპირატესობები სწორად გამოიკვეთება და ინვესტორებს სათანადოდ გავაცნობთ, ვფიქრობ, მათი დაინტერესება გაიზრდება. თავისთავად, წყალტუბო, როგორც პროდუქტი, ძალიან საინტერესოა“, – აღნიშნავს წერეთელი.
კურორტის პოტენციალის ათვისებისთვის მაია წერეთელი ტურისტული ბრენდის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზეც საუბრობს. მისი შეფასებით, საქართველოში სხვადასხვა ტურისტული ლოკაციის მკაფიო პოზიციონირება და ბრენდინგი კვლავ გამოწვევად რჩება, მათ შორის წყალტუბოს შემთხვევაშიც.
„ზოგადად, საქართველოში სხვადასხვა ადგილის მიხედვით ბრენდინგის ნაკლებობა გვაქვს. წყალტუბოსაც არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული საკუთარი ბრენდი. სამედიცინო და ველნეს მიმართულება დღეს მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. თუ ამ შესაძლებლობას სათანადოდ გამოვიყენებთ და წყალტუბოს პოტენციალს სწორად წარმოვაჩენთ, კურორტის მიმართ ინტერესი აუცილებლად გაიზრდება“, – აცხადებს მაია წერეთელი.
BM.GE
წყარო: bm.ge